"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა" და "ჰერტიჯის ფონდის" ორგანიზებით თბილისში შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა გახლდათ ნატოს წევრობა საქართველოსთვის აშშ–სა და ევროპის ინტერესების კონტექსტში. მომხსენებლელთა შორის იყვნენ აშშ–ის ელჩი საქართველოში იან კელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ბათუ ქუთელია. მთავარი მომხსენებელი – ლუკ კოფი, ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარი და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საინტერესო მოსაზრების ავტორი, რომლის თანახმად პროცესის დაძვრა შესაძლებელია პოლიტიკური თანხმობის პირობით.
შეხვედრას მოდერაციას შოთა ღვინერია უწევდა. ლუკ კოფის აზრით, ბუქარესტის სამიტზე ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის დაწყება შესაძლებელია. თუმცა ეს პირობით შეიძლება მოხდეს, თუ ნატოს მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიური თავდაცვის პრინციპზეა დამყარებული, დროებით არ ამოქმედდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ლუკ კოფის მოსაზრების კრიტიკოსები ამბობენ, რომ წინადადების გაზიარება ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას. იდეის მომხრეები კი ამ შეხედულებას ზედაპირულს და არაკომპეტენტურს უწოდებენ. კვლევის ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ მისი წინადადება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის რაიმენარ ხელყოფას.
რა დამოკიდებულება აქვთ ამ მოსაზრების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამის ხილვა შეხვედრაზე შეიძლებოდა. მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ლუკ კოფის წინადადების შესახებ ზომიერი, დიპლომატიური კომენტარებით შემოიფარგლა: „ნატო არის მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს დაცული. საქართველოს უმთავრესი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება.“
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას შოთა ღვინერიამ განაცხადა: „მე ველოდი, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი ენთუზიაზმი იქნებოდა და ამ ადამიანს მადლობას მაინც ვეტყოდით, რომ 30 გვერდიანი მოხსენება დაწერა ჩვენთვის, ჩვენი ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, ამ თემატიკაზე ტემპერატურის ასაწევად და დებატების გასაღრმავებლად. მადლობას ვეტყოდით და დავამატებდით, რომ აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ასეთი ჭკვიანური რამ და მოდი, აქტიურად დავიწყოთ, ამ მიმართულებით მუშაობა. ეს მიდგომა მე ვერ დავინახე, სიმართლე გითხრათ და ამის გამო არ დამრჩა კარგი შეგრძნება.“
რისკები რაც ლუკ კოფის ნაშრომის სცენარის განვითარების შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ, პირველ რიგში რუსული საფრთხეა. თუმცა, საქართველოსთვის ეს უკვე ტრადიციული მდგომარეობაა. რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნატოს მათ საზღვრებთან.
ამის თაობაზე შოთა ღვინერია ამბობს: „რუსეთს სანამ ჰგონია, რომ შეუძლია დესტაბილიზაციის შექმნა, რადგან საფრთხე და რისკები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მაღალია, ის მომგებიან პოზიციაშია. საკითხის გადაწყვეტის კოფისეული მოდელი, გარკვეულწილად, ყოველთვის ფიგურირებდა. ევროპაშიც ამბობდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნარატივი ოკუპაციის განხორციელების მთავარი ფაქტორია. თუ განხორციელდა ის, რასაც გვთავაზობს ეს დასკვნა, მხოლოდ პროფესიონალურად და სწორად და თუ მოვახერხებთ დაგეგმვას და რეალიზებას, ამით ფაქტობრივად ვეტყვით რუსეთს, რომ დესტაბილიზაციის კერების შექმნას, ოკუპაციას, მილიტარიზაციას აზრი არ აქვს, რადგან ეს ვერ შეაფერხებს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას. მიუხედავად მისი ქმედებებისა, დანარჩენი საქართველო წინ წავა და ამის შეჩერება შეუძლებელი იქნება.“
ლუკ კოფი აშშ–სა და ნატოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ახალი მიდგომების გამოყენებას სთავაზობს და ამ მიმართულებით წარმოადგენს რეკომენდაციებს. საქართველოს ხელისუფლებას კი სთავაზობს 2018 წლის ივლისის ნატოს სამიტისთვის სამი მთავარი ნაბიჯის გადადგმას, რომელთა შორისაა ოპოზიციის ჩართვა სამიტში მონაწილეებს შორის და თანხმობას წინადადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა ალიანსში წევრობისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მეხუთე მუხლის დროებითი შეჩერების პირობებში. ხელისუფლება საკუთარ ჩამოყალიბებულ პოზიციას საკითხის მიმართ ჯერ არ აფიქსირებს.
Facebook Forum