სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ოთხშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „რამდენიმე ოპერატიულ სივრცეზე“ რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევებს იწყებს.
„ეს მხარეების ძალთა განლაგებებს რადიკალურად ცვლის“, დაამატა მან, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
„როიტერმა“ მისი კომენტარების გადამოწმება ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საომარი ვითარების შესახებ უახლესი ინფორმაციის გამოქვეყნებისას „მაღალი ინტენსივობის საომარ მოქმედებებზე“ მინიშნება გააკეთა, თუმცა არ დაუზუსტებია ყველაზე მძიმე ბრძოლები სად მიმდინარეობდა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ნათლად გამოთქვეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მსხვერპლის რაოდენობა უწყვეტად იზრდებოდა.
ოთხშაბათს, ხარკივის რეგიონის საგანგებო სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქის სულ მცირე 500 მცხოვრები დაიღუპა.
გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, რომ ამ დროისთვის ომმა უკვე 103 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა 400 სასწავლო დაწესებულებას დაარტყა და 59 მათგანი განადგურებულია.
ჩერნიჰივის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ რეგიონის მთავარ ქალაქში და მის გარშემო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია, თუმცა უკრაინის ჯარი „ძლიერია და რუს მტერს ყოველ საათში მძლავრ დარტყმებს აყენებს“.