ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია: ყველაზე დაბალი მონაცემები ბოლო 3 კვირაში


"ჩვენ შევძლებთ" - წარწერა იტალიის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელებზე
"ჩვენ შევძლებთ" - წარწერა იტალიის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელებზე

ახალი კორონავირუსის გამო, იტალიაში ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი თანდათან მცირდება. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ნაკლებია რეანიმაციაში გადაყვანილთა რაოდენობაც.

იტალიაში თანდათან მყარდება იმის იმედი, რომ შექმნილი ვითარება ნელ-ნელა უმჯობესდება. ჯერჯერობით დაავადების მრუდი, რომელიც პანდემიის სტატისტიკურ მონაცემებს დროსთან შეფარდებაში აღწერს, ნელ-ნელა სწორდება.

იტალიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა აღრიცხული რაოდენობა 156 000-ზე მეტია. კვირას კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 431 იყო, წინა დღეს კი 619.

ესპანეთში, რომელიც იტალიასთან ერთად, პანდემიით ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალდა, კვირას ფატალობა 109-ით მეტი იყო, ვიდრე შაბათს. ამ ფაქტმა სიკვდილიანობის სამდღიანი კლების ტენდენცია შეაჩერა.

ესპანეთში კორონავირუსით ჯამში 17 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 170 ათასამდე ინფიცირებულია.

კლების ტენდენცია ასევე შეინიშნება საფრანგეთში, სადაც მთავრობამ ესპანეთის მსგავსად, რამდენიმე შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ორკვირიანი შეჩერების შემდეგ, დღეს სამუშაოზე გამოჩდნენ მშენებლები და ზოგიერთი ინდუსტრიული საწარმოს თანამშრომლები.

საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეისთვის 132 600-მდეა. პანდემიის შედეგად გარდაიცვალა 14 400-მდე ადამიანი.

მკაცრი შეზღუდვები მოულოდნელად მოიხსნა თურქეთში, სადაც მოძრაობის ორდღიანი შეზღუდვა გაუქმდა. კვირას პოსტიდან გადადგომის განცხადება გააკეთა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.

"უქმეებზე მოძრაობის შეზღუდვის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა, რომლის მიზანიც ეპიდემიის შეჩერება იყო, მთლიანად მე მეკისრება" - დაწერა სოილუმ "ტვიტერზე". თუმცა, პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ჯერჯერობით უარს ამბობს დაამტკიცოს სოილუს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

თურქეთში დღეისთვის 57 ათასამდე კოვიდ-190-ით ინფიცირებულია აღრიცხული. გარდაიცვალა 1 200-მდე ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 500-მდე თურქი.

ყველაზე რთული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ინფიცირებულ ამერიკელთა რაოდენობა დღეს 561 ათასს აჭარბებს. კოვიდ-19-ის გამო გარდაიცვალა 22 133 ადამიანი და სულ გამოჯანმრთელდა 33 122.

შეერთებულ შტატებში ეპიცენტრად კვლავ ნიუ-იორკის შტატი ითვლება, მჭიდროდ დასახლებული ნიუ-იორკის მეგაპოლისით. შტატში 190 000-მდე დადასტურებულად ინფიცირებულია. ​გარდაცვლილთა რიცხვი 9 400-ს აღწევს.

მთლიანად მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება და შესაბამისად, მრუდიც მაღლა მიდის. დღეისთვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 813 000-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის გართულებებით დედამიწაზე გარდაიცვალა 116 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან ბოლო 24 საათში სიკვდილიანობის 1844 ფაქტი დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 435 ათსამდე ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG