კვირას ღამით, ლას-ვეგასში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილის სასტუმროს ნომრიდან პოლიციამ 23 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. 64 წლის სტივენ პადოკის კუთვნილ რამდენიმე სახლში დამატებით 19 იარაღი იპოვეს. სასტუმროს ფანჯრიდან მის მიერ ატეხილი სროლის შედეგად, კონცერტზე მყოფი 59 ადამიანი დაიღუპა და 527 დაშავდა. მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერთო, პადოკმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
პოლიციისთვის უცნობი რჩება დანაშაულის ჩადენის მოტივი. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო და ნევადის შტატის პოლიცია ჯერჯერობით უსაფუძვლოდ მიიჩნევს. არც პადოკის საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებასთან რაიმე კავშირის კვალი ჩანს და არც სარწმუნოების შეცვლის ნიშნები იკვეთება.
პადოკის ოჯახი მომხდარისგან შოკშია და მის საქციელს ვერაფრით ხსნის. ძმა ერიკი ამბობს, რომ სტივენ პადოკს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკურ, ან რელიგიურ ჯგუფებთან. ჯერჯერობით არც მენტალური დაავადების, ან ფსიქიკური აშლილობის კვალი არ იკვეთება.
გამოძიებისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ 64 წლის პადოკი პროფესიონალი მოთამაშე და კაზინოების ხშირი სტუმარი იყო. მეზობლების მონათხრობის მიხედვით, ის არც მალავდა, რომ ფსონებზე ძალიან დიდ თანხებს დებდა და ხშირად იგებდა კიდეც. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, რამდენიმე უძრავი ქონების მეპატრონეს, არც ფინანსური პრობლემები გააჩნდა.
Facebook Forum