ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში მაჩვენებლების კლება არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია


ოთხშაბათს იტალიაში ახალი კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა. სამშაბათს ეს რიცხვი 604 იყო. თუმცა თუკი ინფიცირების ახალ, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი წინა დღეს უფრო დაბალი იყო, ოთხშაბათს ის 3 800-ზე მეტია.

დაახლოებით, 21 თებერვლის შემდეგ იტალიაში 17 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ცნობებს სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს. იტალიის ეს მონაცემი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, მაღალია.

ინფიცირებულთა რიცხვით იტალია მსოფლიოში მესამეა - 139 422 შემთხვევით. პირველი კი შეერთებული შტატები - 402 923 შემთხვევით და ესპანეთი - 146 690 პაციენტით.

იტალიაში 9 მარტის შემდეგ მასობრივი შემზღუდავი ღონისძიებები მოქმედებს. ოთხშაბათს ინტენსიური თერაპია 3 693 პაციენტს სჭირდებოდა, სამშაბათს 3 792-ს. ეს მონაცემი მეხუთე დღეა უწყვეტად იკლებს და ადამიანებს იმედებს უჩენს, რომ დაავადება შესაძლოა უკან იხევდეს. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც - 26 491-მდე.

იმედების მიუხედავად, ევროკავშირის დაავადებათა მონიტორინგის სააგენტო აცხადებს, რომ ევროპას ჯერ გავრცელების პიკი არ გამოუვლია და კვლავ ბევრი ადამიანი ინფიცირდება და კვდება. ეს განცხადება სააგენტომ ოთხშაბათს გაავრცელა.

რისკების შეფასების ანგარიშში, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, მალტაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და ბრიტანეთში. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი 65 წელზე ასაკოვანია.

"მიუხედავად იმისა, რომ იტალიასა და ავსტრიაში გაუმჯობესება შეინიშნება, არ არსებობს ინდიკატორები იმისა, რომ ვიფიქროთ, თითქოსდა ეპიდემიის პიკს მივაღწიეთ", - ვკითხულობთ შეფასებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG