ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკ კოფი საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე


ჰერიტჯის ფონდი, საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი
ჰერიტჯის ფონდი, საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი

გასულ კვირას ჰერიტიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველმა ლუკ კოფიმ დაწერა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია. კოფი ასევე გამოდის იდეით საქართველო ალიანსში დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული. მის ხედვაზე კოფი "ამერიკის ხმას" ესაუბრა.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ნაშრომში ამბობთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია. რატომ მიიჩნევთ ასე?

უკვე რამდენიმე წელია საქართველო აჩვენებს, რომ ის შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორია. ის მონაწილეობს ავღანეთის მისიაში, მანამდე მონაწილეობდა ერაყის მისიაში, მას წვლილი შეაქვს ტრანს-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველო ასრულებს ნატოს მოთხოვნას თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ. და საქართველო მდებარეობს გეო-სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

მსგავს მცდელობას შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან?

ბევრი ჩემი კოლეგის მსგავსად, ვინც ტრანს-ატლანტიკურ საკითხებზე მუშაობს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვღელავდით იმ ზოგიერთი გაცხადების გამო, რომელიც პრეზიდენტმა რუსეთზე და ნატოზე გააკეთა. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა. აქ გამოვყოფდი საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილებას, რასაც მე უკვე რამდენიმე წელია ვემხრობი. ამ იდეას მხარდაჭერები ჰყავდა კონგრესში, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან.

სტატიაში ერთ-ერთ ქვეთავს ჰქვია „გრძელი გზა ნატოსკენ“, ჩვენ ისევ ვაკაკუნებთ ნატოს კარებზე. არ ფიქრობთ, რომ ამ პერიოდში გარკვეული დაღლა, იმედგაცრუების განცდა ჩნდება?

ვფიქრობ მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებმა დაიწყონ მოლოდინების მართვა. არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატოსთან, რამდენიც საქართველოს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ რომ სწორ გზაზე არიან. ვფიქრობ ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატოს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოთმენა ღირს.ამის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მხარდაჭერა.

სტატიაში თქვენ მოგყავთ ნატოს გენერალური მდივნის ციტატა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი გახდეს ნატოს წევრი. პრაქტიკულთან ერთად საჭიროა პოლიტიკური ნებაც, თქვენ ხედავთ ამ ნებას?

ეს ნატოსთვის დიდი გამოწვევაა, და არა საქართველოსთვის. საქართველო ნატოსთან ყველაზე ახლოსაა. ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ არასაკმარისი.

ჩემი აზრით არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან - მაპთან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა ნატოს ყოველი სამიტის წინ ქართველებს მაპის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატოს მაპის გარეშე შეუერთდა. სანამ მაპის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

ბრიუსელის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება მაპის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატოში გაწევრიანებას მაპი არ ჭირდება. თქვენ მაპი არ გჭირდებათ.

რას უნდა ელოდეს საქართველო ბრიუსელის სამიტისგან?

ჩვენ არ ვიცით ზუსტად რას ველოდოთ. მე ვისურვებდი რუსეთის შესაჩერებლად ნატო გამოვიდეს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის იდეით, ვისურვებდი გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებას და მაკედონიის მიღებას, ასევე ვისურვებდი საქართველოსთვის ცალკე კომუნიკეს მიძღვნას, რომელიც აღნიშნავდა რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ნატო კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

კარგი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად ნატო-საქართველოზე დისკუსიები სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართოს. კიდევ ერთი პრაქტიკული იდეა იქნებოდა, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მომუშავე ნატოს ცენტრის გახსნა საქართველოში.

სტატიაში თქვენ გამოდიხართ რეკომენდაციით, საქართველო დაჩქარებულად გახდეს ნატოს წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე.

ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება.

ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ.

მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა.

ამ პროცესში სად ხედავთ თვითაღიარებულ მთავრობებს?

ცხინვალის და აფხაზეთის მთავრობა უკანონო და არალეგიტიმურია, ჩემი აზრით, ის არც არსებობს. ამ პროცესში მათ არავინ უსმენს. ეს ეხება ნატოს და ქართველ ხალხს, ეს არ არის მარიონეტების რეჟიმის გადასაწყვეტი.

ეს არანაირად არ ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების მიტოვებას. ისევე როგორც საქართველოს მთავრობამ დადო პირობა ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ნატომაც უნდა დადოს პირობა, რომ არ გამოიყენებს თავის ძალებს და კოლექტიური თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, სანამ საქართველო ამ კონფლიქტებს მშვიდობიანად არ მოაგვარებს.

როგორ ფიქრობთ, მთავრობა გაიღებს პოლიტიკურ ფასს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შიდა პოლიტიკაში მოყვება?

ამ თემაზე რამდენიმე დღეში თბილისში ვიმსჯელებთ. კარგად მესმის, რომ ეს ნებისმიერი არჩეული მთავრობისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ვაცნობიერებ, რომ ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ არაფერია ადვილი.

თუ საქართველოს ნატოში მალე გაწევრიანება სურს, ჩვენ ამას პრაგმატულად უნდა მივუდგეთ. ახლა ნატოს წევრობას მისი ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს. ეს აფრთხობს ნატოს წევრებს. სტატიაში ასევე ვამბობ, რომ მეხუთე მუხლის შეჩერება ცხინვალზე და აფხაზეთზე დროებითი მექანიზმია და ის ამ ტერიტორიებზეც მას შემდეგ გავრცელდება, რაც კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება.

ეს არანაირად არ ცვლის მიდგომას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ყოველ დეკლარაციაში და შეხვედრაზე ნატო, როგორც ალიანსი, იმეორებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და ეს არ შეიცვლება.

ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია საქართველო გავაწევრიანოთ ნატოში ჩემ მიერ შემოთავაზებული გზით.

თქვენს მიერ შემოთავაზებულ იდეას აქვს საერთაშორისო დატვირთვაც და სცდება მხოლოდ საქართველოს საზღვრებს. რა პრეცედენტს აწესებს ეს სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევების წინაშე დგანან?

ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი რუსეთისთვის, რომ მისი უკანონო ოკუპაციებით და ანექსიით, დამოუკიდებელი ქვეყნის მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს, იქნება ეს საქართველოში, უკრაინაში თუ მოლდოვაში.

დღეს რუსეთი სუვერენულ ქვეყნებში შეჭრით აფერხებს ამ ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს უნდა დასრულდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG