ავიაკატასტროფის რაიონში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ინდონეზიაში დღესაც გრძელდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავი წყალში 30-35 მეტრის სიღრმეზე უნდა იყოს.
ოფიციალური ცნობების მიხედვით, ორშაბათს ღამით, მყვინთავებმა წყალში ნაპოვნი 24 გვამი საიდენტიფიკაციოდ გადააგზავნეს. ავიაკომპანიის "ლაიონ ეარ" სამგზავრო თვითმფრინავზე, რომელთანაც კონტაქტი გუშინ, ჯაკარტიდან აფრენიდან 13 წუთში გაწყდა, 189 ადამიანი იმყოფებოდა.
სავარაუდო ავარიის ადგილზე ასობით ნივთია ნაპოვნი, მათ შორის წიგნები, საფულეები, ტელეფონები და სხვა ტიპის პირადი ნივთები. დაღუპულთა შორის რამდენიმე ბავშვია.
ამერიკული წარმოების თვითმფრინავის "ბოინგ-737" განახლებული ვერსიის კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობი რჩება. ის ორშაბათს რეგულარულ შიდა რეისს-JT610 ასრულებდა ჯაკარტიდან პანკალინანგის მიმართულებით.
Facebook Forum