ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეირუთში ამონიუმის აფეთქების საქმეში ოფიციალური პირების "კრიმინალური დაუდევრობა" იკვეთება


ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ლიბანის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა იცოდა იმ რისკების შესახებ, რომლებიც ბეირუთის პორტში შენახული ამონიუმის ნიტრატს უკავშირდებოდა. სასუქის საწყობი 2020 წლის 4 აგვისტოს აფეთქდა და მასობრივი ნგრევა და დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

ორგანიზაციამ გაეროს აფეთქების გამოძიებისკენ მოუწოდა. არასწორად შენახული ქიმიური ნივთიერების აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით მძიმედ დაშავდა და ბეირუთის რამდენიმე საცხოვრებელი უბანი განადგურდა.

ანგარიში 700-ზე მეტი ფურცლისგან შედგება და მისი ერთი ნაწილი ოფიციალური დოკუმენტებია. ორგანიზაციის გამოძიების თანახმად, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ლიბანის ზოგიერთი ოფიციალური პირის მხრიდან კრიმინალური დაუდევრობის შემთხვევები იკვეთება.

„ჰუმან რაითს უოჩი“ აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მიშელ აუნმა და პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა იცოდნენ საფრთხის შესახებ და მათ მოსახლეობის ამ უბედური შემთხვევისგან დაცვა ვერ შეძლეს. ორგანიზაცია ითხოვს აფეთქების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი და პრემიერიც დაიკითხონ.

აუნმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ მზადაა ჩვენების მისაცემად და დასძინა, რომ არავინაა კანონზე მაღლა.

„ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიშზე არც პრეზიდენტის და არც პრემიერი ადმინისტრაციებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანგარიში ოფიციალურ პირებთან და საქმესთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე შეადგინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG