ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით


ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წევრმა და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯოდმარემ, ადამ კინზინგერმა საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე დაწერილი წერილი გამოქვეყნა. წერილში, რომელიც, მთლიანად, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელითაა დაწერილი ნათქვამია, რომ კონგრესმენები შოკირებულები არიან საქართველოში საარჩევნო რეფორმის ჩაგდებით.

წერილს, რომელიც კონგრესმენმა გამოქვეყნა, ხელს ის და დემოკრატი თანათავმჯდომარე ჯერალდ კონოლი აწერენ. ორივე მათგანი ავტორია საქართველოს მხარდამჭერი აქტისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ოქტომბერში დაამტკიცა.

კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებულ წერილში წერია, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფი შოკირებულია იმით, რაც საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მოხდა:

" ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტში ჩავარდა დაპირებული რეფორმები , რომლითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა დანერგილიყო. საქართველო ამ რეფორმებზე წლებია მუშაობს, ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს პირობა მიეცა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ, ქართველ ხალხს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია . იმედია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და დაამტკიცებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს."

წერილში ნათქვამია, რომ ქართველებს სურთ, რომ მთავრობა ხალხისთვის მუშაობდეს და მეტად დაუახლოვდეს ნატოსა და დასავლეთს. სწორედ ამ სურვილით ხსნიან კონგრესმენები ხალხის ქუჩებში გამოსვლასა და პროტესტს. იქვე საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია მთავრობამ პატივი სცეს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას და რომ შემაძრწუნებელია ცნობები დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების შესახებ.

წერილში ხაზია გასმული ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული პარნტიორისადმი ერთგულებაზე:

"საქართველო თითქმის სამი ათწლეულია აშშ-ის სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ახლახან, აჩვენა საქართველოს ერთგულება საქართველოს მხარდაჭერის აქტის, H.R. 598-ის დამტკიცებით, რომელიც ამბობს, რომ აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აცხადებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ უერთგულოს თავის პირობას ქართველი ხალხის მიმართ. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება მომავალ წლებში".

კონგრესმენი კინზინგერი ხშირად აკეთებს კომენტარს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ის ნოემბერში საქართველოშიც იყო ჩასული და მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. ასევე, ვიზიტის დროს მოინახულა ოკუპირებული ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს თქვენს სუვერენულ უფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ჩვენ გვწამს რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ერთგვარი გზავნილი ნატოს მისამართით“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, ბათუმში „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ რიგით მე-13 კონფერენციაზე გამოსვლისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG