ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასლუნდი: მნიშვნელოვანია საქართველომ სანქციებზე ისაუბროს და დასავლეთის დღის წესრიგში სულ იყოს


ანდერს ასლუნდი, "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი
ანდერს ასლუნდი, "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი

ქერჩის სრუტეში ნოემბრის ბოლოს რუსეთმა უკრაინის სამი გემი დაკავა და მათ ბორტზე მყოფი მეზღვაურები დააპატიმრა. საერთშორისო თანამეგობრობამ ეს ფაქტი დაგმო და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა. მას შემდეგ თითქმის 4 თვე გავიდა. ყველა დაკავებული მეზღვაური დღემდე პატიმრობაშია. ქერჩის ინციდენტზე საპასუხოდ, ტრანს-ატლანტიკურმა თანამეგობრობამ რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესა. "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი, ეკონომისტი ანდერს ასლუნდი სანქციების ეფექტურობას აფასებს და ამბობს, რომ დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში უფრო მეტად უნდა გაერთიანდეს. ის ასევე დასძენს, რომ საქართველომ, სანქციების კონტექსტში, რუსულ ოკუპაციაზე აქტიურად უნდა ისაუბროს. ასლუნდს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა

ანდერს, მადლობა ინტერვიუსთვის. ევროკავშირმა, კანადამ და ამერიკამ რუსეთს ქერჩში უკრაინულ გემებზე თავდასხმის გამო ერთობლივი სანქციები დაუწესეს. თქვენ ამბობთ, რომ ეს საკმარისი არ არის და ამასთან, დაგვიანებული ნაბიჯია. რატომ მიგაჩნიათ ასე?

თავდასხმის შემდეგ თითქმის ოთხი თვე გავიდა და ამასთან, სანქციები ძალიან მცირე მასშტაბებისაა. სავიზო სანქციები თითქმის უმნიშვნელოა და ამერიკის სანქციები ყირიმში გემთმშენებელ კომპანიებს დაუწესდა, რასაც დიდი გავლენა არაფერზე ექნება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სავიზო სანქციები დაუწესდათ, ყველაზე მაღალი რანგის მქონე პირი სანაპირო დაცვის მეთაურის მოადგილეა. ეს არ არის დიდი წონის მქონე თანამდებობა. ახალი სანქციები ძალიან სუსტად გამოიყურება, მასში ახალი სახელები არ შესულა.

რუსებმა ამას შეხედეს და თქვეს, ჩვენ უფრო ფხიზლად ვართ ვიდრე თქვენო და აი, 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ევრობონდები გამოსცეს იმის საჩვენებლად, რომ ფულს როცა უნდათ მაშინ იშოვიან. თურქეთს 3 მილიარდი ასესხეს. ესეც იმის დემონსტრირების მიზნით, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციის მხრიდან, ეს მაინც ხმამაღალი განცხადება იყო, რადგან 4 თვის განმავლობაში ქერჩის თავდასხმაზე რეაგირება არ მოხდარა, განცხადებებს თუ არ ჩავთვლით და ბოლოს, ერთობლივი სანქციები მაინც დაწესდა.

დიახ, ამის შეჯამება ასე შეგვიძლია - ჩვენ გვღვიძავს, ეს ასე რომ არც ჩანდეს. ამ ეტაპზე არაფერი ხდება ისეთი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დამატებითი სანქციები მუშავდება. ამერიკა, სავარაუდოდ, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთს სანქციებს დაუწესებს, მაგრამ ესეც ხომ დაგვიანებული და ამ ეტაპზე უკვე უმნიშვნელო იქნება... რუსებმა ამას შეხედეს და თქვეს, ჩვენ უფრო ფხიზლად ვართ ვიდრე თქვენო და აი, 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ევრობონდები გამოსცეს იმის საჩვენებლად, რომ ფულს როცა უნდათ მაშინ იშოვიან. თურქეთს 3 მილიარდი ასესხეს. ესეც იმის დემონსტრირების მიზნით, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

თქვენი აზრით, რუსეთი წინ არის?

ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აკეთებს პუტინის დასახმარებლად. შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ ისაა, თუ რატომ აკეთებს ის ამას? ამერიკას დღეს ორი საგარეო პოლიტიკა აქვს რუსეთთან მიმართებაში - ერთი ტრამპის პოლიტიკაა და მეორე, საკმაოდ კონსერვატული, რესპუბლიკური პოლიტიკა.

