ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები რუსეთში ოლიგარქების მიერ "ცვლილების განხორციელებას" არ გამორიცხავენ


2018 წელი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთზე დასავლეთის უპრეცედენტო სანქციებმა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სანქციების სპეციალისტები ამბობენ, რომ დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება პრეზიდენტ პუტინისთვის რთული იქნება და რუსეთში ეკონომიკური ელიტის მიერ წამოწყებული დიდი ცვლილებები გამორიცხული არ არის.

ვაშინგტონი ყოველ 2-3 თვეში ერთხელ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, ევროკავშირი კი არსებულ სანქციებს დროდადრო აგრძელებს და აფართოვებს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის ხაზინა რუსეთს, სავარაუდოდ, დამატებით სანქციებს დაუწესებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ურალვაგონზავოდის" თანამშრომლებს ხვდება, 6 მარტი 2018
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ურალვაგონზავოდის" თანამშრომლებს ხვდება, 6 მარტი 2018

დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, ქვეყნის ეკონომიკას ზიანს აყენებს, თუმცა კრემლი ამ დარტყმის მოგერიებას და ზოგ შემთხვევაში, დამალვას, ადვილად ახერხებს. ამის მაგალითი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და ახალი იარაღის შემუშავების ტემპია, რაც დიდძალ თანხებთან და რესურსების მობილიზებასთანაა დაკავშირებული. ამასთან, სახელმწიფო რესურსების გადანაწილებით ან საკანონმდებლო ცვლილებებით, კრემლი სანქცირებულ კომპანიებს მფარველობს და მოსახლეობის ხარჯზე, მათ დიდძალ ფინანსურ დახმარებას უწევს.

ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სანქციების გავლენის შესაფასებლად არა მხოლოდ მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არამედ ეკონომიკური ელიტის - ოლიგარქების - საქციელსაც უნდა დავაკვირდეთ. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩატამ ჰაუსის” რუსეთის ექსპერტი ნაიჯელ გაუდ დეივისი ამბობს, რომ სანქციებმა ყველაზე დიდი გავლენა რუსეთის ეკონომიკურ ელიტაზე იქონია და სწორედ ამიტომ, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ რეაგირებს ელიტა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.

ერთ შეხედვით ძლიერი რეჟიმები, რომლებსაც უძლეველი ლიდერები უდგანან სათავეში, შეიძლება ძალიან სწრაფად დასუსტდეს და დაიშალოს კიდეც მაშინ, როცა რეჟიმის გარემომცველი ელიტა მიდის დასკვნამდე, რომ ეს ლიდერი მათ იტერესებს ვეღარ იცავს.
ნაიჯელ გაუდ დეივისი

გაუდ დევისი ჰენრი ჰეილის ევრაზიის ქვეყნებში პატრიმონიალური პოლიტიკის თეორიის გათვალისწინებით ამბობს, რომ “პოსტ-საბჭოთა სივრცეში, 1991 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებები შიგნიდან და არა ქვემოდან ხდება. დიდ ცვლილებას ყოველთვის ახორციელებს, ან ყოველ შემთხვევაში, იწყებს ელიტა.” პოსტ-საბჭოთა სივრცეში ეს ცვლილება, როგორც წესი, ეკონომიკურ გაურკვევლობას ან არჩევნებს მოჰყვება.

რუსეთის მთავრობა ზოგიერთ კომპანიას შერჩევითად “მფარველობს” და ამ “მფარველობის საერთო ოდენობა ჯამში, დაახლოებით, 13 მილიარდი დოლარია.”
დივიდ ანი

სანქციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკის დასუსტება და ოლიგარქების მხრიდან გაურკვევლობის განცდა აჩენს კითხვას, შეიძლება თუ არა რუსეთშიც იგივე სცენარი განმეორდეს, როგორიც სხვაგან -- შეიძლება თუ არა პუტინს ეკონომიკური ელიტა განუდგეს და მისი მმართველობის შეცვლა გადაწყვიტოს?

