ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოქალაქეობა დამოუკიდებლობის დღეს - მაია ნიკოლაიშვილი  


წარმოშობით ქართველმა მაია ნიკოლაიშვილმა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს შეერთებული შტატების მოქალაქის ფიცი დადო. ცერემონია „მაუნთ ვერნონში“ ჯორჯ ვაშინგტონის სახლში გაიმართა.

ცერემონია ამერიკის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. სულ 4 ივლისს, ჯორჯ ვაშინგტონის სახლში ფიცი 42 სხვადასხვა ქვეყნიდან, 52-მა ადამიანმა დადო.

„დღეიდან 4 ივლისი, ჩემი ამერიკის მოქალაქედ გახდომის დღეა,“- ამბობს ნიკოლაიშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

მაია ნიკოლაიშვილმა ამერიკის მოქალაქის გამოცდა გაზაფხულზე ჩააბარა, ამბობს რომ მისთვის მოულოდნელი იყო, როცა ფიცის დასადებად ვაშინგტონის სახლში დაიბარეს.

„ძალიან ვღელავდი გამოცდაზეც და დღესაც. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რადგან გავხდი ამერიკის მოქალაქე. ძალიან ვემზადებოდი ამ დღისთვის,“- ამბობს ნიკოლაიშვილი.

საზეიმო ღონისძიებას ამერიკის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურის კოლუმბიის ოლქის დირექტორი, რონ როზენბერგი უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი, ჯანეტ იელინი.

„ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ დაიბადეთ უკრაინაში, თუ ელ სალვადორში, ირანსა თუ ერაყში, სამხრეთ აფრიკასა თუ სამხრეთ კორეაში - თქვენ ახლა დაასრულეთ პროცესი, რომელიც შეიძლება რთული იყოს, თუმცა ის ფუნდამენტურად ამერიკულია. ყველა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკული ისტორია ემიგრანტების ისტორიაა. იმიგრაცია არა მხოლოდ ჩვენი ღირებულებაა, არამედ ის ჩვენ ვართ. დღეს შეერთებულ შტატებში 45 მილიონი იმიგრანტი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მერვე ჩვენგანი ამერიკაში არ დაბადებულა და სხვაგან დაიბადა. თქვენმა გადაწყვეტილებამ, რომ აქ ჩამოსულიყავით და აქ გეცხოვრათ ამერიკა გააუმჯობესა. თქვენ აძლიერებთ ჩვენს კულტურას, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ქალაქებს. ათლწულების განმავლობაში იმიგრანტებმა ამერიკის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს,“- თქვა ცერემონიაზე გამოსვლის დროს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა იელინმა.

მაია ნიკოლაიშვილი ორმაგი მოქალაქეობით ისარგებლებს და ამერიკის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობასაც შეინარჩუნებს. ახლა ვირჯინიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ამერიკელებს საქართველოს შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამაში სამსახურიც ეხმარება, ის ამერიკის დედაქალაქში ქართულ რესტორანში მუშაობს.

„მე მათ [ამერიკელებს] საქართველოს კულტურის შესახებ ვაწვდი ინფორმაციას. ხშირად ვესაუბრები ქართული ღვინის შესახებ. ამერიკელებში დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ,“- გვიყვება ნიკოლაიშვილი.

ჯორჯ ვაშინგტონის სახლში ამერიკის მოქალაქის ფიცი 42 ქვეყნიდან 50-ზე მეტმა ადამიანმა დადო, მათ შორის უკრაინიდან. ცერემონიაზე ამერიკის ახალ მოქალაქეებს, დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.

53 ახალი მოქალაქიდან 11 სამხედრო მოსამსახურე იყო, მათ საზეიმო ცერემონიის განმავლობაში არაერთხელ გადაუხადეს მადლობა მიღებული გადაწყვეტილების გამო.

XS
SM
MD
LG