ამერიკას დღეს ორი საგარეო პოლიტიკა აქვს რუსეთთან მიმართებაში - ერთი ტრამპის პოლიტიკაა და მეორე, საკმაოდ კონსერვატული, რესპუბლიკური პოლიტიკა.

თქვენი აზრით, როგორ მოქმედებს სანქციების პოლიტიკა რუსეთის ეკონომიკურ ელიტაზე - განსაკუთრებით ოლიგარქებზე? რამდენად მკაცრი თუ სუსტია სანქციები ეს სხვა თემაა. ერთი საკითხი, რაზეც ექსპერტები თანხმდებიან ისაა, რომ სანქციებს ოლიგარქებზე გავლენა აქვს. თქვენ რას ფიქრობთ? ეს ასეა?

პირველ რიგში ისინი ძალიან უკმაყოფილონი არიან. რუსეთში ოლიგარქები ორ ნაწილად იყოფიან. უფრო განათლებული ნაწილი, და უფრო დიდი ნაწილი ქვეყანას ტოვებს. რუსეთში აქტივებს ყიდიან ან საზღვარგარეთ გადააქვთ და შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში გადადიან. უფრო პატარა ნაწილი კი ფიქრობს, რომ დასავლეთში წასვლის შანსი არ აქვთ და ისინი რუსეთში რჩებიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რუსეთის ბიუჯეტს დასავლეთს მიერ სანქცირებული რუსეთის სახელმწიფო საწარმოების სუბსიდირება, დაახლოებით, 13 მილიარდი დოლარი უჯდება. რამდენად მდგრადი და ეფექტურია ეს მიდგომა? თქვენი აზრით, კრემლი შეძლებს კიდევ დიდ ხანს გააგრძელოს დანაკარგების ანაზღაურების პოლიტიკა?

ჩემი აზრით, სანქციების შედეგად დანაკარგები გაცილებით მეტია. 2015 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ამბობდა, რომ იმ დროისთვის დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას მთლიანი შიდა პროდუქტის 1-1.5 პროცენტი დაუჯდებოდა და ეს მხოლოდ ფინანსურ სანქციებს ეხებოდა. ბლუმბერგმა კი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი დაუჯდა - ეს კი დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია.

ამ ვითარებას შეუძლია ოლიგარქებში ერთგვარი ამბოხის გამოწვევა კრემლის წინააღმდეგ?

რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტს დოლარებში რომ დავაკვირდეთ, ცხადად ჩანს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ის სტაბილურად მცირდება. ათი წლის წინ ეს 2.2 ტრილიონი იყო. დღეს კი ეს თანხა 1.6 ტრილიონი დოლარია. რატომ უნდა ჩადოს ვინმემ ინვესტიცია სუსტ ეკონომიკაში? რეალური ზრდის მაჩვენებელი წელს 1 ან 1 ნახევარი პროცენტი იქნება. ეს არ არის კარგი მაჩვენებელი მზარდი ეკონომიკისთვის.

ოლიგარქები ბიზნესმენები არიან. ისინი ყველაფერს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით უყურებენ - ღირს თუ არა აქ ან იქ ბიზნესის კეთება. და რუსეთი დღეს ეს ადგილი არ არის. რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტს დოლარებში რომ დავაკვირდეთ, ცხადად ჩანს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ის სტაბილურად მცირდება. ათი წლის წინ ეს 2.2 ტრილიონი იყო. დღეს კი ეს თანხა 1.6 ტრილიონი დოლარია. რატომ უნდა ჩადოს ვინმემ ინვესტიცია სუსტ ეკონომიკაში? რეალური ზრდის მაჩვენებელი წელს 1 ან 1 ნახევარი პროცენტი იქნება. ეს არ არის კარგი მაჩვენებელი მზარდი ეკონომიკისთვის. სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის წილი რომ შევადაროთ, რუსეთის მაჩვენებელი ამერიკის დონის მხოლოდ მეოთხედია. ეს არის ეკონომიკა, რომელიც სტაგნაციას განიცდის და დასავლეთს კი არ უახლოვდება არამედ, შორდება.

როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ყურადღების ცენტრში ყოველთვის უკრაინაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ისევ საქართველოშია, მიუხედავად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, სისტემატურად ხდება საქართველოს მოქალაქეების გატაცება, საქართველო სანქციებში არსად ფიგურირებს. როგორ ფიქრობთ, საქართველოს მხრიდან მომგებიანი იქნება უკრაინის სანქციების კონტექსტში საქართველოს ჩასმის მოთხოვნა?

საქართველომ, რა თქმა უნდა, ეს გეზი უნდა აირჩიოს, მაგრამ ძალიან რთული იქნება დასავლეთის ყურადღების მოპოვება.

რატომ?

დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას რომ შეხედოთ, ნახავთ, რომ ეს გათიშვის პოლიტიკაა. გრძელდება ის, რაც აქამდე დაიწყო, მაგრამ ამას არ ემატება არაფერი ახალი. ვენესუელის გარდა. ვფიქრობ, საქართველომ ამაზე უნდა ისაუბროს და ეს უფრო მკაფიოდ გააკეთოს. სამწუხაროდ, დიდი წარმატების მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო დღის წესრიგში სულ იყოს. ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოულოდნელად შეიცვალოს და ცვლილებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებული იქნება.

თქვენ დასავლეთის ერთობას სკეპტიკურად აფასებთ და ამბობთ, რომ დასავლეთმა პუტინს აზოვის ზღვის ინციდენტის შემდეგ გამარჯვება გადასცა. რას გულისხმობთ ამაში?

მე სანქციების დრამას დეტალურად ვაკვირდები. შარშან ამერიკამ ევროპასთან სანქციების კოორდინაცია არ მოახდინა. ამის გამო, „რუსალთან“ დაკავშირებულმა სანქციებმა ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობები დააზიანა. „რუსალს“ ქარხნები ევროპის 6 ქვეყანაში ჰქონდა და სანქციებმა მათ დიდი ზიანი მიაყენა. ამერიკამ ევროპელები არ გააფრთხილა, რომ ოლეგ დერიპასკას სანქციებს უწესებდა. ამან ორი შედეგი მოიტანა - ერთი იყო ის, რომ ევროპელებმა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა დაკარგეს. მეორე კი ის, რომ მათ რუსეთის სანქციების მიმართ მადა დაეკარგათ. ტრამპის ადმინისტრაციამ ქერჩის მოვლენების შემდეგ ევროპელებთან კოორდინაცია სცადა. მაგრამ ამ დროისთვის ურთიერთობა უკვე დაზიანებული იყო.

ამასთან, იტალიაში მთავრობა შეიცვალა. ეს კი ევროპის დიდი სამეულის ერთ-ერთი წევრია, რომელსაც რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლა შეუძლია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინია, რომელიც იტალიელი სოციალისტია და ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. რუსეთში ამ ყველაფერს თვალს ყურადღებით ადევნებენ და ფიქრობენ, რომ ამერიკა მკაცრ სანქციებს აღარ დაუწესებს. ჩემი აზრით, მალერის გამოძიების დასკვნა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ამ მიმართულებით. თუმცა, თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი 2016 წლის არჩევნებში უხეშად ჩაერია, სანქციებს, სავარაუდოდ, კონგრესი დააწესებს და არა ადმინისტრაცია. ეს კი მთლიანად ამერიკული სანქციები იქნება ევროპასთან კოორდინაციის გარეშე.

ეს კარგი იქნება თუ ცუდი? ერთის მხრივ არ იქნება ცუდი ამერიკამ სანქციები რომ გაამკაცროს.

თანამშრომლობა ყოველთვის უკეთესია. თუმცა, ეკონომიკურ სანქციებს შორის ყველაზე ეფექტური ფინანსური სანქციებია და ფინანსური სანქციები თითქმის მთლიანად ამერიკაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო საბანკო ოპერაციების 65 პროცენტი ამერიკულ დოლარში ხორციელდება. ფინანსური ტრანზაქციების დროს თითოეული ამერიკული დოლარი ნიუ-იორკში მდებარე სამ დიდ ბანკს გადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკას ამერიკულ დოლარზე იურისდიქცია აქვს. შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით, ამერიკამ მარტოც რომ იმოქმედოს, მაინც ძალიან ეფექტური იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG