საბერძნეთი და თურქეთი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, პირველ პირდაპირ მოლაპარაკებებს იწყებენ. მოლაპარაკებების თემა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ხანგრძლივი უთანხმოებები და სადავო საკითხებია.
ურთიერთობა ათენსა და ანკარას შორის განსაკუთრებით გასული წლის აგვისტოში გამწვავდა, როდესაც თურქეთის ხომალდი ხმელთაშუა ზღვის სადავო ტერიტორიებში შევიდა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ხომალდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებაც კი მოხდა. ანალიტიკოსები შიშობდნენ, რომ სადავო ენერგო რესურსების საკითხი, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა.
თურქეთი და საბერძნეთი ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან. 2002 და 2016 წლებში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ამ მიმართულებით საგულისხმო პროგრესის გარეშე დასრულდა.
ევროკავშირი და ნატო ანკარასა და ათენს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მტკიცედ მოუწოდებდნენ. ამ თვის დასაწყისში მხარეები დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ.
25 იანვარს სტამბოლში დაწყებულ მოლაპარაკებამდე ორი დღით ადრე ათენმა მზაობა მხოლოდ საერთო ეკონომიკური ინტერესისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღაში კონტინენტური შელფის საკითხების თაობაზე გამოთქვა. "ეროვნული სუვერენიტეტის" თემაზე საუბარი არ ყოფილა.
გასულ კვირას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ მოლაპარაკებების მიმართ იმედიანადაა განწყობილი, თუმცა "ნულოვანი გულუბრყვილობით". მეორე მხრივ კი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯბ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება "ახალი ეპოქის მომასწავებელია".
მეზობელ თურქეთთან დავაში ევროკავშირი მხარს საბერძნეთს უჭერს და თურქეთს არაერთხელ დაემუქრა სანქციებით, თუმცა მათი ამოქმედება ამ წლის მარტამდე გადადო.
Facebook Forum