ამ ვიზიტის ფარგლებში რა თემებზე გქონდათ შეხვედრები და ვის შეხვდით?
ეს ვიზიტი ემსახურება ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრას. საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში 2017 წელი იყო განსაკუთრებული წელი. ჩვენ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ ახალ ადმინისტრაციასთან საწყის ეტაპზევე, მივიღეთ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები ჩვენს ურთიერთობაში, რაც განსაკუთრებით გამოიხატა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს თანამშრომლობაში. სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებზე გვინდა დავაფუძნოთ შემდგომი ნაბიჯები და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები.
მოგვიყევით, რა ეტაპზეა საუბარი.
ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ოთხი მიმართულებით ვითარდება, მოგეხსენებათ ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ამ მიმართულებით აშშ-ის ხელშეწყობა; ეს არის ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა; ეს არის ხალხთაშორისი კონტაქტები და ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება.
ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი პარტნიორობისთვის და საერთო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანიამინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე
ჩვენ ყველა ამ მიმართულებით ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. ეს გამოხატულია, ასევე მეტ ფინანსურ მხარდაჭერაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან ახალი საბიუჯეტო კანონის შესაბამისად. ეს გამოხატული არის კონკრეტულ ნაბიჯებში, შეთანხმებაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ დავიწყეთ სამწლიანი პროგრამის განხორციელება ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, რომელიც ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეს არის უპრეცენდენტო პროგრამა, რადგანაც პირველად აშშ საქართველოს ეხმარება საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხში.
ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან თავდაცვის რეფორმას. თავდაცვის სამინისტრო, რომელიც არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული თავდაცვისკენ და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ. ამ პროცესში ჩვენ ძალიან აქტიურად გვიდგას მხარში აშშ.
ჩვენ ასევე ვაძლიერებთ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ასევე, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტის განვითარება დაიწყო - ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელშიც გვყავს ინვესტორები და ოპერატორები ამერიკიდან, განიხილება შესაძლო დამატებითი ჩართულობაც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ვითარდება ხალხთა შორის კონტაქტები და ასევე აქტიურია აშშ შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში და მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს შერიგების პოლიტიკის მიმართულებით. და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოში იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომელიც ემსახურება ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგებით არის გადასადგმელი იგივე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის აქტიური როლი ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ნატოს სამიტი ახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ მხარი დაუჭიროს იმ მიზნებს, რომელიც საქართველოს აქვს ამ სამიტისთვის.
თქვენი ვიზიტი ვაშინგტონში დროში ემთხვევა დიდ მოლოდინს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს სანქციების სიას რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ. თუ სანქციების ისეთივე ტალღა აგორდა როგორც ეს ყირიმის ანექსიის შემდეგ იყო, შეუერთდება თუ არა ამ სანქციებს საქართველო?
საქართველო არის ძალიან პასუხისმგებლიანი მოთამაშე და აბსოლუტურად სოლიდარული და ერთიანი ჩვენი პარტნიორების მიდგომებისადმი. ეს გამოხატულია ჩვენს ქმედებებში და ჩვენს ნაბიჯებში, რომელიც დაფასებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი პარტნიორობისთვის და საერთო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.
პასუხი არის კი?
ეს საკითხი არ დგას დღეს დღის წესრიგში, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენთვის არ არსებობს საკითხი, რომელსაც ჩვენ არ განვიხილავთ პარტნიორებთან ერთად.
საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია. ამ სიაში შეყვანილ ადამიანებს რა ბედი ელით, რა არის მომდევნო ეტაპი? აპირებთ თუ არა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს თხოვოთ ისინი შავ სიებში შეიყვანონ? გქონდათ თუ არა ამ სიაზე საუბარი აქ, ვაშინგტონში?
ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა. უმრავლესობამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა და მიიღო საბოლოო ჯამში, რომელიც ასახავს ყველა იმ აგრესიულ ქმედებას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე ის ბერკეტები, რაც უნდა ამოქმედდეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით.
პირველ რიგში ვსაუბრობთ ისეთ ბერკეტებზე, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები. ეს არის საერთაშორისო ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმები, რომლებიც დაშვებულ უნდა იქნეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა არ განმეორდეს ისეთი ტრაგედიები, როგორიც ტატუნაშვილის მკვლელობის შემთხვევაში გვქონდა და უზრუნყოფილ იქნას მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის.
ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მომხდარიყო ამ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით. მოგეხსენებათ წელს უკვე მეორედ მივიღეთ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ჩვენი ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაშვება ჰქონდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რაც შეეხება სიას, ეს სიაც არის ერთ-ერთი კომპონენტი ამ რეზოლუციის, ჩვენ პირველ რიგში უნდა შევადგინოთ შესაბამისი სია, ჩვენ გვექნება კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან.
ვინ შევა ამ სიაში?
მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია.
თქვენი აზრით, ვინ უნდა შევიდეს?
ეს არ არის აზრი, ეს არის შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტი. ეს იყო პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის დავალების შესაბამისადაც შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ თუ ვინ უნდა შევიდეს ამ სიაში და ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პასუხობს რეზოლუციის მოთხოვნებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, აპირებთ თუ არა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ესაუბროთ იმაზე, რომ ეს ადამიანები მათ შავ სიებშიც მოხვდნენ?
რა თქმა უნდა, როგორც სხვა ყველა მიმართულებით ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოხდეს იქ არსებული პრობლემების მიმართულებით. ასევე, ამ საკითხზეც ჩვენ წარვმართავთ აქტიურ მუშაობას ყველა შესაბამის პირთან, ორგანიზაციასთან თუ ინსტიტუტთან, იმისათვის, რომ ამ რეზოლუციის შესაბამისი დებულებები შესრულდეს.
რაც შეეხება ამერიკაში ჩემს შეხვედრებს, მე დღეს მქონდა შესაძლებლობა კონგრესის წარმომადგენლებთან მესაუბრა და მათთანაც მქონოდა საუბარი შესაძლო შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეს არის ინიციატივა, რომელიც პრემიერმა კვირიკაშვილმა გააჟღერა. გვითხარით, რისი მიღწევა სურს საქართველოს ამ ინიციატივით?
საქართველოს მთავრობას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აღებული, რომელსაც ყოველგვარი ბარიერების მიუხედავად ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს - კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მრავალი მიმართულება აქვს. პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელი არ შეუშალოს და მისცეს საშუალება საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შედგეს რეალური შერიგების პროცესი.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს. ჩვენის მხრივ, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის.
სწორედ ამის გამო, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მიმართულებით და გადაადგილების მიმართულებით. ეს ვფქირობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს, არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ და შეზღუდული აქვთ ბევრი შესაძლებლობა სწორედ ამ ოკუპაციის გამო.
ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიების მაქსიმალურ იზოლაციას ახდენს, ეს გამოხატულია, თუნდაც გადასასვლელების დახურვით საოკუპაციო ხაზზე თუ სხვა შეზღუდვებით, რომელიც უწესდებათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი რათა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღონ ახალი შესაძლებლობები, რაც გააჩენს მეტ ნდობას და გააჩენს შესაძლებლობებს მათი შერიგებისთვის და ახალი ნაბიჯებისთვის.
თავისთავად იდეა, რომელზეც თქვენ საუბრობთ პროგრესულია და თავის თავში მოიცავს ხალხთა შორის კავშირებს, თუმცა კონფლიქტის რეზოლუციის ერთადერთი გზა არ არის, ის ბევრი სხვა კომპონენტისგან შედგება. ამ დიდ სურათში სად არის რუსეთის როლი?
პირველ რიგში, რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან და პრინციპებთან, მოახდინოს დეოკუპაცია ჩვენი ტერიტორიის, და ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად ხელი შეუწყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ რეგიონებში, რათა გაჩნდეს მეტი შესაძლებლობები მეტი ურთიერთობებისთვის, მეტი კონტაქტისთვის და შერიგებისთვის.
რამდენიმე კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილიმა ღია წერილით მიმართა რუსეთის მთავრობას, სადაც დიალოგისკენ მოუწოდა, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებებში იმდენად შორს წავიდეს, რამდენის საშუალებასაც თბილისი მიცემს. მითხარით რა ეტაპზე განიხილება რუსეთთან პირდაპირი დიალოგი? რაზე უნდა ესაუბროთ რუსეთს?
პრემიერ-მინისტრის შეთავაზება არ გულისხმობდა პრიდაპირ დიალოგს
ჟენევის ფორმატის შეცვლით?
არც შეცვლას არ გულისხმობდა, ჟენევის ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალ დონეზე მოხდეს შეხვედრა...
თავიდანვე ამას ითავლისწინებდა, მაგრამ რუსეთი არ მოვიდა როგორც მხარე და მოიყვანა აფხაზეთის და ოსეთის ეგრეთწოდებული ლიდერები. ახლა რატომ გჯერათ, რომ არის ის დრო, როცა პირისპირ უნდა ვესაუბროთ, მაგალითად, რუსეთის პრემიერ-მინისტრს?
საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა, საქართველოს პოლიტიკური მზაობა და ეს სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ისევ არ იქნა სათანადოდ მიღებულიმინისტრი რუსეთთან დიალოგზე
თქვენ სწორად აღნიშნეთ, თავიდანვე, პირველ რაუნდზე, სამწუხაროდ, რუსეთმა განახორციელა წნეხი, მათ შორის ქართულ მხარეზე და მას შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ ფორმატში არ გამართულა მას შემდეგ შეხვედრები. ჩვენი მიზანია, რომ სამუშაო ჯგუფში მიმდინარე პროცესს, რომელიც სამწუხაროდ კონკრეტულ შედეგებს არ იძლევა 43 რაუნდის ფარგლებში, მივცეთ უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა. შესაბამისად, ჩვენ ჩვენის მხრივ გამოვხატეთ ეს მზაობა, პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ეს მზაობა მის ჩართულობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა თუ რუსეთის მხრიდან იქნება მზაობა, ჩვენ ამავე ფორმატში, არა პირისპირ, არამედ ჟენევის ფორმატში, მათ შორის პლენარულ ფორმატში შეგვიძლია მოლაპარაკებების წარმოება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა. საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა, საქართველოს პოლიტიკური მზაობა და ეს სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ისევ არ იქნა სათანადოდ მიღებული და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხრიდან ეს მზაობა არ არის ამ ეტაპზე გამოხატული.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დროში დაემთხვა ისეთ დიდ მოვლენებს, როგორიც იყო მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლა, რასაც მოჰყვა ის, რომ ბრიტანეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატები, შეერთებულმა შტატებმა 60 დიპლომატი გააძევა. თქვენ ფიქრობთ დროული იყო პრემიერ კვირიკაშვილის იდეა რუსეთთან დიალოგის შესახებ?
პრემიერ-მინისტრმა ეს იდეა გააჟღერა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტში, როდესაც ხდებოდა მთავრობის დამტკიცება, ნდობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრისადმი. ეს არ არის ახალი, რაც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან...
თუმცა, ღია წერილით პირველად მიმართა...
მანამდე საჯაროდ განაცხადა. ალბათ მიმართვის ფორმებში აქ დიდი სხვაობა არ არის, რადგანაც გაცხადებული პოლიტიკა არის და გაცხადებული ხედვა იყო ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, ამ ფაქტებს ერთმანეთს ვერ დავუკავშირებდი. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებას სკრიპალების თემასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ საქართველომ გამოხატა სოლიდარობა.
