ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ადამიანი აუცილებლად უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მას ყურადღება მიაქციოს“


ცალკეული ადამიანების პროტესტი საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოებრივი ყურადღების არეალში ექცევა. მოქალაქეები იმისთვის, რომ სიმართლე და სამართლიანობა იქნას მიღწეული და მათ მიმართ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადექვატური იყოს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შემშლობის აქციებს აცხადებენ.

„ადამიანი აუცილებლად უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მასზე ისაუბროს“, – ამბობს ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ კონტოლირებულ ახალგორში, უკვე მეხუთე დღეა შიმშილობის აქციას მართავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე საგანგაშო იქნება. საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე, აქტივისტმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს და ამბობს:

„ქალბატონო ქეთევან, ვნახე თქვენი კომენტარი ჩემთან დაკავშირებით. კომენტარი იყო საშინლად სამარცხვინო, საკუთარ თავს აჯობეთ.
თებერვალში დამიკავშირდა თქვენი მოადგილე ლაშა დარსალია, ვფიქრობ თქვენი დავალებით. მან ორი სიტყვით მომიკითხა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხან ჭკუას მარიგებდა, ხან მაშანტაჟებდა, დამენებებინა თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკული კომენტარებისგან, რომელსაც სხვადასხვა სააგენტოების გვერდებზე ვწერდი. არ ყოფილა არცერთი სიტყვა თანაგრძნობის ან თანადგომის. მაშინ მან ასევე მითხრა, რომ ჩემ საკითხს აყენებთ უცხოელ პარტნიორებთან. ჩემს კითხვაზე, თარიღი ბოლო წერილის უცხოელებთან გაგზავნილიდ, აღმოჩნდა გასული წლის აგვისტო. თებერვალში, როცა მე ტყვეობის 4 თვეს ვითვლიდი, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რას მედავებოდა პროკურატურა და რა პროცესში იყო ჩემი დევნა და ამის გარეშე გამორიცხულია ვინმესთან ჩემზე გესაუბრათ...“

"ამერიკის ხმა" თამარ მეარაყიშვილს ახალგორში დაუკავშირდა. თამარს სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, ურთულესი ფინანსური მდგომარეობა აქვს. „პური რომ არ მქონდეს, ეს შეიძლება, მაგრამ ინტერნეტი და ტელეფონი რომ არ მქონდეს – ეს წარმოუდგენელია, რადგან ადამიანებთან მუდმივი კავშირის გარეშე, ჩემი ფიზიკური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.

"ამერიკის ხმასთან" თამარ მეარაყიშვილი ამბობს: „მთელი ამ 11 თვის განმავლობაში, რაც საბუთების გარეშე ვიმყოფები, მარტო ვარ. ყველა პრობლემას მე ვაგვარებ, რაც ჩემს წინაშე დგას. ეს შიმშილობის აქცია არის განგაშის სიგნალი ჩემგან, რითაც ვამბობ ჩემი სიმარტოვის შესახებ ბრძოლაშიც და პრობლემებთანაც. თითქმის ყოველ დღე მიკავშირდებიან ჟურნალისტები. ყურადღება მივიპყარი. სოციალურ ქსელში მეგობრები მყავდა, ვინც არც კი იყოდა ჩემი მდგომარეობა, ამ აქციის შემდგომ კი დაინტერესდნენ ჩემი ამბით.

იმედი მაქვს, ამ აქტივობით შევძლებ ადვოკატის, ასევე ინტერნეტისა და ტელეფონის თანხის მობილიზებას. აქ ყველაფერი ძალიან ძვირია, 40 ლარი მჭირდება მხოლოდ ინტერნეტისთვის ერთ კვირაში, რის სესხებაც მიწევს, რადგან პირადად ვერ ვახერხებ ამდენი ხარჯის დაფარვას იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვმუშაობ. ვერ ვმუშაობ არა იმიტომ, რომ არ მინდა, ან არ შემიძლია, არამედ იმიტომ, რომ ჩემი აქტივობით შეწუხებული სახელისუფლებო მანქანა მებრძვის და არსებობის ყველა გზას მიჭრის“.

"ამერიკის ხმა" დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა. მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ჩვენთან საურისას აცხადებს, რომ თამარის საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილება.

„ადამიანის უფლებების დარღვევის კლასიკური მაგალითია მეარაყიშვილის შემთხვევა. ჩვენ ყოველთვის ვაყენებთ მის საკითხს საერთაშორისო პარტნიორებთან, იგივე ჟენევის ფორმატში და ის არის ერთ–ერთი ყველაზე მწვავე საკითხი. ბოლოს ქალბატონი მეარაყიშვილის თაობაზე ჩვენ ვისაუბრეთ 4 ივლისს, თბილისში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკას ყოველდღიური ხასიათი აქვს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სახეს, რაც გააჩნია რუსეთის ფედერაციას.

რაც შეეხება დე–ფაქტო ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ჩვენ მიერ თამარის საკითხის დაყენების თაობაზე, მათი პოლიტიკა, ზოგადად, გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. ესაა სრულიად მიუღებელი პრაქტიკა და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რეჟიმის სახეს, რაც ამ ტერიტორიებზეა. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ეს მათი შიდა სამართლებრივი საკითხია, რასაც სასამართლო გადაწყვეტს. დადგმული სპექტაკლია.“

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია წუხელ, გორში დაფიქსირდა. ერედვიდან 2008 წლის დევნილმა ქეთევან ღამბაშიძემ ღამე ღია ცის ქვეშ გაათია იმ ადგილას, სადაც რამდენიმე თვის წინ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილებს ბინები გადასცა. სწორედ ამ ბინებიდან ერთ–ერთში სცადა მან თვითნებურად შესვლა, საიდანაც პოლიციამ გამოასახლა.

ქეთევან ღამბაშიძესა და მის ოჯახს 2008 წლის შემდგომ მუდმივი თავშესაფარი არ გააჩნია. „მე მინდა, ამ აქციით მთელ მსოფლიოს დავანახო, რა დღეში არიან დღეს დევნილები საქართველოში“,– აცხადებდა იგი და უარს ამბობს გორის მერის შეთავაზებაზე, ღამე თავშესაფარში გადაყვანის შესახებ.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ქეთევან ღამბაშიძემ განაცხადა: „2010 წელს ჩვენი გასახლება შაუმიანში მოხდა ჩვენს დაუკითხავად, ჩვენი თანხმობის გარეშე. დილის 6 საათზე, 5 იანვარს სპეცრაზმი მოვიდა, თვითონ გამოიტანეს ჩვენი ნივთები, ვინ სად მივყავდით, არ ვიცოდით. ჩვენ გამოგვასახლეს სარაჯიშვილის პირველი ნომრიდან, თბილისიდან. შაუმიანში საშინელი პირობები იყო, გველებითა და ქვეწარმავლებით სავსე, შენობა დასანგევი იყო.

დაახლეობით, 216 ოჯახი შეგვასახლეს იქ. ვინც შეეძლო, წამოვიდა, ახლა 60 ოჯახამდეა იქ დარჩენილი. ჩვენ ბავშვი გაგვიხდა ცუდად და წამოვედით ამ გადასახლებიდან, დაახლოებით ერთი წლის შემდგომ. მას შემდგომ ასე დავდივართ, ქირით, ხან სად, ხან სად. ვითხოვთ ნორმალური თავშესაფრის გამოყოფას. დევნილთა სამინისტრო მე მიმიჩნევს დაკმაყოფილებულად სოფელ შაუმიანში. არაფერზე ხელი არ მაქვს მოწერილი, არავის ჩემთვის არაფერი არ შემოუთავაზებია.“

ქეთევან ღამბაშიძე შვილთან, რძალთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან (ათი წლის და ხუთი წლის) ერთად ცხოვრობს. გორის მერიამ დევნილ ქალბატონს დღეს დროებითი თავშესაფარი გამოუძებნა.

კოტე თავზარაშვილი, გორის მერი "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „იმ კორპუსებში, რომელიც აშენდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილებისთვის, გავიგეთ, რომ შეიჭრა არა გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახი. შემდეგ ის ძალით გამოიყვანა პოლიციამ.

გუშინ ღამე მე მივედი ადგილზე, შევთავაზე თავშესაფარში გადაყვანა, მაგრამ არ დამთანხმდა. ჩვენ გვაქვს ხუთი ბინა, რომელშიც განსაზღვრულია უსახლკარო ადამიანების შესახლება. ქეთევან ღამბაშიძე დროებით, ერთი თვით შევასახლეთ ერთ–ერთ ასეთ სახლში დღეს. შესაბამისად, იმ ოჯახს, ვისთვისაც ეს სახლი იყო გათვალისწინებული, მოუწევს ერთი თვით კიდევ მოცდა.“

დევნილთა და განსახლების სამინისტროში იმედი აქვთ, რომ გორის მერია ქეთევან ღამბაშიძეს ერთი წლით დატოვებს თავშესაფარში და არა ერთი თვით, როგორც გორის მერი ამბობს. "ამერიკის ხმასთან" მურად აბლოთია, მინისტრის მოადგილე აცხადებს: „ქეთევან ღამბაშიძეს ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ 2011 წელს აქვს ბინა მიღებული რეაბილიტირებულ შენობაში, შაუმიანის დასახლებაში. დღისთვის იქ 260 ოჯახი ცხოვრობს. თვითონ აცხადებს, რომ მისი ბინა არაა კარგ მდგომარეობაში, მაგრამ თუ ადამიანი შვიდი წლის განმავლობაში ბინას არ მოუვლის, ის გაფუჭდება. ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა მისი ბინის ავარიულობის შესახებ. მას ერთხელ სახელმწიფოსგან მიღებული აქვს ბინა და ხელმეორედ სახელმწიფო ვერ მისცემს თავშესაფარს.“

ქეთევან ღამბაშიძეს სულ სამი შვილი ჰყავს. ორი მათგანი, ოჯახებით შაუმიანის დასახლებაში დარჩა. მესამე შვილისა და მისი ოჯახისთვის თავშესაფრის მოპოვების ერთადერთი გზა სასამართლო დავის წარმოება და საპროტესტო აქციებით საზოგადოების ყურადღების მიქცევაა.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია და შიმშილობა დღეის მდგომარეობით უკვე შეწყვიტა ზაზა სარალიძემ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით შსს–ს შენობასთან იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG