კვირას, თბილისში "სირცხვილიას" ორგანიზებით, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მთავრობის გადადგომა იყო, მას შემდეგ რაც საქართველომ ვერ მიიღო, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს პირობები წაუყენა. მოძრაობა "სირცხვილიამ" ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
20 ივნისს, თბილისში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსთაველზე ახალი ამბების სააგენტო, "ფრანს-პრესის" კორესპონდენტის მიხედვით, დაახლოებით 120,000 ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.
თუმცა, გაცილებით ნაკლები იყო დემონსტრანტთა რიცხვი იმავე იდეით გამართულ აქციაზე კვირას.
"ჩვენი დემონსტრაცია ფოკუსირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიულ მიზანზე",-თქვა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მწერალმა ლაშა ბუღაძემ. მისივე თქმით, მთავრობის პასუხი მათ "კონსტრუქციულ, მშვიდობიან და არაძალადობრივ" შეკრებაზე არის "აბსოლუტურად არაადეკვატური".
მმართველი პარტია ოპოზიციას ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
საპროტესტო აქციამ, რომელიც გუშინ საქართველოს პარლამენტის წინ დაიწყო, დღეს მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა. დემონსტრანტების მიზანი იყო, არ შეეშვათ მთავრობის წევრები კანცელარიაში და არ მიეცათ მათთვის საშუალება ჩაეტარებინათ მთავრობის სხდომა. მათ კანცელარიასთან ღამე გააგარკვეული დროის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ მათ მიზანს მიაღწიეს და დღეს დაიშლებიან.
"ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ვერ ვხედავთ ღარიბაშვილს. სამაგიეროდ, მათ ნაცვლად, ვხედავთ ბევრ პოლიციელს. ვიყავით 100, იყო 500 პოლიციელი. ვიქნებით 1 000, იქნებიან 5 000. ვიქნებით 5 000, იქნებიან 25 000, ვიქნებით 10 000 და 50 000 უბრალოდ ვერ იქნებიან, იმიტომ, რომ არ არის ამის საკმარისი რესურსი. ამიტომ, ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა. არაძალადობრივი პროტესტის ფარგლებში არ მივცეთ მათ შესაძლებლობა, იმავნებლონ", - განაცხადა დიღმელაშვილმა.
დიღმელაშვილის განცხადების პასუხად, კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. "რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გადაიდო თუ არა მთავრობის სხდომა ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის გამო და რამდენად შეიძლება ეს აქტივისტების „გამარჯვებად“ ჩაითვალოს.
მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო მთავრობის სხდომა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში განმარტებას მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს.
„არ ვიცი, საერთოდ ინფორმაცია არ მაქვს, როდის უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო სხდომა. ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებას. ტარდება 2 საათზე. რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს“, - თქვა კობახიძემ.
განცხადება გააკეთა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზაზა პაპუაშვილმა და თქვა, რომ აქტივისტების მცდელობა "კხარით დასრულდა".
"საზოგადოება რწმუნდება, რომ ის ყალბი აღქმები და ნარატივები, რაც ოპოზიციის ნაწილს შემოაქვს ხოლმე, ფაქტებით არის გაბათილებული და ვხედავთ, როგორც გუშინ დასრულდა აბსოლუტური კრახით ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო რაღაც ტექნიკური მთავრობების შექმნაზე და ფაქტობრივად, აქ კონსტიტუციის გვერდის ავლაზე იყო მთელი ეს ტალღის აგორების მცდელობა, ასევე კრახით დასრულდება ხოლმე ნებისმიერი ასეთი ყალბი ნარატივის შექმნა", - თქვა მან.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა გაგრძელდება, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებენ ზუსტად რა ფორმით მოხდება ეს.
მასალაში გამოყენებულია ახალი ამბების სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობები.