შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთმანეთთან საუბრისას ცივილური ტონი გამოიყენოს. კენტი იმედს იტოვებს, რომ მეორე რაუნდიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება და საქართველოს მოქალაქეების უფლება - არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთონ - დაცული იქნება.
გასულ კვირას საქართველოში ისტორიული არჩევნები გაიმართა. ქვეყანაში პირველად ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. როგორ აფასებთ ამ არჩევნებს?
პირველ რიგში, ჩვენ ეუთოს დასამკვირვებლო მისიის შეფასებას ვეყრდნობით არჩევნების ჩატარებაზე. მათ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნეს და ჩვენ მათ დასკვნას, რომ არჩევნები, ძირითადად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა, მხარს ვუჭერთ. ქართველებს უდავოდ ჰქონდათ არჩევანი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირველად შედგება არჩევნების მეორე ტური. იყო კანდიდატების ფართო სპექტრი და ორმა მათგანმა უდავოდ მიიღო ყველაზე მეტი მხარდაჭერა, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. ამ მეორე ტურში ჩვენი მოლოდინი იქნება არჩევნები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ქართველი ხალხის უფლება - არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთოს - დაცული იქნება.
მთავრობამ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დაასკვნა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებდა, რაც საბოლოო ჯამში, არ გამართლდა. ხედავთ, თუ არა მოსახლეობის მესიჯს მთავრობისადმი იმაში, თუ როგორ დამთავრდა არჩევნები?
იმის თქმა, თუ რა გაკვეთლი უნდა ისწავლოს საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის მიერ ხმის მიცემით, შეერთებული შტატების როლი არ არის. ჩვენი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად წარმატებული, უსაფრთხო, წარმატებული დემოკრატია და რეგულარულად ჩაატაროს არჩევნები, როგორც ამ დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შანსი გამოეხატათ საკუთარი არჩევანი და მათ ეს შანსი მეორე რაუნდშიც მიეცემათ.
მეორე რაუნდამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეშფოთების რაიმე მიზეზს ხომ არ ხედავთ?
საქართველოში რომ ვიყავი, შევხვდი წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ოფიციალურ პირებს. ყველას მოვუწოდე, რომ თუნდაც გაცხარებული პოლიტიკური კამპანიის დროს გამოიყენონ ერთმანეთთან სასაუბრო ცივილური ტონი. ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა“მოღალატე” და“ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი, თუნდაც მღელვარებით სავსე პოლიტიკური კამპანიის დროს. მიმაჩნია, კანდიდატები ერთმანეთს იდეების და საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავალზე მათი შეხედულებების დონეზე უნდა შეეჯიბრონ და ამის შემდეგ, ქართველ ხალხს საკუთარი შეხედულების გამოსახატად მეორე შანსი მიეცემა.
თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში ყოფნის დროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გქონდათ. რა შეხედულების ხართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე?
ვფიქრობ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელსაც უკეთესი მომავალი სურს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება განვითარებულია და დემოკრატია შემდგარია, საქმე მხოლოდ არჩევნებს არ ეხება ხოლმე. იქ საქმე ეხება ჩართულობას. უდავოდ არსებობენ ქართველები, რომლებსაც საჯარო სამსახურში თანამდებობები არ აქვთ, მაგრამ სურთ იყონ ჩართულები საქართველოს უფრო წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესში. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს საქართველოს განვითარებაში კრიტიკული როლი აკისრია. სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეასრულოს ზედამხედველის როლი, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლებზე, ასევე მაგალითად, მედიაზე, იმაში დასარწმუნელად, რომ სახელმწიფო სექტორი და მედია მოქალაქეებს ინფორმაციას უზიარებს იმისთვის, რომ ხალხმა ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს.
რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მედია გარემო არჩევნების მეორე რაუნდის ჩატარებამდე?
ვფიქრობ, ნებისმიერ საზოგადოებაში მედიის როლი საზოგადოებისთვის კრიტიკულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებაა. ვფიქრობ, კარგია შეხედულებების მრავალფეროვნების ქონა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდეს სხვადასხვა სახის მედია, რომლებიც განსხვავებულ პერსპექტივას, განსხვავებული ფორმის ინფორმაციას აჩვენებს ხალხს. როგორც ვნახე, საქართველოში შეხედულების მრავალფეროვნება ნამდვილად არსებობს. ამ ინფორმაციის გაშვება და შემდეგ ხალხისთვის შანსის მიცემა გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მნიშვნელოვანია.
ერთ-ერთმა მედია საშუალებამ, ტელეკომპანია “იმედმა” განაცხადა, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ტელევიზია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს იმ მიზნისკენ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს. რას ფიქრობთ ამაზე, ქმნის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზს?
ვფიქრობ, მედია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში გარკვეულ როლს თამაშობს. მოქალაქეების უფლებაა მედიისგან პროფესიონალიზმი მოითხოვონ. ბევრ ქვეყანაში, მედია ხშირად მიმართავს საკუთარ ერთგულებას რომელიმე ფილოსოფიის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ და ეს იმის ნაწილია, რომ გაგებული იქნას, თუ ვის ხელშია მედია და ვისთან არის ის ასოცირებული.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვით ხალხს მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში, მან არჩევნებზე, მეორე რაუნდზე, ქვაყანაში არსებულ ვითარებაზე და მთავრობის საქმიანობაზე ისაუბრა. თქვენი აზრით, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში და არის თუ არა ის შეშფოთების მიზეზი?
მე “ფეისბუქზე” მას თვალს არ ვადევნებ და ამიტომ არ მინახავს მისი პრეზენტაცია. არის მეორე რაუნდში გადასული ორი კანდიდატი. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ გაშაძეს შორის უნდა გააკეთოს და ეს მათზეა დამოკიდებული თუ ვინ იქნება ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი.
რას ეტყოდით საქართველოს მოსახლეობას ახლა, როცა ქვეყანა არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება?
ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნები შეიძლება ცხარე დებატებს და პოლიტიკურ ფიგურებს უკავშირდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებაა, რომ იმ ლიდერების არჩევა, რომლებიც ხალხის საჭიროებას ემსახურებიან, დემოკრატიული პროცესის ნაწილია. საქართველოს შემთხვევაში, იმ ქვეყნის, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, ისეთი სიტყვების გამოყენებისას, როგორიცაა მაგალითად, “მოღალატე,” მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მტერი ქართველი არ არის.
საქართველოდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდით, მათ შორის, იყავით საოკუპაციო ხაზზე. რა ზოგადი შთაბეჭდილებები გაქვთ ოკუპაციის აღქმაზე?
ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული იყოს, რა გავლენა აქვს ამას ჰუმანიტარულ მდგოამრეობაზე და ხალხზე, რომელსაც საკუთარი სახლის იძულებით დატოვება მოუწია. მე ვეწვიე რამდენიმე სოფელს, რომელიც შუაზე გაყოფილია ღობით, რომელიც რუსეთმა აღმართა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კონფლიქტიდან გამოსვლაში, ჩვენ გვინდა საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით.
ჯორჯ კენტთან სრული ვიდეო ინტერვიუს ნახვა, შეგიძლიათ კვირას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე "ამერიკის ხმის" ყოველკვირეულ გადაცემაში "ვაშინგტონი დღეს."
Facebook Forum