ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის 300 -მილიარდიანი აქტივების კონფისკაცია პანაცეა არ არის, ამბობენ დასავლეთის წარმომადგენლები დავოსში


ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კრო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დავოსი, შვეიცარია. 16 იანვარი, 2024წ.
ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კრო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დავოსი, შვეიცარია. 16 იანვარი, 2024წ.

17 იანვარს, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა დავოსში ხაზგასმით განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაციისთვის. თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ "ეშმაკი სამართლებრივ დეტალებშია" და ამასთან, ეს კიევისთვის პანაცეა არ არის.

საუბარია დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებზე, რომელთა გაყინვა უკრაინაში მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში, არაპროვოცირებული და უკანონო ომის დაწყების გამო მოხდა. უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა აკრძალეს ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან. ამასთან ერთად, მათ დაბლოკეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის სუვერენული რუსული აქტივები დასავლეთში, რომელთა დიდი ნაწილი ევროპაში იყო.

იანვრის დასაწყისში, ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს უკრაინასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს. "ბლუმბერგი" წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ამერიკის მთავრობას საშუალებას მისცემს, ჩამორთმეული რუსული აქტივების ნაწილი უკრაინას გადასცეს, რუსეთის მიერ დანგრეული ტერიტორიების აღსადგენად. ანალოგიურ ნაბიჯს ევროპის კავშირი და დიდი შვიდეულის სხვა წევრებიც განიხილავენ.

თუმცა, დიდი შვიდეულის ზოგიერთ წევრს აშფოთებს ცენტრალური ბანკის აქტივების წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯის გადადგმის პრეცედენტის შექმნა, ასევე მისი განხორციელების მექანიზმი და პოტენციური შედეგები. "მოგეხსენებათ, პირველია, უამრავი ადვოკატის ჩართვის საჭიროება. ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განაცხადა პენი პრიცკერმა დავოსში. ის შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელია უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში.

"გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ის კოლექტიური იქნება. არასწორია შეხედულება, თითქოს ეს პანაცეას წარმოადგენს. არსებობს რეალური ძალისხმევა, მაგრამ ჩვენ დასკვნისგან შორს ვართ" - თქვა პრიცკერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

რუსეთმა, რომელიც დავოსში არ არის წარმოდგენილი, აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით, არაერთხელ განაცხადა, რომ მათი ჩამორთმევა ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. კრემლმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს და შეერთებულ შტატებს, ევროპის ქვეყნებს და სხვა სახელმწიფოებს აქტივებს თავადაც ჩამოართმევს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG