ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტისემიტური გზავნილების გამო, კანიე ვესტს "ტვიტერსა" და "ინსტაგრამზე" წვდომა შეუზღუდეს


შაბათ-კვირის განმავლობაში, კანიე ვესტის "ტვიტერის" და "ინსტაგრამის" ანგარიშები გამორთული იყო და ცნობილ რეპერს მათზე წვდომა არ ჰქონდა. მიზეზი ვესტის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანტისემიტური გზავნილები იყო.

მას შემდეგ, რაც "მეტამ" (ყოფილმა "ფეისბუქმა") ვესტი დაბლოკა, მან მომდევნო ე.წ. პოსტი "ტვიტერზე" გამოაქვეყნა, სადაც 2020 წლის შემდეგ არაფერი დაუწერია. რეპერმა თავისი შეფარული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: " ამას შეხედე მარკ, როგორ გამომაგდე ინსტაგრამიდან".

ამის შემდეგ კი ვესტმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ სოციალური მედიის მფლობელი კომპანიები მას თოჯინასავით ექცევიან და უბლოკავენ ყველაფერს, რაც ამ კომპანიების პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ის ამტკიცებდა, რომ ანტისემიტური განწყობები არ აქვს. ვესტის ეს გზავნილი, ისევე როგორც წვდომა მის ანგარიშზე, მოგვიანებით "ტვიტერმაც" დაბლოკა. კომპანიაში აცხადებენ, რომ რეპერის წ.ე. ტვიტი არღვევდა კომპანიის წესებს.

"ტვიტერზე" კანიე ვესტის გამოჩენას გამოეხმაურა მილიარდერი ილონ მასკი. მოგვიანებით დაბლოკილ განცხადებაში, მან დაწერა: "ტვიტერზე" დაბრუნებას გილოცავ, ჩემო მეგობარო". მასკი ამბობს, რომ "ტვიტერის ყიდვას" და სიტყვის სრული თავისუფლების დანერგვას აპირებს.

ვესტი აქამდეც დაუბლოკავთ სოციალურ ქსელებში. 2022 წლის დასაწყისში ის 24 საათით იყო შეზღუდული "ინსტაგრამის" მოხმარებისგან ცნობილ კომედიანტ, ტრევორ ნოაზე გაკეთებული განცხადების გამო.

XS
SM
MD
LG