ამონიუმის გვარჯილა (ნიტრატი), რომლის მეგა აფეთქებამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტი და მიმდებარე უბნები მთლიანად დაანგრია, 130-ზე მეტი ადამიანი მოკლა, 5000-მდე დაასახიჩრა, 300 000 უსახლკაროდ დატოვა, საქართველოს უმსხვილეს მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიქატების ქიმიურ საწარმო რუსთავის „აზოტშია“ წარმოებული. ამ ინფორმაციას რუსთავის „აზოტში“ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
ეს ფოტო, რომელიც ლიბანური მედიით დღეს გავრცელდა, ბეირუთის პორტის მე-12 ანგარში აფეთქებამდეა გადაღებული. აქ 2014 წლიდან იყო დასაწყობებული 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილა. ასეთი შეფუთვით, და წარწერით Nitroprill HD - ამონიუმის გვარჯილას ექსპორტს სწორედ რუსთავის „აზოტი“ აწარმოებს. ეს „აზოტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოთიც დასტურდება.
ამონიუმის ნიტრატი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. რუსთავის „აზოტმა“ ეს პარტია 2013 წლის შემოდგომაზე გაყიდა. გადამზიდავი რუსეთის მოქალაქე, ხაბაროვსკელი ბიზნესმენი იგორ გრეშუჩკინი იყო, მარშალის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია Teto Shipping-ის მეპატრონე, რომელსაც ოფისი კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში აქვს.
3000-მდე ტონა ამონიუმის გვარჯილას გადასაზიდად, 2013 წლის 23 სექტემბერს ბათუმის პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი რუსული მშრალტვირთმზიდი Rhosus შემოვიდა. გემის კაპიტანი რუსეთის მოქალაქე ბორის პროკოშევი ამტკიცებს, რომ გრეშუჩკინს ამ ტვირთის გადასაზიდად ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს. (თავად პროკოშევი ბათუმში გემზე ტვირთის გადატვირთვას არ დასწრებია, მან Rhosus უკვე სტამბოლში ჩაიბარა, როცა გემის ეკიპაჟი შეიცვალა)
ჩვენი ინფორმაციით, გემი ბათუმში 4 დღის განმავლობაში იტვირთებოდა და საქართველო 2013 წლის 27 სექტემბერს დატოვა. კაპიტნის განცხადებით, ტვირთი აფრიკის კონტინენტზე, მოზამბიკში უნდა ჩაეტანათ. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც დაადასტურა. „აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა)“, - ვკითხულობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ბათუმის პორტიდან გასული გემი, ჯერ სტამბოლის პორტში შევიდა, სადაც კაპიტანი და ეკიპაჟი შეიცვალა. შემდეგ გემი რეიდზე საბერძნეთთან ახლოს დადგა, ამ დროს გრეშუჩკინმა ეკიპაჟს შეატყობინა, რომ ფული აღარ ჰქონდა, ვერც ხელფასს და ვერც სუეცის არხის გასასვლელ თანხას ვერ გადაიხდიდა.
კაპიტანის განცხადებით, Rhosus-მა, რომელიც საკმაოდ ძველი გემი იყო, ამ რეისის დროს კიდევ ერთი მძიმე დაზიანება მიიღო, გრეშუჩკინმა კი კაპიტანს მოზამბიკის ნაცვლად, ჯერ კვიპროსში, შემდეგ კი ლიბანის დედაქალაქის პორტში შესვლა მოსთხოვა, სადაც გემს დამატებით ტვირთი უნდა აეღო და მოზამბიკში გამგზავრების ფული თავად ეშოვა. Rhosus-მა ღუზა ბეირუთის პორტში 3 ოქტომბერს ჩაუშვა. კაპიტანი ბორის პროკოშევი ამბობს:
„იმის გამო, რომ გრეშუჩკინი ფულს არ გვიხდიდა, ეკიპაჟი გავიფიცეთ, გაირკვა, რომ არ იყო გადახდილი საპორტო მოსაკრებლებიც, არსებობდა დიდი დავალიანება წინა ეკიპაჟის მიმართ, გემი დაზიანებული იყო, ტრიუმში წყალი შემოდიოდა, ამის გამო ბეირუთის პორტმა დამატებით არც სხვა ტვირთის აღების და აღარც ნაოსნობის გაგრძელების უფლება მოგვცა. ლიბანის სასამართლომ კი გემი დააპატიმრა. გემთმფლობელმა მაშინვე მიგვატოვა, მიატოვა გემიც.
ეკიპაჟის ნაწილმა თავის დაღწევა შეძლო, მე და კიდევ სამი მეზღვაური დაპატიმრებულ გემზე ფულისა და საჭმლის გარეშე ვიყავით გამოკეტილი. პორტის მიმართ დავალიანებამ 300 ათასს დოლარს მიაღიწა. პუტინსაც კი მივწერე რომ დაგვხმარებოდა.
ამ ჯოჯოხეთს თავი 2014 წლის აგვისტოში ძლივს დავაღწიეთ. გემის საწვავი გავყიდე, ადვოკატი დავიქირავეთ და სასამართლომ ქვეყნის დატოვების უფლება მოგვცა. ამ პერიოდში ამონიუმის გვარჯილა გემზე იყო და მაშინაც დიდ საშიშროებას წარმოადგენდა. გამოფრენის მერე გავიგე, რომ 2014 წლის სექტემბერში, ბეირუთის პორტში გადაუტვირთავთ, მიტოვებული გემი კი იქვე მოგვიანებით ჩაიძირა“ - აღნიშნავს კაპიტანი პროკოშევი.
რატომ არ მოიკითხა მოზამბიკურმა მყიდველმა საკუთარი ტვირთი უცნობია. გემიდან ბეირუთის პორტში, მე-12 ანგარში, მოზამბიკისთვის განკუთნილი ამონიუმის გვარჯილას გადატვირთვა ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, მოსამართლემ მიტოვებული გემის კრედიტორების სარჩელზე იმსჯელა და 2014 წლის შემოდგომაზე ტვირთის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, ბეირუთში გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ლიბანის საბაჟოს, სასამართლოსა და ბეირუთის პორტს შორის, ბოლო 6 წლის მანძილზე, მიდიოდა მიმოწერა, რომ ამონიუმის გვარჯილას ასეთ პირობებში შენახვა დაუშვებელი იყო, რომ ეს ტვირთი პორტს საფრთხეს უქმნიდა, აუცილებელი იყო მისი სხვაგან გადატანა ან უცხოეთში გაყიდვა, განიხილებოდა ტვირთის საქართველოში დაბრუნების ვარიანტიც, თუმცა, ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ლიბანის კორუმპირებული სასამართლოს და ბიუროკრატიის გამო, 2750 ტონა ნიტრატი პორტში დარჩა.
რუსთავის „აზოტის“ ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ „ცეცხლის წყაროს გარეშე, ამონიუმის გვარჯილას აფეთქება შეუძლებელია, ბეირუთის პორტში ამხელა სიძლიერის აფეთქება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ტვირთის შენახვის პირობები სრულად იყო იგნორირებული“.
ლიბანში მიმდინარე გამოძიების წინასწარი შედეგების მიხედვით, ბეირუთში დამანგრეველი აფეთქების და უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიის მიზეზი დაუდევრობა და წლების მანძილზე პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობა გახდა. ზარალი კოლოსალურია და წინასწარი შეფასებით 10-15 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
წინასწარი ვერსიით, კოშმარული აფეთქება ბეირუთის პორტის მე-12 ანგარში შედუღების სამუშაოებმა გამოიწვია, ამონიუმის გვარჯილას აფეთქებას მეზობლად, პიროტექნიკით სავსე ანგარის აფეთქებაც მოჰყვა, რამაც საბოლოო სურათი კიდევ უფრო შემზარავი გახადა. ამასთან, გამოძიება სხვა ვერსიებსაც, მათ შორის დივერსიის ვერსიასაც განიხილავს. კვიპროსის მედიის ცნობით, საშიში ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ რუს ბიზნესმენ იგორ გრეშუჩკინს უკვე ეძებენ.
საქართველოს ტრანსპორტის სააგენტომ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბეირუთის ტრაგედიასთან "საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი 2020 წელს მოხდა ”.
განახლება
რუსული მშრალტვირთმზიდის Rhosus-ის ყოფილმა კაპიტანმა, ვიაჩესლავ აბაკუმოვმა, რომელმაც ჩაიბარა 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილა, 2013 წლის სექტემბერში ბათუმის პორტში, დადასტურა, რომ ტვირთის გამგზავნი რუსთავის "აზოტი" იყო.
ქართული წარმოების ამონიუმის გვარჯილას მყიდველი კი მოზამბიკის საერთაშორისო ბანკი და Fabrica de Explosivos, მოზამბიკის ეს კომპანია კომერციულ ფეთქებად ნივთიერებას აწარმოებს, რომელიც სამშენებლო, სამთო და სხვა მიზნებით გამოიყენება.
ვიაჩესლავ აბაკუმოვმა გაავრცელა 2013 წელს მიღებული კონოსამენტის ასლიც. კონოსამენტი - გემის მფლობელის მიერ გაცემული დოკუმენტია, რომელიც ტვირთის მფლობელს-გამგზავნს, ამ შემთხვევაში რუსთავის "აზოტს" მიეცა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად.
Facebook Forum