"ამერიკის ხმა" ვაშინგტონში, ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსს დელიბორ როჰაკს მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა.
დიდი მადლობა პირველ რიგში. დიდი ხანია, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, უნგრეთის და პოლონეთის უკუსვლაზე დისკუსია მიმდინარეობს. შეგიძლიათ, ჩვენს მაყურებელს აუხსნათ რა ხდება?
1989 წლის შემდეგ, ვიშეგრადის ქვეყნებში უფრო დიდი სურათი ძალზედ პოზიტიურია. მაგალითად პოლონეთში, იქ რეალური შემოსავალი სამჯერ გაიზარდა 1989 წლის შემდეგ. მათ იგივე დონეზე დაიწყეს, რაც უკრაინამ, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, კანონის უზენაესობა უფრო და უფრო მყარდება ამ ქვეყნებში. ისინი საკუთარი ისტორიის საუკეთესო პერიოდში არიან, რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო. ამავე დროს, ვხედავთ „სტატუს კვოთი“ უკმაყოფილების ზრდას. ხალხი უფრო და უფრო უკმაყოფილოა კორუფციით, ბიზნესის და დიდი პოლიტიკის კვეთით, და ამ ორ ქვეყანაში, პოლონეთსა და უნგრეთში ეს ავტორიტარულ, პოპულისტურ უკურეაქციაში გადაიაზრდა. ამან კი სრულიად შეცვალა პოლიტიკა იქ. თუმცა, რეგიონში უნგრეთი და პოლონეთი გამონაკლისია იმ კუთხით, თუ რამდენად შორს წავიდა ავტორიტარიზმი.
დასავლეთის გრავიტაციული ძალა დღეს ბევრად სუსტია, ვიდრე ეს 90იან წლებში იყო. ევროკავშირის და ნატოს წევრობის პერსპექტივა ძალიან შორეულია. და ამასთან, დასავლეთი დღეს ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე ის 1990იან წლებში იყო.დელიბორ როჰაკი
უნგრეში მედიის მონოლოლიზებას ვხედავთ, ოპოზიციური მედია ქრება. მხოლოდ სამთავრობო ძალები აკონტროლებენ მედია სფეროს. რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ ორ ქვეყანაში?
უნგრეთში არცერთი გაზეთი აღარაა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი. ამის მიზეზია ის, რომ მთავრობასთან ახლოს მყოფი ოლიგარქები ამ გამოცემებს ყიდულობენ. ბევრი დაიხურა კიდეც, უნგრეთსა და პოლონეთში. ასევე, პოლიტიკური თამაშის წესებს მიზანმიმართულად ცვლიან. კანონდებლობის გადახედვის შესაძლებლობა პოლონეთში ფაქტობრივას აღარ არსებობს. არც უნგრეთში. ადგილი აქვს ასევე საარჩევნო კოდექსის შეცვლის მცდელობებს. ვიქტორ ორბანი საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს ამომრჩევლის ხმების მცირე ნაწილით. ბიზნესმენებს, რომლებიც მთავრობასთან ახლოს არიან, აქვთ წვდომა საჯარო კონტრაქტებზე, სახელმწიფო ტენდერებზე და ევროკავშირის ფულზე, რამაც საბოლოოდ, კორუფციის ზრდა განაპირობა. პოლონეთში ეს ჯერ არ მომხდარა, თუმცა როცა უნგრეთს ვუყურებთ, მართალია, ის არ არის თურქეთი ან რუსეთი, თუმცა მდგომარეობა ნამდვილად უარესობისკენ მიდის.
ცოტა ხნის წინ საბჭოთა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრიდან 50 წლისთავი აღინიშნა. იმ დროს საბჭოთა ტანკები პრაღაში შევიდნენ. 50 წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცეკვა პრეზიდენტმა პუტინმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში. ნახევარი საუკუნის შემდეგ, რა გავლენა აქვს რუსეთს ცენტრალურ ევროპაზე და რამდენად გააცნობიერეს ამ ქვეყნებმა რას წარმოადგენს რუსეთი?
ვფიქრობ, ცენტრალური ევროპის ნაწილში მეხსიერების გასაოცარ დაკარგვასთან გვაქვს საქმე. ნაკლებად პოლონეთში, სადაც საბჭოთა ტირანიის მოგონებები ჯერ ისევ ნათელია. თუმცა ჩეხეთში და სლოვაკეთში 1968 წლის მეხსიერება ათწლეულების მანძილზე ჩაქრა. 18დან 34 წლამდე ჩეხებს რომ ეკითხები, თუ ახსოვთ რა მოხდა 1968 წელს, ისინი გეტყვიან, რომ წარმოადგენა არ აქვთ. სხვა გამოკითხვის მიხედვით, როდესაც სლოვაკებს ეკითხებიან მათ ცხოვრებაზე კომუნიზმის დროს, დიდი უმეტესობა ამბობს, რომ ცხოვრება უკეთესი იყო.
ახალგაზრდა თაობაც?
ყველა ასაკოვან ჯგუფში. გასაოცარია. საქმე გვაქვს ნოსტალგიასთან და იმ ფაქტთან, რომ მიუხედავად იმ წარმატებისა, რასაც ამ ქვეყნებმა პოსტ-კომუნისტური გარდაქმნების შედეგად მიაღწიეს, ისინი არ გამხდარან ისე მდიდარი და წარმატებული, როგორც მაგალითად გერმანია, შვედეთი ან შეერთებული შტატები. ამიტომ ამ განცდას, ნოსტალგიასთან ერთად, რუსეთი თავის სასიკეთოდ იყენებს. მოსკოვი მაგალითად სლოვაკეთში სხვადასხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციას აფინანსებს, შეიარაღებულ ჯგუფებს, და ა.შ. პირველად 1989 წლის შემდეგ, ყველაფერი ჰაერშია.
როგორ ცდილობს რუსეთი ამ ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას?
სხვადასხვა არხებით. უნგრეთის მთავრობამ რუსულ სახელმწიფო მონოპოლისტს „რუსატომს“ ბირთვული ენერგო-სადგურის განახლების კონტრაქტი დაუთმო. შეთანხმების დეტალები საიდუმლოა მომავალი 30 წლის მანძილზე. უნგრელები დამოკიდებული იქნებიან რუსული ენერგიის არხებზე. როდესაც 2014 წელს, რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა და ევროკავშირი რთული სქემით ეცადა უკრაინისთვის გაზის უკან გაგზავნას, უნგრეთი იყო ერთადერთი, რომელიც ამას შეეწინააღმდეგა. ასევე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ნატოს სამიტზე უკრაინის მონაწილეობის დაბლოკვა სცადა. რთულია იმის თქმა, თუ რა მიზეზები აქვს ამას, მაგრამ უნგრეთის მთავრობა იქცევა, როგორც მოსკოვის მეხუთე კოლონა ევროკავშირსა და ნატოში.
რატომ ხდება პოპულიზმი და პოპულისტები მიმზიდველი ხალხისთვის? რა ხნის პოლიტიკის ტრადიციულად წარმოებისადმი არსებულ უკმაყოფილებას, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში, ქვეყნები მიილტვიან იმისკენ, რომ ერთ დღესაც მათი პოლიტიკა იდეოლოგიური შეხედულებებზე იყოს აგებული და ამის მაგალითი მათთვის ცენტრალური ევროპაა. ახლა კი იქაც, პოპულისტები იღებენ სათავეს. როგორ ახსნით ამას?
პოპულიზმი მხოლოდ ცენტრალურ ევროპული ფენომენი არაა. ეს მხოლოდ პოლონეთის და უნგრეთის პრობლემა არაა. ამას ვხედავთ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებშიც, და ატლანტის ოკეანის აქეთა მხარეზეც. მოდი ვთქვათ, რომ პოპულიზმი თავისთავად ყოველთვის ცუდი არაა. პოლიტიკოსებს ბრალს არავინ არ სდებს, როდესაც ისინი საკუთარი მესიჯის ამომრჩევლებზე მორგებას ცდილობენ. ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. პრობლემა გვხვდება, როდესაც პოპულისტები ავტორიტარულები ხდებიან და იწყებენ იმ შეზღუდვების უარყოფას, რაც დემოკრატიული გადაწვეტილების მიღების პროცესის ნაწილია, და სურთ მათი გადაწერა. მაგალითად ორბანის შემთხვევაში უნგრეთში, კანონის და სამართლიანობის პარტიის შემთხვევაში პოლონეთში, სირიზას შემთხვევაში საბერძნეთში, მემარცხენე მხარეზე. და ნებიესმიერ შემთხვევაში, იქნება ეს პოსტ-კომუნისტური ქვეყანა, თუ ჩამოყალიბებული დასავლური დემოკრატია, ჩვენ გვჭირდება განახლებული თავდადება კანონის უზენაესობის და თამაშის წესებისადმი. საჭიროა მივხვდეთ, რომ პოლიტიკა მოიცავს პრინციპებს, მაჟორიტარული წესით გადაწვეტილების მიღების პროცეს, და რომ სახალხო მანდატი არ გულისხმობს, რომ შეგიძლია არსებული სისტემა მოისროლო ფანჯრიდან. არსებობს ინდივიდუალური უფლებები, კანონის უზენაესობა და პროცედურული ასპექტები, თუ როგორ ვაკეთებთ პოლიტიკას, და ეს უნდა დარჩეს ხელუხებლად, მიუხედავად იმისა თუ ვინ მოიგებს არჩევნებს.
ჩვენ პოპულისტურ მოძრაობებს დღეს ვხვდებით ევროპაში, ამერიკაში, ბრიტანეთში, იტალია, საფრანგეთი თუ გერმანია, გარკვეულწილად. რა არის ამის საბოლოო წერტილი, რა იქნება პოპულიზმის ტალღის შემდეგ?
ვფიქრობ, საშიში ხდება რეაქციული თავდაცვითი პოზა და პოპულიზმზე ზედმეტი ღელვა. ის არსად წავა. ეს პოლიტიკის ნაწილია, ყველგან, იქნება ეს პოსტ-კომუნისტური თუ დასავლური ჩამოყალიბებული დემოკრატია. და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ. ჩვენ ამ რეალობაში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ამომრჩეველს რაიმე უკეთსი შევთავაზოთ. თუ არ მოგვწონს რასაც ორბანი თუ ციპრასი, ან "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა" სთავაზობენ ამომრჩეველს, ჩვენ უკეთესი იდეები უნდა შევიმუშავოთ, და ვებრძოლოთ მათ დემოკრატიული პოლიტიკის ჩარჩოში. ეს ხალხი იმ რეალური პრობლემების გამო აირჩიეს, რაც ნამდვილად არსებობს. თავს ვერ მოვიკატუნებთ, თითქოს ერაყის ომი არ მომხდარა, ან ფინანსური კრიზისი არ მომხდარა. ჩვენ სერიოზულად უნდა დავიწყოთ ფიქრი საპასუხო პოლიტიკაზე, რომელიც უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება მიმზიდველი. ეს არის გამოწვევა ცენტრისტებისთვის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეზე.
პოლიტიკა დღეს ბევრად განსხვავდება 1990იანი წლების იდეალისტური დემოკრატიული პოლიტიკისგან, რაც ხალხს წარმოედგინა. კორუფციის შრე, დიდი ბიზნესის და პოლიტიკის კვეთა ისევე ძლიერია ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩეხეთია, ან მოლდოვაში. ქვეყნის სათავეში ჩეხეთის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელიც ამავე დროს, გამოძიების ქვეშაა. ანდრე ბაბიში მყავს მხედველობაში. ის ორბანის მსგავსად ავტორიტარი არაა. თუმცა ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც მაგალითად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის უცხო არ არის. და ჩვენ ჩეხეთზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ, წარმატებულ და კარგად მართულ ქვეყანაზე პოსტ-კომუნისტურ ცენტრალურ ევროპაში. გასაოცარია, რომ ეს მემკვიდრეობა ჯერ ისევ არსებობს და არ გამქრალა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრმა პროგრესი ამ ქვეყნებში მიიღო, როგორც მოცემულობა და ფიქრობდნენ, რომ ამის შებრუნება შეუძლებელი იყო. დღეს, ქვეყნები როგორიცაა უკრაინა და საქართველო ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის კვალს მიჰყვებიან და იმედი აქვთ, რომ გაწევრიანდებიან დასავლურ ინსტიტუტებში, ისინი ამას აღიქვამენ, როგორც მათი განვითარების დასასრულს, პოლიტიკური ზრდასრულობის ნიშნას და ა.შ. თუმცა დღეს, როდესაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უკუსვლას ვუყურებთ, რას ეუბნება ეს უკუსვლა უკრაინას და საქართველოს?
ვფიქრობ, ორივე-საქართველო და უკრაინა და სხვა ქვეყნები, უფრო რთულ სიტუაციაში არიან დღეს, ვიდრე ნებისმიერი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა იყო 20 წლის წინ იმ უბრალო მიზეზით, რომ დასავლეთის გრავიტაციული ძალა დღეს ბევრად სუსტია, ვიდრე ეს 90იან წლებში იყო. ევროკავშირის და ნატოს წევრობის პერსპექტივა ძალიან შორეულია. და ამასთან, დასავლეთი დღეს ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე ის 1990იან წლებში იყო. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. ის რთულს გახდის რეფორმისტი, ცენტრისტი პოლიტიკოსებისთვის წარმატების მიღწევას ამ ქვეყნებში. თუმცა ამ უკუსვლის ფენომენიდან თუ ერთი გაკვეთილს გამოვიტანთ, ეს არის ის, რომ საჭიროა მიიზიდო ადამიანების გული და გონება ქვეყნის შიგნით. მხოლოდ ბრწყინავი ზედაპირის შექმნა და ბრიუსელის მოთხოვნების ბრმა შესრულება არ მიგვიყვანს შედეგამდე. საჭიროა პოლიტიკური სისტემის რეალური შეცვლა, სასამართლოსი, საჯარო ადმინისტრაციის ისე, რომ ის ხალხის მოქმედებასთან და შეხედულებებთან იყოს თავსებადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრესი იქნება მყიფე. ვფიქრობ დღეს, ამ სიმყიფეს ისეთ ადგილებში ვაწყდებით, როგორიცაა უნგრეთი.