რამდენიმე დღის შემდეგ. არა ისევე სწრაფად, როგორც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა
შეიძლება ითქვას, რომ სოლიდარობა გამოხატული ჩვენი მხრიდან განცხადებებით იყო მყისიერი, ასევე ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციებში იყო მყისიერი, ისევე როგორც ჩვენი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ამ სოლიდარობას.
როგორც თქვენ თქვით, შემოდგომაზე გააჟღერა ეს იდეა პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ მას, რომ ახლა მიმართა რუსეთს ღიად, თქვენთვის არ შეუქმნია უხერხულობა ჩვენს პარტნიორებთან? რატომ ახლა?
ჩვენს პარტნიორებს აქვთ სრული აღქმა, სრული ნდობა და ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ყველა იმ ნაბიჯში, რომელსაც ჩვენ ვდგამთ. ჩვენი პარტნიორები სრულად იზიარებენ საქართველოს კონსტრუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას და მიდგომებს, რომელიც მიმართულია მხოლოდ ერთისკენ - ჩვენ შევძლოთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.
ჩვენ ყველანაირად მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ პროვოკაციებს არ ავყვეთ, შევძლოთ სიტუაციის მაქსიმალურად მართვა, რათა იყოს მშვიდობა, რათა იყოს სტაბილურობა და იყოს შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მათი მხარდაჭერით კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების.
ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მზად არის რუსეთთან ისაუბროს ჟენევის ფორმატში, რაც თავის თავში არ გულისხმობს ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირ საუბარს. მეორეს მხრივ, გუშინ გაჟღერებული ინიციატივა მოიცავს პირდაპირ ოსებთან და აფხაზებთან საუბარს. რამდენად თანმიმდევრულია ეს პოლიტიკა?
ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრული ვართ, ყველა ჩვენს ნაბიჯში, მათ შორის როგორც რუსებთან ჩვენი დიალოგის და დისკუსიების კონტექსტში, ასევე, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის კონტექსტში.
თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ თქვენს კითხვაში პირდაპირი რუსებთან დიალოგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა გულისხმობს ჟენევის ფორმატში, სადაც არის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, ამ ფორმატში რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრის შესაძლებლობას. ამას მინდა მკაფიოდ გაესვას ხაზი.
მეორე, რაც შეეხება აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგს, ესეც დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა და არა მხოლოდ გაცხადებული, რეალურად პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. აფხაზებთან და ოსებთან სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა ქვეყანაში გვაქვს შეხვედრები, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ჩვენ ვცდილობთ გამოვძებნოთ შეხების წერტილები იმ მიმართულებით, სადაც ეს ინტერესის საგანს წარმოადგენს, როგორც აფხაზებისთვის და ოსებისთვის, ასევე ჩვენთვის და ზოგადად ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
რაც შეეხება აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან კონტაქტებს, ჟენევის ფორმატშიც, ეს კონტაქტები ყოველ სამ თვეში ჩვეულებრივად არსებობს და შეხვედრები მიმდინარეობს. ამიტომ აქაც სიახლე არაფერია.
რაც შეეხება სამშვიდობო ინიციატივებს, მინდა გითხრათ, რომ სამშვიდობო ინიციატივები არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებებს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. ეს არის ინიციატივები, რომელიც ქმნის დამატებით შესაძლებლობებს, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე, ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისარგებლონ მეტი სიკეთეებით.
ამას პოლიტიკურ კონტექსტს ვერ მოვაშორებთ, ამ ადამიანებს, ძალიან ხშირად არ აქვთ საშუალება, თავიანთი ნების მიხედვით იმოქმედონ. მაგალითად, როცა ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, იყო შემთხვევები, როცა აფხაზეთში მოყვანილი თხილის გადატანა სამეგრელოში გასაყიდად რთულდებოდა. ახლა რა მექანიზმი გვაქვს იმის, რომ იგივე ბარიერები არ შეიქმნება?
ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული ის ბარიერები, რომლებიც სამწუხაროდ, მათ აქვთ დღეს დაწესებული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და რომელიც შეიძლება მომავალში დაუწესდეთ. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი მხრიდან შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რათა მათ ისარგებლონ დამატებითი სიკეთეებით. ეს არის ჩვენი მიზანი.
რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით ასევე, რომ ეს ბარიერები რაც შეიძლება ნაკლები იყოს ამ პროცესში და ამისთვის ყველა შესაბამის ნაბიჯს გადავდგათ.
ინიციატივაში, რომელიც მთავრობამ გამოაქვეყნა, არ არის ნახსენები არც ეგრეთწოდებული მთავრობა და არც რუსეთი. როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის ფაქტორის შემცირება, რომ ამ ადამანებმა შეძლონ თავიანთი ნების აღსრულება? ექნებათ მათ საშუალება ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც ქართული სახელმწიფო მათ სთავაზობს?
ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოიჩენენ შესაბამის გონივრულობას და არ დაუდგებიან წინ და არ შექმნიან კიდევ უფრო მეტ ბარიერს ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ ამ სიკეთეებს და მისცემენ მათ საშუალებას ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
თქვენ ახსენეთ ნატოს ბრიუსელის სამიტი, რა მოლოდინები გაქვთ და რას ითხოვთ ამჯერად ალიანსისგან?
საქართველო ამ სამიტს ხვდება საკმაოდ კაგრად მომზადებული, ეს ეხება პირველ რიგში იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც ნატო ძალიან აფასებს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო იქნება შეფასებული როგორც წარმატებული წევრობის გზაზე მდგომი ქვეყანა და იქნება განხილული ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში ყველა იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში და პროგრესი ნამდვილად ხელშესახებია და არის დაფასებული და ხაზგასმული როგორც ნატოს მხრიდან, ისევე წევრი ქვეყნების მხრიდან. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველო შესაბამის ფორმატებში იყოს წარმოდგენილი სამიტის ფარგლებში და რომ კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული თანამშრომლობა შევძლოთ,მათ შორის შავი ზღვის უსაფრთზოების კონტექსტში.
2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ნატო ყოველ სამიტზე იმეორებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ამ [ბრიუსელის] სამიტზე ისევ მაპს [წევრობის სამოქმედო გეგმა MAP] თუ რამე სხვა ფორმატზე მუშაობთ?
ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს დღეს აქვს ყველა პრატიკული ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც არის ნატოში წევრობა. ეს აღიარებულია ნატოს მხრიდან, ეს არის აღნიშნული შესაბამის კომუნიკეებში და შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ ეს პრაქტიკული მექანიზმები გამოვიყენოთ ეფექტურად.
ჩვენ, შეიძლება, გარკვეულწილად, გვქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ წევრობის გეგმა [MAP]. ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ჩვენ გვაქვს სპეციალური არსებითი პაკეტი, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან და აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ, ასევე, ძალიან აქტიურად ვიყენებთ ნატო-საქართველოს კომისიას, რომლის ოცზე მეტი შეხვედრა გაიმართა გასულ წელს.
ჩვენ ამ ინსტრუმენტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც ამ გადაწყვეტილებისთვის პოლიტიკური გარემო შეიქმნება.
აპირებთ თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგად აქციოთ „ჰერიტიჯს ფონდის“ მიერ შემოთავაზებული იდეა, საქართველოს დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაზეც ავტორთან ერთად თქვენ თბილისშიც ისაუბრეთ?
პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად არ ვიცი რას გულისხმობთ
აპირებთ თუ არა ეს მოითხოვოთ?
ამას არ ჭირდება არანაირი მოთხოვნა, ეს არ არის განსახილველი თემა
პოლიტიკური კონსესუსი არსებობს ამ საკითხზე?
როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენს საბოლოო მიზანს და საქართველოს შესაბამისად აქვს ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია ნატოსთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს საკითხი განხილვის დღის წესრიგში არ დგას და ეს არ არის მხოლოდ ჩემი განცხადება, ეს არის, ასევე, ნატოს ოფიციალური პირების განცხადებაც.
Facebook Forum