მსოფლიო უკვე რამდენიმე კვირაა პანდემიას ებრძვის. დახურულია აეროპორტები, ქვეყნებში კი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ პროცესების პარალელურად, კი მიზანმიმართულად ვრცელდება ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია, ხშირად არ არსებულ ან დაუსრულებელ კვლევებზე დაფუძნებით.
დეზინფორმაციის მთავარი წყარო, ძირითადად, ჩინური და რუსული ვებგვერდები და ყვითელი პრესაა. ეს წყაროები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იუწყებიან, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსით კატები დაინფიცირდნენ, ხოლო ძაღლები ნაკლებად ავადდებიან. ორივე ვარაუდი სიცრუეა და არ დასტურდება. რატომ?
არაერთი მეცნიერის, სპეციალისტის და მსოფლიო ვეტერინართა ასოციაციის მოთხოვნისა თუ თხოვნის მიუხედავად, კვლევის სპეციფიკის და დეტალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გამოქვეყნებულ მასალებში კი ჩანს, რომ კვლევა არ არის სრულყოფილი.
მეტიც, ჩატარებული კვლევით შეუძლებელია დადგინდეს, რეალური სურათი, რადგან ბევრი მნიშვნელოვან საკითხზე კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა.
რატომ არ არის კვლევა სრული და რატომ ვერ ასახავს ის რეალურ მდგომარეობას?
„ვუჰანში ორმა მკვლევარმა ერთი მიმართულებით იმუშავა და მხოლოდ კატები შეისწავლა. ადამიანებში არსებული დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კატებს სხეულზე ან ლორწოვან გარსზე ჰქონოდათ ეს ვირუსი. თუმცა, ეს არ ადასტურებს, რომ ისინი იყვნენ ინფიცირებულები. მხოლოდ ამ კვლევის საფუძველზე არ შეიძლება ითქვას დადასტურებულად, რომ კოვიდ 19-ით ცხოველი დაინფიცირდა. ძალიან ბევრ დაავადებას აქვს ჯვარედინი თვისებები. შეიძლება ერთი დაავადება მეორე დაავადებაში გადადიოდეს. ეს გადამკვეთი დაავადებები მათ საერთოდ არ აქვთ გამოკვლეული. შესაბამისად, ამ კვლევით ვერ დადგინდებოდა ინფიცირდებიან თუ არა ცხოველები კოვიდ 19-ით,“ - ამბობს ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი მარიამ ჩხიკვიშვილი.
ჩინეთში ჩატარებულ კვლევას ნდობას არ უცხადებს არც მსოფლიო ვეტერინართა ასოსციაცია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რაც ე.წ. ყვითელი პრესით ვრცელდება, ის არასწორია და არ არის დადასტურებული არცერთი ორგანიზაციის მიერ. კვლევა არ დასტურდება მსოფლიო ვეტერინართა ასოციაციის მიერაც. იმ შემთხვევაში თუ ეს კვლევა იქნებოდა სანდო და იარსებებდა რეალური ინფორმაცია, ასოციაცია ჩვენ აუცილებლად შეგვატყობინებდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვკონტაქტობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა მათ ამის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ,“ - ამბობს მეცნიერებათა დოქტორი დავით ნანობაშვილი.
ბრონქსში ვეფხვი დაინფიცირდა?
თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა ამბავი, რომ ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში, კორონავირუსით ვეფხვი დაინფიცირდა. თუმცა სპეციალისტები დაინფიცირებაზე არ საუბრობენ, ამბობენ რომ ტერმინოლოგიაში არის შეცდომა და ე.წ. მატარებლობა არ ნიშნავს, რომ ცხოველი დაინფიცირებულია. დაინფიცირება დადასტურდება მაშინ, როცა ცხოველის ორგანიზმში ანტისხეულები გამოვლინდება. ამისათვის კი 7-10 დღეა საჭირო.
„გამომდინარე იქიდან, რომ ვეფხვები კატისებრთა ოჯახს განეკუთვნებიან, საჭიროა, დაახლოებით, 7-10 დღე რათა მოხდეს მასზე დაკვირვება და იმის დადგენა გამოიყოფა თუ არა ანტისხეულები. სანამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გრძელდება მუშაობა, იმის თქმა, რომ ცხოველი დაინფიცირდა, არასწორია, რადგან ის შეიძლება იყოს მატარებელი. სინჯი, რომელიც ზოოპარკში აიღეს დიდ ცდომილებას იძლევა. სინჯისთვის ვიღებთ მასალას სხეულიდან ან ლორწოვანი გარსიდან, რამაც შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამ შემთხვევაში დაინფიცირებული იყო მომვლელი, რომელსაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ამ ვეფხვთან. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ ადამიანისა და ვეფხვის კონტაქტის დროს ცხოველის ლორწოვან გარსზე ან ზედაპირზე ვირუსი გაჩნდა, რაც არ ნიშნავს რომ ცხოველი დაინფიცირებულია,“ - აცხადებს მეცნიერებათა დოქტორი დავით ნანობაშვილი.
ამავე პოზიციაზეა საქართველოს ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი მარიამ ჩხიკვიშვილი. ის ამბობს, რომ ძალიან ადრეა ლაპარაკი იმაზე, რომ ცხოველი ინფიცირებულია, როცა ჯერ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ანტისხეულების შესახებ.
„ეს არის პირველადი კვლევა და არ ნიშნავს, რომ ცხოველი დაინფიცირებულია. მატარებლობა არ გულისხმობს ინფიცირებას და მერე სხვა ცხოველების დაინფიცირებას. ვეფხვს, რომ ლორწოვან გარსზე ან სხეულზე დაუფიქსირდა კოვიდ 19 ეს დასაშვებია, რადგან დაინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მაგრამ ის დაინფიცირებულად არ ითვლება თუ ანტისხეულები გამოყოფილი არ არის,“ - ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი.
მაშინ როცა მსოფლიო კარანტინშია და სოციალური დისტანცირების წესებს თითქმის ყველა ქვეყანაში იცავენ, რამდენიმე ქვეყანაში გაიზარდა შინაური ცხოველების მშვილებელთა რაოდენობა. ასეთი მდგომარეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში. ცხოველთა თავშესაფრების ნაწილი დახურვის პირამდეა მისული რადგან ცხოველები ახალმა მეპატრონეებმა წაიყვანეს.
ამ მხრივ, საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციაა. ე.წ. ფეიკ ნიუსებიდან გამომდინარე, რეგიონებში ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ შინაურ ცხოველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა კი საკუთარი მეგობრები ქუჩაში გაყარა. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ძაღლები და კატები თავშესაფარში ჩაებარებინათ იმის შიშით რომ კორონავირუსი არ გადაედოთ...
„გახშირდა ძალადობის ფაქტები. მინდა ადამიანებმა გაიგონ, რომ ცხოველები საფრთხეს არ წარმოადგენენ. პირიქით ადამიანები წარმოადგენენ როგორც მათთვის, ასევე ცხოველებისთვის საფრთხეს და ადამიანებს მოერიდონ. ცხოველები არ გაყაროთ და მოუარეთ მათ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ცხოველიდან ადამიანზე ამ დაავადების გადასვლის ფაქტები არ არის გამოკვლეული საგანი. ამ კითხვაზე პასუხი არავის არ აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევით დაინფიცირებული ადამიანები უნდა იყვნენ განცალკევებულები სხვა ადამიანებისგან და ცხოველებისგანაც კი. ამ წუთისთვის კოვიდ 19 ადამიანიდან ადამიანს გადედება.... ჩვენ ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ დაავადებული ცხოველი და მერე უნდა დავადგინოთ ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტი ან პირიქით, მანამდე კი უბრალოდ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ცხოველებს და დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები სეირნობის შემდეგ,“ - ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი.
საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს დავით ნანობაშვილიც და მოუწოდებს მათ არ აყვნენ პანიკას.
„პანიკის საფუძველი არა არსებობს. არავის უთქვამს, რომ კოვიდ 19-ით ცხოველები ინფიცირდებიან და ისიც არავის უთქვამს, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ ადამიანის დაინფიცირება. დაიცავით ელემენტარული ჰიგიენის ნორმები. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ არ შეიძლება შინაური ცხოველი გავწმინდოთ სპირტით ამ მსგავსი საშუალებებით ეს დაუშვებელია. ევროპაში დაფიქსირდა შემთხვევები როცა შინაური ცხოველებს სხეული სპირტით დაუმუშავეს, რაც მძიმე შედეგებით დასრულდა. მე გირჩევთ მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვას და ცხოველს ნუ მიიყვანთ მძიმე მდგომარეობამდე. რთულ ჯაჭვებს იგონებენ ადამიანები და ეს ასე არაა. ქლოქსედინის (რაც არ არის ქლორი) ხსნარი გამოიყენოთ და გაუწმინდოთ ფეხები ეს სრულიად საკმარისი იქნება და დეფიციტშიც არ არის,“ - ამბობს დავით ნანობაშვილი.
კორონავირუსი ცხოველებს აქვთ?
დიახ, კორონავირუსი აქვს როგორც ძაღლს ასევე კატას, ისევე როგორ გვაქვს ადამიანებს. თუმცა განსხვავება შტამებშია. ძაღლებში გავრცელებული კორონავირუსული დაავადებები ფატალური შედეგების მომტანი არ არის. ის პირღებინებას და ფაღარათს იწვევეს და არ გადაედება ადამიანს. ცოტა რთულად არის საქმე კატებთან მიმართებაში, თუმცა ეს დღეს სასაუბრო თემა არ არის.
ახალი კორონავირუსი ცხოველებს აქვთ?
არა - კორონავირუსის კონკრეტული შტამი SARC COVID19-ით ცხოველი ჯერ არ დაინფიცირებულა.
რა ვიცით დღეს?
ახალი კორონავირუსის გადამტანები ვართ ადამიანები და არა ცხოველები. სწორედ ამიტომ თუ ჩვენ თავს ცუდად ვგრძნობთ და გვაქვს ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, უნდა მოვერიდოთ როგორც სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ასევე ცხოველებთან ურთიერთობას, რათა დავიცვათ ისინი და გავუფრთხილდეთ მათ.
რას ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ?
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ დრომდე არ არის დადასტურებული შემთხვევა, რომ კატა ან ძაღლი დაინფიცირდნენ კორონავირუსით. არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მათ შეუძლიათ კოვიდ 19-ის გადატანა და გავრცელება ადამიანებში."
რას ამბობს ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი?
„ჩვენ ამ მხრივ მუშაობას ვაგრძელებთ, ვაკვირდებით მოვლენებს და ვითარებას. ამ დროისთვის, არ არსებობს რაიმე დადასტურებული მონაცემები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსითშესაძლოა შინაური ცხოველები დაინფიცირდნენ. თუმცა, მოგიწოდებთ გაუფრთხილდით მათ და თუ გაქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოერიდეთ მათთან ახლოს კონტაქტს. შესაძლებელია ამ შემთხვევაში დამატებით დამხმარე ადამიანის აყვანა რომელიც შეძლებს ამ პერიოდში თქვენი ოთხფეხა მეგობრის მოვლას.“
Facebook Forum