ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წლის თავზე, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ადასტურებს.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში, კონგრესმენი ამბობს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნამდვილი ზრახვები გამოააშკარავა.
„ჩვენ ვიცით, როგორი დიქტატორია ვლადიმირ პუტინი, და როგორი ძალაუფლება სურს მას. ჩვენ ვიცით, რომ ის არაფრის ფასად არ გაჩერდება ამის მისაღწევად. ათლწლეულების განმავლობაში, რუსეთი ახდენს პროვოკაციას და თავს ესხმის დასავლურ ინსტიტუტებს და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა და მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა - გაანადგუროს დემოკრატია ყველგან, სადაც კი შეძლებს. შეერთებული შტატები და ჩვენი თავისუფლების მოყვარე მოკავშირეები უნდა აღუდგნენ წინ რუსულ აგრესიას და მორალურობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის უხეშ უგულვებელყოფას".
კონგრესმენმა ასევე დასძინა, რომ "ამ კვირას, როცა ჩვენ ხუთდღიან ომს ვიხსენებთ, მოდით, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი - და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველ ხალხს“.
სხვადასხვა წყაროს ინფორამციით, რუსულმა შენაერთებმა, საქართველოს საზღვარი ფარულად გადაკვეთეს. საქართველოს მხარემ ცეცხლის გახსნის გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივ გადაწვეტილებას სიტუაციის დეესკალაცია არ მოჰყვა. მოსკოვი დღემდე განაგრძობს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მოლაპარაკებული „ექვსპუნქტიანი“ შეთანხმების დარღვევას. შეთანხმების მეხუთე პუნქტით, რუსეთს საკუთარი სამხედროები კონფლიქტის წინა პოზიციებზე უნდა დაებრუნებინა, თუმცა რუსული ჯარი კვლავ რჩება ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში იყო წყალგამყოფი მომენტი ცივი ომის შემდგომ საერთაშორისო პოლიტიკაში (ერაყის ქუვეითში შეჭრის გამოკლებით), რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანა თავს დაესხა მეზობელს იმ მიზეზით, რომ არ მოსწონდა ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენები. "ვარდების რევოლუცია" რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მისი ინტერესების წინააღმდეგ იყო ასევე ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც გატარდა. ამ ომის დაწყებისთვის ისინი მოემზადნენ, მათ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში GRU-ს ოპერატიული თანამშრომლები ყავდათ, რომლებიც თავს აჩვენებდნენ დე ფაქტო მთავრობების წევრებად. ამან რეგიონებში ეთნიკურ ქართველებთან კონფლიქტი გააღვივა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით დასრულდა“, - ამბობს ბაიდენის ცენტრის ხელმძღვანელი და პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ კარპენტერი.
კარპენტერი აცხადებს, რომ დაუსჯელობამ რუსეთს შეუქმნა განცდა, რომ მას შეეძლო აგრესიული ქმედებების გაგრძელება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო ამერიკის, საფრანგეთის თუ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევა. „რუსეთისთვის ამას არ მოჰყვა არანაირი სასჯელი, ნული. საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო ექვსპუნტქტიანი შეთანხმება, თუმცა მის შესრულებაზე არ იზრუნვია, შედეგად, მივიღეთ ყირიმი და დონბასი. თუ საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი იქნებოდა მკაცრი საქართველოს შემთხვევაში, უკრაინის მოვლენებს არასდროს ვიხილავდით“, - ამბობს ის.
Facebook Forum