ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კორონავირუსის პანდემიის კრიზისს, ათწლეულების განმავლობაში არნახული გლობალური ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა შესაძლოა 3 პროცენტით შემცირდეს. ეს იმაზე 30-ჯერ უარესი იქნება, რაც მსოფლიომ განიცადა 2009 წელს, როდესაც გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ეკონომიკის 0.1 პროცენტით შემცირება გამოიწვია.
ახალი პროგნოზი მკვეთრად განსხვავდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, სულ სამი თვის წინ გაკეთებული პროგნოზისგან, როდესაც ორგანიზაციამ გლობალური ეკონომიკის 3.3 პროცენტით ზრდა ივარაუდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები მიმართავს მოკრძალებულ ძალისხმევას, აამოძრაოს სხვა ქვეყნების ეკონომიკა და ამას ისეთი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის გაზრდილი შენატანით აკეთებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის სააგენტო (USAID).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა გიტა გოპინათმა თქვა, რომ ახლანდელი კრიზისი, “1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე უარესი რეცესია” იქნება.
ფონდმა განაცხადა, რომ ამის შედეგები განსაკუთრებით მძიმე იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივ, უცხოურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული.
ფონდმა გლობალური ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში თქვა: “განვითარებად და უფრო ქვედა საფეხურზე მდგარი ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებით მძიმე ქარიშხალი ელის.”
იმ დროს, როდესაც გლობალური გაჩერების გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა უკვე გაჩანაგებულია, ეს ქვეყნები ხედავდნენ, რომ უსაფრთხო გარემოს ძებნაში, გლობალურ ინვესტორებს მათგან თანხის უზარმაზარი ოდენობა გაჰქონდათ.
ამის შედეგად, ქვეყნები, რომლებსაც ვალის მომსახურება უკვე უჭირდათ, შესაძლოა გადახდის უუნარონი აღმოჩნდნენ, თუ საერთაშორისო კრედიტორები მათი სესხების რესტრუქტურიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს არ გადადგამენ.
გოპინათმა თქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, მასიური, კოორდინირებული გლობალური ნაბიჯები იქნება საჭირო.
შეერთებული შტატების კონგრესმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ასობით მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი პირდაპირი საგარეო დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაავადების შესაკავებლად იბრძვიან. კონგრესმა ასევე გამოყო რამდენიმე მილიარდი დოლარი, რომელიც ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეცემა.
ექსპერტები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში, მსოფლიო ჯანდაცვის უსაფრთხოების ღონისძიებებში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, შეერთებული შტატების მიერ ამჟამად აღებული ვალდებულება მხოლოდ “ავანსად” თუ გამოადგება იმ ძალისხმევას, რომელიც საჭირო იქნება, რათა მიმდინარე კრიზისს გავუმკლავდეთ და მომავალი პანდემიების შედეგები შევარბილოთ.
შეერთებული შტატების ლიდერობის საჭიროება
ერინ კოლინსონმა, გლობალური განვითარების ცენტრიდან თქვა: “ეს პირველი ნაბიჯია, მაგრამ შეერთებული შტატების მხრიდან ნამდვილად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერობა დაგვჭირდება. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო ფრონტზე შეერთებული შტატების მეტ ძალისხმევას ვიხილავ.”
როდესაც მასიური ეკონომიკური სტიმულირების კანონი დამტკიცდა, გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსმა - “ინტერექშენ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც შეერთებულ შტატებს გლობალური საპასუხო მოქმედების ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს. “ინტერექშენმა” განაცხადა: “თანამედროვე ისტორიის ბევრ მონაკვეთში ამერიკის ლიდერობა გადამწყვეტი აღმოჩნდა და ახლა, პანდემიასთან ბრძოლაში, ამერიკული ლიდერობაა საჭირო.”
პირველი ტალღა
შეერეთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება ორ ტალღად წამოვა. მარტის შუა რიცხვებში, კანონმდებლებმა “კოვიდ-19”-ის აფეთქების საპასუხო კანონის პირველი ნაწილი მიიღეს. 8.3 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) 985 მილიონ დოლარს ითვალისწინებს. დაფინანსება ამ სააგენტოს ჯანდაცვის და კატასტროფების დროს დახმარების გლობალურ ძალისხმევას მოხმარდება. 250 მილიონი დოლარი, საგანგებოდ ეკონომიკური მხარდაჭერის ფონდისთვის არის განკუთვნილი.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის ამერიკული საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმღებები არიან: ერაყი, ავღანეთი, ისრაელი, ეგვიპტე და იორდანია, მაგრამ ათობით და ასობით მილიონი დოლარი, ჩინეთიდან ცენტრალურ ამერიკამდე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაცაა გამოყოფილი.
მეორე ტალღა
საგარეო დახმარების მეორე ტალღა, კორონავირუსთან დაკავშირებულ კანონს მოჰყვა (CARES Act), რომლითაც დაავადებასთან საბრძოლველად 2.2 ტრილიონი დოლარი გამოიყო და ამ ფონდების უმეტესი ნაწილი საშინაო საჭიროებისკენ მიმართეს.
თუმცა, ამ კანონში პირდაპირი საგარეო დახმარებისთვის 703 მილიონი დოლარი გამოიყო. აქ შედის 350 მილიონი დოლარი სახელმწიფო დეპარტამენტის მიგრაციის და ლტოლვილთა დახმარების პროგრამისთვის, 259 მილიონი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, კატასტროფების დროს დახმარების ფონდისთვის და დამატებითი 95 მილიონი დოლარი, რომელიც სააგენტოს მუშაობის ხარჯების დასაფარად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოს ბანკები დამატებით მილიარდებს მიიღებს
სხვა ქვეყნების პირდაპირი დახმარების გარდა, კანონი დამატებით 88 მილიონ დოლარს გამოყოფს “მშვიდობის კორპუსის” დასაფინანსებლად და ხაზინის დეპარტამენტს მიუთითებს, მთავრობათაშორის ორგანიზაციებში ამერიკული ინვესტიცია გაზარდოს.
კანონი მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დასაფინანსებლად, 3 მილიარდზე მეტ დოლარს უზრუნველყოფს. დამატებით 7.3 მილიარდი დოლარი გამოიყო აფრიკული განვითარების ბანკის კაპიტალის გასაზრდელად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
კანონი ასევე მიუთითებს ხაზინის დეპარტამენტს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრედიტზე წვდომა 28.2 მილიარდი დოლარით გაუზარდოს. თუმცა სხვა მთავრობები ამბობენ, რომ ეს ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც ფონდს კრიზისის საპასუხო ნაბიჯებისთვის სჭირდება.
ამ კვირაში, სააგენტომ გამოაცხადა ვალზე დახმარების გადაუდებელი პროგრამის შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც “კოვიდ-19” პანდემიასთან გასამკლავებლად ეკონომიკური დახმარება სჭირდება. დახმარების 25 მიმღებს შორის არიან დიდი აფრიკული ქვეყნები, მათ შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მადაგასკარი და მოზამბიკი. ასევე ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის ნეპალი, იემენი და ტაჯიკეთი.
Facebook Forum