კვირას, რუსეთის და უკრაინის ძალებმა მარიუპოლის კონტროლისთვის ბრძოლა განაახლეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის "ტერორი მომდევნო საუკუნეების მანძილზე ემახსოვრებათ".
მარიუპოლი ერთ-ერთია უკრაინის იმ ქალაქებს შორის, რომლებიც უკრაინაზე 24 თებერვალს მიტანილი სრულმასშტაბიანი იერიშის შემდეგ, რუსეთმა ძლიერ დაბომბა. რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვის ზღვის პირას მდებარე ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კვირაზე მეტია საკვების, წყლის, ელექტროენერგიის, გათბობის და სამედიცინო უზრუნველყოფის გარეშე იმყოფება.
დღეს ბრძოლები მარიუპოლის შიგნით, ქუჩებში მიმდინარეობდა. რუსეთისთვის ამ 400 000-იანი საპორტო ქალაქის დაპყრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს 2014 წელს დაპყრობილ ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში დაწყებულ ომს დღემდე "სპეცოპერაციას" უწოდებს. მისი თქმით, "სპეციალური ოპერაციის" მიზანი უკრაინის "დენაციფიკაციაა", ანუ - ნაციონალისტი უკრაინელების განეიტრალება და მათგან ქვეყნის გათავისუფლება.
დასავლეთის ძალები უკრაინას მხარში უდგანან და რუსეთის აგრესიას, უკრაინაზე არაპროვოცირებულ თავდასხმას უწოდებენ, რომელიც რუსეთის ერთპიროვნული არჩევანი იყო. ამის გამო, დასავლეთმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, რაც რუსეთის ეკონომიკას და ფინანსურ სისტემას ჩამოქცევას უქადის.
სიტუაცია მარიუპოლში დღითი-დღე რთულდება. რუსებმა საარტილერიო და სარაკეტო შეტევების შედეგად, ბოლო დღეებში რამდენიმე სტრატეგიულ წარმატებას მიაღწიეს. შაბათს რუსებმა ხელოვნების სკოლა დაბომბეს, სადაც თავს 400-მდე ადამიანი აფარებდა.
მარიუპოლის ქალაქის საბჭო იტყობინება, რომ მარიუპოლის იმ ნაწილიდან, რომელსაც რუსული ძალები აკონტროლებენ, ათასობით მოსახლის იძულებითი დეპორტაცია ხდება. პარალელურად, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ავტობუსებს მარიუპოლიდან რუსეთში ასობით ლტოლვილი ჩაჰყავთ.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 10 მილიონს აჭარბებს. აქედან 3.4 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა და მეზობელ სახელმწიფოებში გადავიდა. ყველაზე მეტი უკრაინელი დევნილი დღეს პოლონეთში იმყოფება, სადაც ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლტოლვილთა მიღების ლიმიტთან ახლოს არიან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, უკრაინაში სულ ცოტა, 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 459 კი დაშავდა. ეს გარდაცვლილთა მხოლოდ დადასტურებული რაოდენობაა. სინამდვილეში, მსხვერპლის რეალური რიცხვი გაცილებით დიდი იქნება, რადგან გაერო დღემდე ვერ ახერხებს გადამოწმებას რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის - მარიუპოლში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლში ეს დღეებია ომის დანაშაული ხდება. "ამის გაკეთება მშვიდობიანი ქალაქისთვის... არის ტერორი, რომელიც მომდევნო საუკუნეების მანძილზე ემახსოვრებათ" - თქვა მან შაბათს გაკეთებულ ტელემიმართვაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ზელენსკი აცხადებს, რომ ის მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩაერთოს, რომელიც "არ იქნება იოლი და სასიამოვნო".
Facebook Forum