ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ვხურავთ ცას," - ისრაელის ბრძოლა კოვიდ-19-თან 


სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. ვირუსის მუტირებული ვერსია, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება და როგორც ბორის ჯონსონი განმარტავს, უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი. სწორედ ამიტომ ისრაელი კვირის ბოლოდან საჰაერო სივრცეს სრულად კეტავს.

განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა და თქვა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე იხურება გარდა "იშვიათი გამონაკლისებისა." ნეთანიაჰუ ასევე ამბობს, რომ ქვეყნის გარე სამყაროსთან კავშირის შეზღუდვა ისრაელს მისცემს საშუალებას ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და ეფექტურად აწარმოოს. ახალი შეზღუდვები ხვალ დაწესდება და ძალაში მანამ დარჩება, სანამ ახალი პარლამენტი არ დამტკიცდება.

კონტროლი მკაცრდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ჯო ბაიდენის თეთრ სახლში ამბობენ, რომ ამერიკაში იზღუდება იმ ადამიანთა მოგზაურობა, რომლებიც არ არიან ამერიკის მოქალაქეები და ქვეყანაში ჩამოდიან სამხრეთ აფრიკიდან, სადაც ვირუსის ახალი ვარაინტი თავდაპირველად გამოვლინდა.

ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ-19-ის არაერთი ახალი ვარიანტი გაჩნდა. ერთ-ერთი პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. კიდევ ერთი მუტაციის ფაქტი დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში. თეთრი სახლის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი მეცნიერები დეტალურად სწავლობენ მიმდინარე პროცესებს. სპეციალისტები იკვლევენ რამდენად ეფექტურია უკვე არსებული ვაქცინები ვირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად.

გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ დრომდე არ არის სრულფასოვანი კვლევა, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს ფაქტს, რომ უკვე არსებული ვაქცინებს კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტთან ბრძოლის უნარი აქვთ. მანამდე კი კომპანია ფაიზერში აღნიშნეს, რომ დიდი ალბათობით, მათ მიერ შექმნილი ვაქცინა ეფექტური იქნება კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტებთან მიმართებაში.

ახალი 2021 წლის პირველივე დღიდან დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში კონტროლი უფრო გაამკაცრა და ახალი შეზღუდვები დააწესა. ამ შემთხვევაშიც წესების გამკაცრების მთავარი მიზეზი კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი იყო, რომელიც ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG