უკრაინაში, 5 წლის წინ, ეგრეთწოდებული, რუსი „მწვანე კაცუნების“ გამოჩენის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია, 2008 წელს, საქართველოში შეჭერის შემდეგ მისმა დაუსჯელობამ მოიტანა შედეგად. ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესდა, საქართველოს შემთხვევაში კი მსგავსი გრძელვადიანი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამასთან, 2008 წლის აგვოსტოში, რუსეთ-საქართველოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელსაც რუსეთი დღემდე არღვევს. აქვს თუ არა საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას ბერკეტები, რათა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვისკენ უბიძგოს და რამდენად ეფექტურია ჟენევის მოლაპარაკებები? ამ თემებზე, სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილეს და ამჟამად, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროს ვიცე-პრეზიდენტ ჰედერ კონლის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ჰედერ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ საფრანგეთში საკმაოდ წარმატებული ვიზიტით იმყოფებოდა. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა საჯაროდ ისაუბრეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე. რას ფიქრობთ ამ შეთანხმებაზე ზოგადად?
[რუსეთის შემთხვევაში] პროცესი ისეა შედგენილი, რომ ის ათწლეულების განმავლობაში ვერ მოიტანს შედეგს და ეს ყოველივე მაშინ, როცა ადგილზე ხდება საზღვრის მუდმივი გადაწევა, ადამიანები კარგავენ სახლებს, ნაკვეთებს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ირღვევა. ჩვენ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ საქმე არ დამთავრებულა და ყველაზე რთული საქმე ჯერ ისევ გასაკეთებელია -- რუსეთს ანგარიშვალდებულება უნდა დავაკისროთ.
ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი დროა იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ცოტა ხნის წინ, წერილი გამოაქვეყნა, სადაც ევროპას ახალი ევროპულ რენესანსის დაწყებისკენ მოუწოდებდა. გვჭირდება განახლება, ახალი სტრატეგიული მიზანი ევროპის გასაფართოებლად. ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთში ჩავიდა - სადაც მას, რა თქმა უნდა, კარგად მიიღებდნენ. ეს კარგი იყო იმის გამო, რომ მას შეეხსენებინა საფრანგეთის მთავრობის უმაღლესი დონისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ფრანგული დიპლომატიის მუშაობის შედეგი იყო, ხელშეკრულება დღემდე ირღვევა. რუსები, გარკვეულწილად, ასე იქცევიან. ზოგიერთი თემის გარშემო პროცესს ქმნიან, რაც დიპლომატებს ზოგჯერ ახარებს, იმიტომ რომ გვინდა გვქონდეს პროცესი, რომლითაც პრობლემებს გადავჭრით. მაგრამ [რუსეთის შემთხვევაში] პროცესი ისეა შედგენილი, რომ ის ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, ათწლეულების განმავლობაში ვერ მოიტანს შედეგს და ეს ყოველივე მაშინ, როცა ადგილზე ხდება საზღვრის მუდმივი გადაწევა, ადამიანები კარგავენ სახლებს, ნაკვეთებს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ირღვევა. ჩვენ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ საქმე არ დამთავრებულა და ყველაზე რთული საქმე ჯერ ისევ გასაკეთებელია -- რუსეთს ანგარიშვალდებულება უნდა დავაკისროთ.
თქვენ მაკრონის წერილი ახსენეთ. საქართველოს გადმოსახედიდან ეს წერილი და პრეზიდენტის ვიზიტი საინტერესო დროს დაემთხვა ერთმანეთს. თქვენი აზრით, ახალი ევროპული რენესანსის მისეულ ხედვაში საქართველოს ადგილი არის?
ძალიან რთულია პრეზიდენტ მაკრონის ევროპული ხედვის ბოლომდე გაგება. ის ფაქტობრივად ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც ერთან ევროპულ იდენტობაზე აქტიურად საუბრობს. ამ პოზიტიურ ენთუზიაზმს ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ის მარტო ვერ მიაღწევს. გერმანიაში ხანგრძლივი შიდა-პოლიტიკური ტრანზიციის პროცესი გრძელდება, “ბრექსიტი,” რა თქმა უნდა, ბრიტანეთის და გარკვეულწილად ევროკავშირის პრიორიტეტია, იტალია ევროკავშირის წესებს ეწინააღმდეგება, იმავეს აკეთებს უნგრეთი, პოლონეთი, თუ რუმინეთი. ძალიან რთული დროა ევროპის პოზიტიური ხედვის შენარჩუნებისთვის. მარკონი თავის წერილში საზღვრებზე, მათ გამაგრებაზე, მათ დაცვაზე საუბრობდა. საქართველოსაც სჭირდება საკუთარი საზღვრების დაცვა. ჩემთვის ეს წერილი ფართო ევროპულ იდეაზე საუბრობდა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საფრანგეთის მთავრობა ევროპის გფართოებას ყოველთვის არ ეთანხმება, ისინი ყოველთვის შიშობენ, რომ გაფართოვებით ევროპა გაზავდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ უნდა ისარგებლოს მარკონის ამ მოწოდებით.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 11 წელი გავიდა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი მას თავიდანვე არღვევდა. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებით, კი შეთანხმება მთლიანად უგულებელყო. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, არსებობს იმის შანსი, რომ რუსეთი იძულებით თუ დაყოლიებით ხელშეკრულების პირობებს დაუბრუნდეს?
რუსეთი არ აღიარებს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს არ სჯერა იმის, რომ საქართველოს, უკრაინას თუ მოლდოვას სუვერენიტეტი გააჩნიათ და მიაჩნია, რომ მათი დასავლეთისკენ სვლა შეუძლია შეაჩეროს. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ეს პრობლემა და შემდეგ მის გადასაჭრელად დიპლომატიური და სხვა ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ.
იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ის უნდა გავაფართოვოთ. იმის ნაცვლად, რომ გვქონდეს ინდივიდუალური პროცესები, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს - ჟენევის პროცესი საქართველოსთვის, ნორმანდიის ფორმატი უკრაინის შემთხვევაში, ექვს პლიუს ორი ფორმატი მოლდოვაში… ამის ნაცვლად კარგი იქნება თუ დასავლეთი შეიმუშავებს ერთ სტრატეგიას, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გააერთიანებს. მოდით, გავზარდოთ ეს თემა. რუსეთი არ აღიარებს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს არ სჯერა იმის, რომ საქართველოს, უკრაინას თუ მოლდოვას სუვერენიტეტი გააჩნიათ და მიაჩნია, რომ მათი დასავლეთისკენ სვლა შეუძლია შეაჩეროს. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ეს პრობლემა და შემდეგ მის გადასაჭრელად დიპლომატიური და სხვა ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ.
თქვენ ის პროცესები ჩამოთვალეთ, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა მათ დიდი შედეგები არ მოუტანია. მათ გაგრძელებას აზრი აქვს? შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ისინი კონსტრუქციულ შედეგს მოიტანს?
დიპლომატია, დიალოგი ყოველთვის გვჭირდება. მე არ ვამბობ, რომ სხვა ალტერნატივებზე უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ჩვენს მიერ იმის სურვილს, რომ ვაწარმოოთ დიალოგი, [რუსეთი] იყენებს იმისთვის რომ პროცესი გააჩეროს, იმისთვის რომ პრობლემა არ გადაიჭრას. თავი უნდა დავაღწიოთ ამ მახეს. ეს საკითხები უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ, რადგან მათ შორის ბევრი მსგავსებაა -- რუსეთის ჯარი ოკუპანტის პოზიციაშია, ქვეყნებს ისინი საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდათ და სთხოვენ წასვლას, მაგრამ რუსები არ მიდიან, ისინი არღვევენ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ხელი მოაწერეს. ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ყურადღებას გვიფანტავს, ან ვამბობთ ხოლმე, რომ რუსეთთან სხვა საკითხებზე თანამშრომლობა გვინდა. რუსებს სურთ, რომ სწორედ ეს გავაკეთოთ - დავივიწყოთ საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე… ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ.
ყოველ დღე, როცა საქართველო გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულების ქონისთვის, ინსტიტუტების განვითარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისთვის იბრძვის, ქვეყანა უკეთეს მომავალს კიდევ ერთი დღით უახლოვდება. თუ ის დანებდა რუსულ გავლენას, თუ დანებდა იმ აზრს, რომ მის სამეზობლოში, დამოუკიდებელ ქვეყნად არსებობა არ შეუძლია, მაშინ ქვეყანა ნაბიჯს უკან გადადგამს.
უფრო მეტიც, საკუთარი ისტორია უნდა გავიხსენოთ. ამერიკამ ბალტიისპირეთის ქვეყნების საბჭოთა კავშირის მიერ ანექსია არ აღიარა. [მათ გათავისუფლებას] 50 წელი დასჭირდა. ისინი მძევალი ქვეყნები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათზე ვფიქრობდით, ეს პოლიტიკის პრიორიტეტი იყო. ხელახლა გვჭირდება ზოგიერთი ამ პრინციპის განახლება. მიუღებელია საზღვრების ყოველდღიურად შეცვლა. კონფლიქტების ზონებში ადამიანების ცხოვრება ყოველდღიურად იცვლება, ადამიანები იღუპებიან, კარგავენ სახლებს, ხშირად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ ეს სტატუს ქვო, უფრო სწორად, მდგომარეობის გაუარესება არ უნდა მივიღოთ.
საქართველოს უკვე დიდი ხანია აკვირდებით. რამდენად მოქნილია, თქვენი აზრით, დემოკრატია ქვეყანაში?
ეს პროცესია, რომელიც ახლა იწყება. ამერიკის დემოკრატია ჯერ ისევ სამუშაო პროცესშია. წინ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს ხშირად უკან გადადგმული ნახევარი ნაბიჯი მოჰყვება. მაგრამ ყოველ დღე ბრძოლა უნდა გააგრძელო. ყოველ დღე, როცა საქართველო გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულების ქონისთვის, ინსტიტუტების განვითარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისთვის იბრძვის, ქვეყანა უკეთეს მომავალს კიდევ ერთი დღით უახლოვდება. თუ ის დანებდა რუსულ გავლენას, თუ დანებდა იმ აზრს, რომ მის სამეზობლოში, დამოუკიდებელ ქვეყნად არსებობა არ შეუძლია, მაშინ ქვეყანა ნაბიჯს უკან გადადგამს. ყველა დემოკრატია პროცესია და მუდმივ მუშაობას მოითხოვს. ამერიკაში და ევროპაში კი უნდა გავაგრძელოთ ამ პროცესების მხარდაჭერა და წახალისება. იმ შემთხვევაში კი, თუ უკუსვლა დავინახეთ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ესაა მეგობრობა, ესაა მოკავშირეობა. ეს რთული პროცესია, მაგრამ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ქვეყანა გაივლის.
საქართველოს დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავს. ბევრი ქვეყანა და ადამიანი იზიარებს ქვეყნის წინსვლის სურვილს და დახმარებისთვის მზაობას. თუმცა, საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დასავლეთმა ის საბოლოოდ, წევრად მიიღოს. ეს, ნაწილობრივ, რუსული პროპაგანდის გავლენას უკავშირდება, რომელიც ამბობს, რომ აი, თქვენ ხომ ყველაფერი გააკეთეთ, რატომ არ გაიღო თქვენთვის ნატოს კარი… რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ამას ფიქრობდნენ?
აქ გამოწვევა ისაა, რომ საქმე ნატოს და ევროკავშირის წევრობას სინამდვილეში არ ეხება. აქ მთავარი ისაა, თუ როგორი ქვეყანა უნდა თვითონ საქართველოს რომ იყოს, როგორი მომავლის შემქნა უნდა შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დღეს ვხედავთ ალიანსის და ევროკაშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას, რომელის დემოკრატიული ინსტიტუტები დრამატულად უკან იხევს. ნატოსა და ევროკავშირის წევრობა პროცესის დასასრული არ არის ეს მხოლოდ დასაწყისია და სწორედ ამას ვხედავთ დღეს ცენტრალურ ევროპაში, სადაც დემოკრატიული ტრანზიცია წარმატებული და წარუმატებელი ერთდროულად აღმოჩნდა. ანუ, ეს პროცესია… საქართველომ დემოკრატია საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის და მათი მომავლისთვის უნდა დაამყაროს. დანარჩენი ყველაფერი მოვა. ის კი, როგორი უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული წარმატება, მხოლოდ საქართველომ იცის.
საქართველოში დღეს ხშირად საუბრობენ ანაკლიის პორტზე და ქვეყნის განვითარებისთვის ამ ინფრასტრუქტურის აშენების მნიშვნელობაზე. თქვენი აზრით, ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის?
ინფრასტრუქტურის აშენების თემა დღეს მთელს მსოფლიოში განიხილება. ერთის მხრივ ამას ჩინეთის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ განაპირობებს. 2013 წლიდან ჩინეთი აქტიურად აშენებს ინფრასტრუქტურას მთელს მსოფლიოში, იქნება ეს პორტები, გზები, ტელესაკომუნიკაციო ქსელები თუ სხვა. ამით ჩინეთი დასავლეთისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. 21-ე საუკუნეში ქვეყნების ეკონომიკური წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენადაა ისინი დაკავშირებული დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკურ ქსელთან.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს დაეხმარება უკეთ დაუკავშირდეს ევროპასა და აზიას. ეს ინფრასტრუქტურა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუმცა, აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, რომ თუ ასეთი პროექტების განხორციელება გამჭვირვალე მეთოდებით არ მოხდა და თუ არ არის კარგად განსაზღვრული ანგარიშვალდებულება, ისინი წარმატებული ვერ იქნება. ამერიკის გადმოსახედიდან, ცხადია გვინდა ვიხილოთ ამერიკის ძლიერი ეკონომიკური ჩართულობა საქართველოში. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიები საუკეთესო კომპანიებია. საქართველომ უნდა შეძლოს იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში აშენდება, საქართველოს დემოკრატიას გააძლიერებს და არ დაასუსტებს.
Facebook Forum