საბერძნეთი უკრაინას იმ სამშობიარო კლინიკის აშენებას სთავაზობს, რომელიც რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა. თავდასხმისას ორსული ქალი და მისი ბავშვი დაიღუპნენ, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა. მომხდარმა გლობალური აღშფოთება გამოიწვია.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განცხადება ესპანეთის და პორტუგალიის ლიდერებთან საუბრის შემდეგ გააკეთა. ევროკავშირის ამ სამ სამხრეთულ ქვეყანასაც უწევს გამკლავება რუსეთის უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმის შედეგებთან. მიცოტაკისი საუბრობს ევროკავშირში ენერგოკრიზისის განეიტრალების აუცილებლობაზე და ნატოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საჭიროებაზე. პარასკევს მან თქვა, რომ განიხილება ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხიც.
საბერძნეთის პრემიერის აზრით, უკრაინის დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, განსაკუთრებით - ომით განადგურებული მარიუპოლის, სადაც დიდი ბერძნული დიასპორაა. აზოვის ზღვის პირზე მდებარე 400 000-იან საპორტო ქალაქში 100 000-ზე მეტი ბერძენი ცხოვრობს.
მარიუპოლი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სიმტკიცის და მედეგობის სიმბოლო გახდა, აღნიშნავს მიცოტაკისი. ის ამბობს, რომ საბერძნეთი სამშობიარო კლინიკას ომის დასრულებისთანავე ააშენებს და ამით მცირე წვლილს შეიტანს ქალაქის აღდგენის საქმეში. პრემიერმა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხდება.