დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე, მათ ოფიციალური დადასტურება არ აქვთ. გასულ კვირაში ამერიკის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, გერმანიაში ბაზირებული ამერიკული ძალების მეოთხედზე მეტი, ქვეყნიდან გაიყვანოს.
ინფორმაცია პარასკევს პირველად "უოლ-სტრიტ ჯორნალმა" გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, პრეზიდენტმა ტრამპმა პენტაგონს უბრძანა, გერმანიაში განლაგებული შეერთებული შტატების ჯარების ნაწილი 25 ათასამდე, 9 500-ით შეამციროს. შაბათს, "ნიუ-იორკ თაიმსმა" დაბეჭდა, რომ თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ბრძანებაზე თანხმობა განაცხადა.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე კრამპ-კარენბაუერმა თქვა, რომ გერმანიის მთავრობამ მხოლოდ ის იცის, რაც მედიით გავრცელდა. ამიტომ, გერმანიის მთავრობა ვერ იტყვის, რა მოხდება მომავალში ამ მიმართულებით და ამ საკითხზე სპეკულაციას ვერ გააგრძელებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ "გერმანიაში შეერთებული შტატების ჯარისკაცების ყოფნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთო უსაფრთხოების მიზნებს ემსახურება".
გერმანიაში ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა, როტაციის მიხედვით იცვლება. ნატოს მოკავშირე პარტნიორ ქვეყანასთან ტრადიციული შეთანხმების საფუძველზე, დეღს იქ 34 500-მდე ამერიკელი მსახურობს. კრამპ-კარენბაუერის თქმით, ისინი კარგად არიან ინტეგრირებულები და გერმანული საზოგადოების რეალური ნაწილი გახდნენ.
ანალიტიკოსების აზრით, ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს ტრამპის ლოზუნგის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა", საგარეო პოლიტიკის საერთო ჩარჩოებში ჩაჯდება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ მოკავშირეებმა ტვირთი მეტად უნდა გადაინაწილონ და საკუთარ თავდაცვაზე თავად იზრუნონ.
გერმანიის კოორდინატორმა ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებში, პიტერ ბეიერმა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა გერმანიიდან "მიუღებელი" ნაბიჯი იქნება.
"ეს ყოვლად მიუღებელია. მით უფრო, რომ არავის მოსვლია აზრად ვაშინგტონში, ამის თაობაზე ნატოში თავისი მოკავშირე გერმანიისთვის წინასწარ ეცნობებინა" - განაცხადა პიტერ ბეიერმა. ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის წევრია.
მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმაც გააკეთა. მისი თქმით, გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის გეგმა სამწუხარო ამბავია. როცა მას ჟურნალისტებმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დახასიათება სთხოვეს, პასუხად მიიღეს: "რთული".
Facebook Forum