სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ Credit Suisse-ს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ 926 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ბანკის მიერ კლიენტის აქტივების დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის. გადაწყვეტილებით სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა.
„მოსარჩელეებმა დაადგინეს, რომ მოპასუხემ დაარღვია თავისი მოვალეობა მოსარჩელეების წინაშე, დაეცვა ტრასტის აქტივები 2008 წლის 30 მარტის მდგომარეობით“, - ნათქვამია, სააგენტო "როიტერის" თანახმად, სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლოს პარასკევს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, საკომპენსაციო თანხის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს „ორმაგი ანაზღაურების“ თავიდან ასარიდებლად, იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ბერმუდის სასამართლომ ამავე საქმეზე ივანიშვილისთვის 600 მლნ დოლარის ანაზღაურება დააკისრა მოპასუხეს, საქმეზე დანახარჯების ასანაზღაურებლად.
ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „აღიარებს ძალიან სერიოზულ იურიდიულ პრობლემებს“.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ბანკი ბოლოს და ბოლოს აიღებს პასუხისმგებლობას თავის წარუმატებლობაზე.
მიმდინარე წლის მარტში შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა, იყიდა გაკოტრების პირას მყოფი, ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse.
- თებერვალში Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Credit Suisse Group AG -მ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ხანგრძლივი სასამართლო დავის ფარგლებში 210 მლნ დოლარი გადაუხადა.
- გასული წლის მარტში გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს, სასამართლო დავა მოუგო და მისგან 500 მლნ დოლარზე მეტი მიიღო (Bloomberg-ი 607 მლნ დოლარს ასახელებს). გადაწყვეტილება მაშინ ბერმუდის სასამართლომ მიიღო.
- გასული წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა ზომებს, რომ თავიდან აეცილებინა ივანიშვილის კუთვნილი 1.27 მილიარდი დოლარის დაკარგვა.
- ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა და „სათანადო ზომების მიღება“ დანაკარგებისგან მის დასაცავად, რაც დაკავშირებული იყო ჟენეველი ბანკირის, პატრის ლეკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დავობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლეკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა. თაღლითობისთვის გასამართლებულმა ლეკოდრონმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
- Credit Suisse-ის სატრასტო განყოფილებამ განაცხადა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა გადაჭარბებულია და სასამართლოს მოსთხოვა მისი უარყოფა.
- ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა.
- მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომელთა მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი პატრის ლეკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
- Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობისა ყოფილიყო. ("რადიო თავისუფლების" მასალა)
Facebook Forum