შეერთებული შტატები ნატოს მოკავშირეებს თურქეთთან თანამშრომლობას სთხოვს იმ ფონზე, როცა ანკარა რუსეთს უახლოვდება. თუმცა, ნატოს, სულ ცოტა, ერთი წევრი თურქეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
საბერძნეთი და თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი რესურსების განაწილებაზე ვერ თანხმდება. რეგიონში მხარეებმა უკვე არაერთხელ გააგზავნეს საზღვაო ძალები. ალიანსის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ორ მოკავშირეს შორის დღეს არსებული დაძაბულობა უფრო დიდი პრობლემის ნაწილია, რომლის მოგვარების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს.
თურქეთი „მზარდად საკუთარ თავში დარწმუნებული ქვეყანა ხდება... რასაც მზარდი აგრესიული რიტორიკა, კონფრონტაციული დამოკიდებულება და რევიზიონისტული პოლიტიკა ერთვის თან,“ განაცხადა საბერძნეთის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ნიკოს პანაგიოტოპულოსმა „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
„რაღაც ეტაპზე რაღაც უნდა გაკეთდეს,“ თქვა მან.
თურქეთის მიმართ ამ განწყობის გამძაფრებას პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებაც დაემატა. მან დასავლეთი და განსაკუთრებით, საფრანგეთი მკაცრად გააკრიტიკა საკუთარი პარტიის შეხვედრაზე.
“მათ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯვაროსნული ომების დაწყება სურთ,“ თქვა ერდოღანმა, როცა ის საფრანგეთის მთავრობის მიერ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოყენებას აპროტესტებდა.
მან ასევე თქვა, რომ დასავლეთი „კიდევ ერთხელ ბარბაროსების პერიოდისკენ მიდის.“
ცოტა ხნის წინ, თურქეთი ნატოს მოკავშირეებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ალიანსის მორიგი შეშფოთება თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის „S-400“-ის გამოცდას მოჰყვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა თურქეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია შეიმუშავოს, რაშიც შესაძლოა სანქციებიც შევიდეს.
„სანქციები ნამდვილად განიხილება. ამ [სამხედრო] აქტივის ან სისტემის გამოყენების გაგრძელება მოიცავს სანქციების და დამატებითი შეზღუდვების რისკს,“ თქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილე კლარკ კუპერმა.
ის, რომ შეერთებულმა შტატებმა თურქეთი F-35 სამხედრო თვითმფრინავების პროგრამიდან გარიცხა და თურქეთის მიმართ დამატებითი სანქციებით დაიმუქრა, სიახლე არ არის.
მაგრამ, პანაგიოტოპულოსმა ხუთშაბათს თქვა, რომ თურქეთი რუსულ ანტი-საჰაერო სისტემას მალე აამოქმედებს და ალიანსს შესაძლოა დრო არ ეყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად.
„თუ არაფერი გაკეთდა, თურქეთს ექნება უფლება და თურქეთის ლიდერებს ექნებათ უფლება დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ შეუზღუდავად იმოქმედონ,“ თქვა მინისტრმა.
ამერიკის ოფიციალური პირები აგრძელებენ თურქეთის გაფრთხილებას, რომ ანკარამ რუსული სამხედრო სისტემა არ გამოიყენოს, რადგან ის პოტენციურად საფრთხეს უქმნის ნატოს სამხედრო თვითმფრინავებს, მათ შორის, F-35 ტიპის თვითმფრინავებს.
Facebook Forum