ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია იმერეთის შემოვლითი გზის მშენებლობას დააფინანსებს


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები  კოიჩირო გემბა და გრიგოლ ვაშაძე ტოკიოში
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები  კოიჩირო გემბა და გრიგოლ ვაშაძე ტოკიოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00
ბმული


იაპონია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის სწრაფ განვითარებას და აპირებს გააგრძელოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოიჩირო გემბამ მის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს განუცხადა, რომელიც ტოკიოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ჯაიკამ (JICA)200 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გასცა იმერეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის. ახალი 59 კილომეტრიანი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია და ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის განტვირთვას ითვალისწინებს. შემოვლითი გზის მშენებლობა თებერვალში დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობა ასევე მოელის ჯაიკას სესხს სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებით ავტომაგისტრალის რეაბილიტაციისთის.

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურისა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ჯაიკას ვიცე-პრეზიდენტი კოდეირა კიოში კერძოდ ამბობენ.

რამაზ ნიკოლაიშვილი: „ეს პროექტი მნიშვნელოვანია ყველა პარამეტრით, მათ შორის იმით, რომ იმერეთის ყველა დიდი ქალაქი განიტვირთება ტრანზიტული მოძრაობისგან, ინფრასტრუქტურა სერიოზულად განვითარდება, პროექტის მიხედვით არის ექვსი სახიდე გადასასვლეი, ექვსი კვანძი, მულტიფუქნციური ორი კომპლექსი, როგორც გორში ავაშენეთ ისეთი.“

კოდეირა კიოში: „დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ვისაუბრეთ, ასევე განვიხილეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალზე სხვა მონაკვეთების რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხებიც.

ჯაიკა - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც მრავალ ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს. სურვილი გვაქვს ჩვენი ბაზარი საქართველოშიც გავაფართოვოთ.“

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავის გამო, ტოკიოში ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდნენ საგარეო მინისტრის მოადგილე ვაშაკიძე, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გილაური, ენერგეტიკის მინისტრი ხეთაგური და ბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე.

ქართული მხარე ცდილობს გაზარდოს იაპონიის, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესს წრეების დაინტერესება საქართველოში არსებული მასშტაბური მშენებლობების მიმართ, უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკის სფეროში. მას შემდეგ, რაც ჯერ კორეულმა, შემდეგ კი თურქულმა კომპანიამ უარი თქვეს ნამოხვანი ჰესის მშენებლობის დაფინანსებაზე.

საქართველოს მთავრობამ ნამოხვანის მშენებლობის დაფინანსების წინადადებით სწორედ იაპონიის ბიზნესს მიმართა. ამ პაკეტშია ნენსკრას ჰესების კასკადიც, რომელიც ჩინურ კომპანია "სინოჰიდროს" უნდა აეშენებინა.

ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრი იუჩირო ჰატა კერძოდ ამბობენ.

ალექსანდრე ხეთაგური:„კარგი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საერთაშორისო განვითარების ბანკთან, რომელმაც საქართველოში 2005-2006 წლებში უკვე დააფინანსა ორი ჰიდროელექტოსადგურის რეაბილიტაცია.

ამ მიმართულებით ჩვენ ბანკთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ბანკის თანამონაწილეობა არის შესაძლებელი ისეთ დიდ პროექტებში, რომელთა მშენებლობაც ეხლა იწყება. მათ შორის, შეიძლება იყოს, ნენსკრას და ნამოხვანის ჰესების კასკადი.“

იუჩირო ჰატა: „ბევრი საინტერესო წინადადება მივიღეთ საქართველოდან და ბევრი მათგანი ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაში შედის, რადგან ახლა საქართველოსა ად იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ავღნიშნავთ ვისურვებდი, რომ ეს წინადადებები სერიოზულად განგვეხილა. ასევე ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, რომელიც სულ უფრო ვითარდება.“

იაპონიის მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს აგროსექტორშიც, აქ არსებული მძიმე კრიზისის დასაძლევად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იაპონური გრანტით საქართველოში რამდენიმე ასეული ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შემოვიდა.

1997 წლიდან მოყოლებული, საქართველომ აგროსექტორში იაპონიიდან ჯამში 50 მილიონი ლარის შეღავათიანი სესხი მიიღო. საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იაპონური იმპორტი, გასულ წელს, მან სარეკორდო ციფრს - 174 მილიონ დოლარს მიაღწია; შედარებისთვის 2003 წელს იაპონური იმპორტის მოცულობა სულ 2,5 მილიონი დოლარი იყო.

იზრდება იაპონური პირდაპირი ინვესტიციებიც - 2010 წელს 17 მილიონი, 2011-ში 22 მილიონი და 2012 წლის პირველ კვარტალში უკვე არის 22 მილიონი დოლარი.

ამ ფონზე ძალზედ მოკრძალებულად გამოიყურება ქართული ექსპორტი იაპონიაში - სულ 3 მილიონი დოლარი - 2011 წელს და 5 მილიონი - 2012 წლის ივნისის ჩათვლით. საქართველოს ვალი იაპონიისადმი კი 83 მილიონ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG