ისრაელის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს აგრძელებს და მისი სახმელეთო ჯარი ქალაქი ღაზისკენ გადაადგილდება. მიმომხილველები ამბობენ, რომ ომი აქტიურ ფაზაში შედის და კრიტიკულ ფაზას უახლოვდება, რადგან ქალაქის დასავლეთით „ჰამასის“ ძირითადი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.
„ჩვენ ქალაქ ღაზის კარიბჭესთან ვართ“,- ამბობს ისრაელის სამხედრო მეთაური გენერალი იციკ კოენი. ქალაქ ღაზის მისადგომებთან ისრაელის ჯარს მძიმე წინააღმდეგობა შეხვდა, „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის დანაყოფებზე იერიშები გვირაბებიდან მიიტანეს.
ისრაელი „ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას დატოვონ ქალაქი ღაზა და უსაფრთხო თავშესაფარი იპოვონ. ეს მაშინ, როცა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში იზრდება. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების ცნობით დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აჭარბებს, მათ შორის 3 000-ზე მეტი ბავშია. ღაზაში მცხოვრებები ამბობენ, რომ სამხედრო ოპერაციის პარალელურად ისრაელი ღაზის აქტიურ დაბომბვებს აგრძელებს.
„შეუწყვეტად მიმდინარეობს ღაზის სექტორის დაბომბვა. მთელი ღამის განმავლობაში სახლი ირხეოდა. დილით გავარკვიეთ, რომ ისრაელის ძალები ჯერ კიდევ ქალაქის გარეთ არის, გარეუბანში. რაც ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ისინი ელოდნენ“, - ამბობს ღაზაში მცხოვრები მამაკაცი სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.
ის, რომ ქალაქი ღაზის მისადგომებთან ისრაელს „ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან მძიმე წინააღმდეგობა შეხვდათ, სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით თავად ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
„ეს რა თქმა უნდა არის ადგილი, რომელიც კარგად არის დაცული, ვიდრე აქამდე არსებული დასახლებული პუნქტები იყო. დანაღმულია ველები და მოწყობილია ხაფანგები. ჰამასი კარგად მოემზადა“, - ამბობს ისრაელის ჯარების ბრიგადის გენერალი იდო მიზრაჰიმი.
რაც შეეხება მსხვერპლს სამხედრო მოსამსახურეებში, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით დაღუპულია 13-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მედია უფრო მეტი დაღუპული სამხედროს შესახებ იტყობინება. ისრაელი ამბობს, რომ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების ფარგლებში შეძლეს „ჰამასის“ რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცრის ლიკვიდაცია. „ჰამასი“ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას თავად არ ასაჯაროებს.
სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყო, ომი კი „ჰამასს“ ისრაელმა 7 ოქტომბერს გამოუცხადა, მას შემდეგ რაც „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, რასაც 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 200-ზე მეტი ადამიანი „ჰამასის“ მიერ ამ დრომდე გატაცებულია, მათი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. ამ დრომდე „ჰამასმა“ მხოლოდ ოთხი მძევალი გაათავისუფლა, მათგან ამერიკის ორი მოქალაქე.
ისრაელს ორი გაცხადებული მიზანი აქვს, ერთი გაანადგუროს „ჰამასი“ და მეორე გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ გატაცებული 200-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასი“ ისრაელს მოუწოდებს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და მძევლებს გაათავისუფლებს.
ღაზაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მზარდია შეშფოთება, რომ ისრაელის ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რის გამოც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები იმართება. ისრალეს ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამერიკის შეერთებული შტატებია. ვაშინგტონი ისრაელს დამატებით სამხედრო დახმარებასაც უწევს, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისრაელმა მაქსიმალურად თავიდან უნდა აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დაუშვას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება.
Facebook Forum