გერმანია ბრიტანეთთან, ბრაზილიასთან, პორტუგალიასთან და სამხრეთ აფრიკასთან სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადება. ქვეყანაში შიშობენ, რომ ამ ქვეყნებში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, აქტიური მიმოსვლის შედეგად სწრაფად გავრცელდება. სამოგზაურო შეზღუდვა კი, სწორედ ამის პრევენციაა.
ახალი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზიჰოფერი, ავრცელებს. "იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, რეგიონებიდან, სადაც ეს [კორონავირუსის] ახალი ვარიანტები გავრცელდა, არავინ უნდა შემოვიდეს", თქვა მინისტრმა.
გერმანიის მსგავსად, მოგზაურობაზე აკრძალვა დააწესა ბელგიამაც. ბელგიელებს მარტის თვემდე მოგზაურობა ეკრძალებათ. თუმცა, ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ასეთ რადიკალურ მეთოდებს კორონავირუსის ახალი ვერსიის გავრცელების წინააღმდეგ.
ზიჰოფერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს ევროკავშირი სამოგზაურო აკრძალვებთან დაკავშირებით, გერმანია მაინც აპირებს, რომ თავისი გეგმა განახორციელოს და ასე დაიცვას მოსახლეობა ვირუსის ახალი, უფრო სწრაფად გადამდები ვერსიის გავცრელებისგან.
"ჩვენ არ ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპული გადაწყვეტილება დაემთხვევა ჩვენს მოლოდინს, ასე რომ ჩვენ ეროვნულ დონეზე მოქმედებისთვის ვემზადებით", განაცხადა მინისტრმა თავის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს.
შეეხება თუ არა გერმანიის მიერ დაწესებული სამოგზაურო აკრძალვა პროდუქტისა და სამედიცინო დანიშულების საქონლის გადაზიდვებს, ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია.
Facebook Forum