ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ხაზინა "კრემლის ანგარიშს" აქვეყნებს


შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობასთან დაახლოებული პოლიტიკოსების და ბიზნესმენების სია გამოაქვეყნა, რასაც ხაზინას კონგრესის მიერ მიღებული სანქციების კანონი ავალდებულებდა. ამ კანონის 241 მუხლის თანახმად, ამერიკის ხაზინამ, დაზვერვის და სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად პირველ თებერვლამდე უნდა წარედგინა ანგარიში, რომელიც გამოავლენდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებს, ამხელდა მათ კორუფციულ სისტემებს და შემოსავლის წყაროებს.

ხაზინის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში 200 ადამიანი შედის. ანგარიში ამ პირებზე დამატებით სანქციებს არ აწესებს, თუმცა მათ ნაწილზე წარსულში დაწესებული სანქციები ვრცელდება.

პრეზიდენტმა კონგრესის მიერ თითქმის ერთხმად მიღებულ სანქციებს, რომელიც 2016 წლის არჩევნებზე კრემლის ჩარევის გამო დაწესდა, ხელი ენთუზიაზმის გარეშე გასული წლის აგვისტოში მოაწერა. დონალდ ტრამპის თქმით, კანონი ამერიკული კომპანიების „ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებს აზარალებს“.

ხაზინის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სია სახელმწიფო დეპარტამენტთან და დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით შედგა და მასში შესული სუბიექტები სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა. ესენია პოლიტიკური თანამდებობის პირები და ოლიგარქები.

პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მინისტრები, აღმასრულებელი სააგენტოების მეთაურები, სახელმწიფო სათათბიროს ლიდერები, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოების მმართველები.

ოლიგარქებად ჩამოთვლილია ის პირები, ვისი ქონებაც, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი ან მეტია.

მესამე კატეგორიაში შედის ორგანიზაციები, რომლის სულ მცირე 25 პროცენტს რუსეთის მთავრობა ფლობს და რომელთა წლიურმა შემოსავალმა 2016 წელს ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

დმიტრი პესკოვი, კრემლის პრეს-სპიკერი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრეს-სპიკერი

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა შეერთებული შტატების ნაბიჯს „უპრეცედენტო" უწოდა და თქვა, რომ ამ სვლით სიაში დასახელებულები ამერიკის დეფაქტო მტრებად არიან გამოცხადებულები. სანქცირებულთა შორის დმიტრი პესკოვიცაა.

აგვისტოში მიღებული კანონი ტრამპის ადმინისტრაციას ავალდებულებდა დამატებითი სანქციები დაეწესებინა მათზე, ვისაც რუსეთის თავდაცვის და უსაფრთხოების სამსახურებთან „შესყიდვებს აწარმოებდა“, თუმცა გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ მსგავსი სანქციების დაწესებას ადმინისტრაცია არ აპირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჰედერ ნაუერტი
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჰედერ ნაუერტი

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰედერ ნაუერტემ განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ინფორმაციით „უცხოეთის მთავრობებმა რუსეთის თავდაცვის სფეროსთან დაგეგმილი ან დაანონსებული შესყიდვები გააუქმეს.“ თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას დემოკრატები აკრიტიკებენ. „კონგრესმა სანქციების კანონი იმისთვის მიიღო, რომ რუსეთისთვის ჩვენს დემოკრატიაში ჩარევისთვის სიგნალი გაეგზავნა. როგორც ჩანს, პრეზიდენტს იგივე მესიჯის გაგზავნა არ სურს,“ აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი კონგრესმენ რაჟა კრიშნამურტი.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დიდი, საერთაშორისო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. თუ მხოლოდ სანქციებს აწესებ და ამას სხვა ნაბიჯებით არ ამყარებ, რა აზრი აქვს სანქციების დაწესებას. ტრამპის ადმინისტრაციას უჭირს საერთაშორისო პოლიტიკის სტრატეგიის ჩვენება, განსაკუთრებით ეს რუსეთის მიმართ პოლიტიკას ეხება, ეს რთული საკითხია", „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია. ფრიდის თქმით, სანქციები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG