რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის თქმით, საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის საჰერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს.
ოლეშჩუკის თქმით წარმატებული ოპერაცია იმ თვითმფრინავების დახმარებით მოხდა, რომელსაც კრემლი განადგურებულად აცხადებს.
„კიდევ ერთხელ მტრის [რუსეთის] პროპაგანდის მიერ „განადგურებულად" გამოცხადებული უკრაინული თვითმფრინავები აგრძელებს მისიების წარმატებულად შესრულებას“,- თქვა უკრაინის საჰერო ძალების მეთაურმა კრემლის განცხადების პასუხად, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა პოლტავას რეგიონის აეროდრომზე ხუთი უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად სად მდებარეობდა განადგურებული საბრძოლო მასალების საცავი. თუმცა გავრცელებული ვიდეოს მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ იერიში სევასტოპოლის მახლობლად იყო მიტანილი. სააგენტო „როიტერი“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, წერს, რომ ამ დრომდე ვიდეომასალის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
განცხადება გაავრცელა ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის წარმომადგენელმა მიხაილ რაზვოჟავმა, მისი თქმით შავი ზღვის თავზე და ბალაკლავას რაიონში განადგურებულია ხუთი უკრაინული სამიზნე . რაზვოჟავი აქვე განმარტავს, რომ უკრაინის იერიშებს დიდი ზიანი არ მოჰყოლია. კრემლის მტკიცებით ხანძარი გაჩნდა ტყეში და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, კიევმა მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმზე არაერთი მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა და ზიანი მიაყენა რუსეთის შავი ზღვის ფლოტსაც.
Facebook Forum