“ერთ შეხედვით ძლიერი რეჟიმები, რომლებსაც უძლეველი ლიდერები უდგანან სათავეში, შეიძლება ძალიან სწრაფად დასუსტდეს და დაიშალოს კიდეც მაშინ, როცა რეჟიმის გარემომცველი ელიტა მიდის დასკვნამდე, რომ ეს ლიდერი მათ იტერესებს ვეღარ იცავს,” უთხრა გაუდ დეივისმა “ამერიკის ხმას.”

რუსი ოლიგარქები დასავლეთის მხრიდან მათთვის პერსონალური სანქციების დაწესების შემდეგ უპრეცედენტოდ რთულ მდგომარეობაში არიან. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ამერიკის მთავრობამ მათ სამგზავრო და ფინანსური სანქციები დაუწესა. ამ პირობებში, ანალიტიკოსები პარადოქსზე საუბრობენ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტად მტრულად განეწყო კრემლი დასავლეთის მიმართ და რაც უფრო მეტად გააძლიერა პუტინმა საკუთარი კონტროლი ქვეყანაზე, მიუხედავად ძალაუფლების ვერტიკალთან სიახლოვისა, რუსი ოლიგარქები უფრო მეტად დაუახლოვდნენ დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი, დასავლეთში მათი ქონების დაცვის სანდო იურიდიული და ფინანსური მექანიზმების არსებობაა, რაც ბიზნეს ელიტას რუსეთში არ აქვს.

გაუდ დეივისი ამბობს, რომ როცა სანქციებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ქვეყანაზე “ბლანტი დარტყმის მიყენების ინსტრუმენტი არ არის.” მისი თქმით, “რუსეთი დიდი ეკონომიკის მქონე ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ მასშტაბების სანქციები დაუწესდა. ამიტომ, არასწორი იქნება იმის დასკვნა, რომ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ასევე მცდარი იქნება დასკვნა, რომ ამ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის დანგრევა შეუძლია.”

რუსეთის ცენტრალური ბანკის შენობა
რუსეთის ცენტრალური ბანკის შენობა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ერთ-ერთ კოორდინატორ დევიდ ანს მიაჩნია, რომ სანქციებს არა-ეკონომიკური მოულოდნელი შედეგები ნამდვილად მოჰყვა. მისი თქმით, როდესაც კომპანიას დასავლეთის სანქციები უწესდება, საშუალოდ, მისი გაკოტრების ალბათობა რამდენიმე პროცენტით იზრდება, მეოთხედით მცირდება შემოსავლები, ნახევრამდე მცირდება აქტივები და ერთ მესამედით მცირდება სამუშაო ძალა.

ზოგიერთ ოლიგარქს, შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ საკუთარი რესურსები გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსეთში გარკვეული ცვლილებები განახორციელოს.
ნაიჯელ გაუდ დეივისი

თუმცა, ანის თქმით, ეს ფორმულა ყველა რუსულ სანქცირებულ კომპანიაზე არ ვრცელდება. “მაგალითად, წარმოიდგინეთ “ბანკი როსია,” რომელიც ერთ-ერთი პირველი სანქცირებული ბანკი იყო რუსეთში და რომელიც პუტინის პერსონალურ ბანკად მიიჩნევა. 2014 წელს, მასზე სანქციების დაწესებიდან ზუსტად ერთ თვეში, აღმასრულებელი ბრძანებით, ბანკს რუსეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ეს კი ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს ნიშნავს. შესაბამისად, სანქციების მიუხედავად, ბანკის შემოსავლები, დაკლების ნაცვლად, გაიზარდა.”

ანის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა ზოგიერთ კომპანიას შერჩევითად “მფარველობს” და ამ “მფარველობის საერთო ოდენობა ჯამში, დაახლოებით, 13 მილიარდი დოლარია.”

დასავლეთის სანქციები, ანის აზრით, წარმატებულია, მაგრამ რუსეთის მთავრობა სანქცირებული კომპანიების დაცვას ჯერ-ჯერობით ახერხებს და ამას "ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე აკეთებს.” თუმცა, ამასთან, მთავრობა ყველა სანქცირებულ კოპანიას არ უწევს დახმარებას, რაც ბიზნეს ელიტაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს.

ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ბიზნეს ელიტაზე და განსაკუთრებით, უკიდურესად გავლენიან ოლიგარქებზე დაკვირვება მნიშვნელოვანი სანქციების გავლენის შესაფასებლად.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გაუდ დევისს მიაჩნია, რომ რუსულ ეკონომიკურ ელიტას რამდენიმე არჩევანი აქვს. ერთი, პუტინთან კიდევ უფრო დაახლოებაა. თუმცა, ამ ეტაპზე არ ჩანს მტკიცებულება, რომ ისინი ამ გზას აირჩევენ. 2014 წელს რუსეთში ე.წ. “დეოფშორიზაციის” კანონი შევიდა ძალაში, რომელიც ოლიგარქებს ოფშორული ფულის რუსეთში დაბრუნებას სთხოვდა. არც-ერთ რუს ოლიგარქს დღემდე საკუთარი ქონება რუსეთში არ დაუბრუნებია. მეორე არჩევანი ოლიგარქების მიერ “უბრალოდ ჩუმად ყოფნა და ლოდინია” იმ იმედით, რომ გაურკვევლობა დამთავრდება და ისინი ჩვეულ საქმიანობას გააგრძელებენ.

მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რომელიც შეიძლება ელიტამ განახორციელოს, ან შეიძლება ელიტა ამსთან კავშირში სულაც არ იყოს.
ნაიჯელ გაუდ დევისი

გაუდ დევისი კიდევ ერთ არჩევანს ყველაზე საინტერესოს უწოდებს. მისი თქმით, “ზოგიერთ ოლიგარქს, შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ საკუთარი რესურსები გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსეთში გარკვეული ცვლილებები განახორციელოს.” ამით, ისინი საკუთარი ქონების და შესაძლოა სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფენ.

ამ შეხედულების წინააღმდეგ რამდენიმე ფაქტორი არსებობს. მაგალითად ის, რომ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელზეც გაუდ დევისი საუბრობს რუსი ხალხის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. რუსულ საზოგადოებაში კი ოლიგარქების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და დიდი უნდობლობა არსებობს. შესაბამისად, ოლიგარქებს ხალხის მასების მობილიზება გაუჭირდებათ.

გარდა ამისა, რუსეთის ზომიდან და ოლიგარქების რაოდენობიდან გამომდინარე, რთული იქნება ერთობლივი პოზიციის მონახვა და მათ შორის რაიმე სახის კოორდინაცია. ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, სადაც ელიტამ მთავრობების შეცვლა მოახერხა, პატარა საზოგადოებები იყო, სადაც ძირითადად, ერთი ოლიგარქი მთავრობას განუდგა და მის წინააღმდეგ მოსახლეობის მობილიზება მოახდინა. რუსეთში ამის გაკეთება შეუძლებელი თუ არა, უკიდურესად რთული იქნება.

ამ ფაქტორების მიუხედავად, გაუდ დევისი ამბობს, რომ რთულია იმის გათვლა, თუ რა შეიძლება მოხდეს რუსეთში ოლიგარქების მხრიდან გრძელვადიანი გაურკვევლობის განცდის გამო. ამ გაურკვევლობას ხელს უწყობს ისიც, რომ სახელმწიფო შერჩევითად ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რომლებიც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად და არა ყველას.

ის დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, მმართველობის სტილში ბევრი მოულოდნელი ცვლილება განიცადა. “რუსეთი ზედაპირზე ძლიერ ქვეყანად ჩანს, მაგრამ ის საკმაოდ მყიფეა... ანდროპოვის მმართველობიდან ქვეყანა გორბაჩოვის გარდაქმნის ქაოტურ პერიოდზე გადავიდა, ამის შემდეგ ჯერ სისტემა და მერე მთელი ქვეყანა (საბჭოთა კავშირი) დაიშალა, 1990-ან წლებში ქვეყანამ წამოუდგენელი თავგადასავლები გამოიარა და 2000-ანებში კი უცებ მოექცა პუტინის ძალაუფლების ვერტიკალის ქვეშ.”

ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, “მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რომელიც შეიძლება ელიტამ განახორციელოს, ან შეიძლება ელიტა ამსთან კავშირში სულაც არ იყოს.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG