ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ცხოვრება 445 დევნილი ოჯახისთვის


445 –მა დევნილმა ოჯახმა გორში ახალი ბინა მიიღო. ეს ოჯახები 27 წელი ცხოვრობდნენ „ნგრევადი“ სტატუსის მქონე შენობებში.სასტუმრო „ქართლი“, ყოფილი ტურბაზა, ნარკოლოგიურის შენობა – ეს ის ადგილებია, სადაც საშინელებათა ფილმებისთვის უამრავ საინტერესო კადრს იპოვიდით. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამ საცხოვრებლების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც ისაუბრა:

„27 წელია დევნილები სასტუმრო „ქართლის“ შენობაში ცხოვრობდნენ, თითო ნომერი 7–დან 10 კვადრატულ მეტრამდე იყო და მას ერთი ოჯახი იკავებდა. მთელ ამ შენობას ჰქონდა ერთი დიდი ოთახი, რომელსაც ბავშვებისა და მიცვალებულების ოთახს უწოდებდნენ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სიმწრით. გარდაცვლილსაც აქ ასვენებდნენ და, სხვა დროს, ბავშვებიც აქ თამაშობდნენ, სხვა ადგილი არ ჰქონდათ. ამ პირობებიდან გავიყვანეთ ხალხი. იყო ამ სასტუმროშიც რამდენიმე ადამიანი, ვინც უბრალოდ ჩაწერილი იყო იქ, მაგრამ საცხოვრებელი სხვაგან ჰქონდა. გადაწვეტილებები ინდივიდუალურად მივიღეთ. მათ, ვისაც არ ჰქონდა საცხოვრებელი სხვაგან, მიიღო ახალი ბინა.“

სოზარ სუბარი ჩვენთან საუბრისას ეგრეთ წოდებული „სოფლის სახლის“ პროგრამაზეც საუბრობს, რითაც არაერთმა დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. სამინისტრო გარკვეულ თანხას (1–2 სულიან ოჯახებს 17 ათას ლარს სთავაზობს სოფლად სახლის შესაძენად, მაქსიმალური თანხა 31 ათასი ლარია 8 და მეტ სულიანი ოჯახისთვის, შესაძლებელია თანადაფინანსებაც) სთავაზობს ოჯახებს სოფლად სახლების შესაძენად. „უბინაობის პრობლემა დევნილებისთვის, გორში, თითქმის მოხსნილია, თუმცა შიდა ქართლში კიდევ რჩება ასეთი ოჯახები. მათ შორის სურამში, ხაშურში“,– ამბობს სუბარი.

ახალი, ოთხ კორპუსიანი საცხოვრებელი 480 დევნილ ოჯახს დაიტევს. 445 ბინა განაწილდა საახალწლოდ, 35 ჯერ ისევ თავისუფალია. შესახლების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. დევნილები ბუნებრივი აირის მილების მონტაჟს ელოდებიან. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას დევნილები, ვინც ახალი ბინა მიიღო, ამბობენ, რომ სხვა მხრივ, ყველაფერი მზადაა.

ზურაბ გოგუა ახალი კორპუსის ერთ–ერთი მაცხოვრებელია. ის აფხაზეთიდან დევნილია და ახლა სამოთახიანი ბინა მიიღო. მანამდე საცხოვრებელი 3–ჯერ გამოიცვალა, ყოველ ჯერზე მისი ოჯახი ნათესავებმა შეიფარეს. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ის თვეში მხოლოდ 45 ლარს იღებდა. გოგუა ავღანეთის ომის მონაწილეა. მეომრის საქმეს მისი ვაჟი აგრძელებს. მამა–შვილს ქაბულზე და ბაგრამზე ბევრი აქვთ მოსაყოლი და გასაზიარებელი, რადგან ორივე ამ ადგილებს კარგად იცნობს.

„ქარელის რაიონში სამი ბინა გამოვიცვალეთ. აფხაზეთის დაცემის შემდეგ, მთელი 24 წელია აქ ვცხოვრობთ. სახელმწიფოსთვის ქირის გადახდა არასდროს გვითხოვია. ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი მდგომარეობა, ბედნიერება იყო სახლის მიღება ჩვენი შვიდსულიანი ოჯახისთვის. ავღანეთში ვმსახურობდი 1981–1982 წლებში, ორი წელი, რუსულ ჯარში, მაშინ სსრკ არსებობდა. შემდგომ აფხაზეთის ომში ვიბრძოდი, თბილისშიც, ზვიადის დროს, მთელი ახალგაზრდობა ომებში გავატარე, ფაქტობრივად, ახლა ჩემი უფროსი შვილი მსახურობს ჯარში. საზღვარგარეთ ყველა მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული,“– გვეუბნება გოგუა.

კითხვას იმის შესახებ, ადექვატურია თუ არა სახელმწიფოსგან მიღებული კომპენსაცია 24 წლიანი დევნილობის შემდგომ, ის დადებითად პასუხობს: „24 წელი კი ვიტანჯეთ, მაგრამ მარტო მე ხომ არ ვიყავი ასე? ვინც ჩემს მდგომარეობაში იყო, ყველას ასეთი სიტუაცია ჰქონდა. რაღაცნაირად რომ გაისარჯება და მოგხედავს მაინც მთავრობა, ეს ხომ ადექვატურია“.

ზამირა პავლენკომსასტუმრო „ქართლში“27 წელი გაატარა. ისერთ ოთახიან ბინას მიიღებს. ომებს მისი ოჯახის სამი წევრი შეეწირა. „ახალი სახლი მომეწონა, სასტუმროსთან შედარებით, განსაკუთრებით მომეწონა. იქ საშინელ პირობებში ვიყავით, რადგან სხვაგან წასასვლელი არ გვქონდა. მარტო მე კი არა, ყველას მოეწონა, მაგრამ გულის სიღრმეში მაგარი ტკივილი მაქვს. როგორც მიხარია, ისე მეტირება. ყველა რომ გახარებულია, ამბობენ, ბინები, ბინები, ამ დროს კი ჩემი ოჯახის სამი წევრი ამ ომს შეეწირა. ამიტომ ვარ დამწუხრებული,“ ამბობს პავლენკო.

ჩვენთან ინტერვიუში ის ომებს და ოჯახის წევრებს იხსენებს: „მე თვითონ ცხინვალიდან წამოვედი. ჩემი ორივე ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა. ორივე გორგასლის მედლითაა დაჯილდოვებული. ერთი გაუჩინარებულია, საფლავი არ ვიცით. მამა ოსებმა მოკლეს. ხომ ხდებოდა ასეთი სასტიკი მკვლელობები, ჩვენს მხარესაც, ოსების მხარესაც. ცხინვალში დაბრუნებას კი გავბედავდი, მაგრამ ჩემი დაბრუნება ტრაგედიის ტოლფასი იქნება, რადგან იქ ჩემი ძმები ვეღარ შევლენ, ამიტომაც, გამოგიტყდებით, მეც აღარ მინდა იქ დაბრუნება. ვერ აღვწერ, ისე ძალიან უყვარდათ მათ ცხინვალი“.

ბინების მიღებით კმაყოფილება ყველა დევნილმა ოჯახმა ვერ განიცადა. ამ ეტაპზე სახელმწიფო მხოლოდ ისეთ ოჯახებს აკმაყოფილებს, ვისაც სხვაგან საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და არც მამა–პაპეულ საკუთრებას ფლობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG