26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1918 წელს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებას უკავშირდება, რომელსაც წელს 105 წელი შესრულდა. დღეისთვის კი ეროვნული დღესასწაული რუსეთის იმპერიისგან და რუსეთის ჰეგემონიით მართული საბჭოთა კავშირისგან ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ნიშანი გახდა.
ეროვნული დღესასწაული დედაქალაქ თბილისში და ათეულობით სხვა ქალაქში აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები, რომელთა ორგანიზატორიც საქართველოს მთავრობა და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების უწყებებია, დღეს დილიდან მიმდინარეობს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს მოსახლეობას მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
"განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე" - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რომ "წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი." იგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს იქნება ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ევროპის მხრიდან.
"დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას - საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას“, - განაცხადა პრემიერმა.
გაცილებით კრიტიკული იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა. მან სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება რუსეთთან პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობას მართებს უკეთ აკონტროლოს როგორც რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელი ადამიანები, ასევე ის რიტორიკა, რომელსაც იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინასთან მიმართებაში.
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას შეახსენა როგორც რუს დეპუტატ გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ქალიშვილის ჩამოსვლა - იგი გასულ კვირაში იმყოფებოდა საქართველოში, "ყვარლის ტბაზე" ქორწილში მონაწილეობისთვის.
"ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!
არ შეიძლება "ოკუპაციის კანონის" და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან, ერთი მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და, მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, 1918 წლის 26 მაისს მიიღო. ისტორიული აქტის მიღება ქვეყნის დედაქალაქ თბილისში მოხდა, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღეს - რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.
თუმცა, რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა მალევე, 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მოხდა, მაგრამ ეროვნულ დღესასწაულად მაინც პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
სტატიაში გამოყენებულია ამონარიდები "რადიო თავისუფლების" მასალებიდან.
Facebook Forum