ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუნტი ბათუმში


ტატო ცეცხლაძის ფოტო
ტატო ცეცხლაძის ფოტო

35 დაშავებული მოქალაქე, მათ შორის 15 პოლიციელი, 10-მდე დამწვარი ავტომანქანა, განადგურებული შუქ და საგზაო ნიშნები, მოგლეჯილი დეკორატიული ღობეები, აყრილი ქვაფენილი, ჩამტვრეული მინები მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებში, დაზიანებული სანათები და სარეკლამო აბრები, ჯამში - 150 000 ლარის ზარალი, დაკავებული 40-მდე პირი, რომელთაგან 5 დღიანი პატიმრობა მხოლოდ 7-ის მიესაჯა - ასეთია მოკლედ, ბათუმის დრამატული მოვლენების შედეგები, რომელიც შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში 11-12 მარტს განვითარდა.

პროტესტი სპონტანურად, მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქე ჯიმი ვარშანიძე ავტომანქანის არასწორი გაჩერებისთვის ჯერ დააჯარიმა, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კი მამასთან ერთად დააკავა. ინციდენტში კიდევ რამდენიმე ბათუმელი ჩაერთო და პოლიციამ ისინიც აიყვანა.

ორი პარალელური აქცია თავიდან მშვიდობიან სახეს ინარჩუნებდა, ხალხი მხოლოდ დაკავებულების გათავისუფლებას და აჭარის საპატრულოს უფროსის გადაყენებას ითხოვდა, შემდეგ კი პროცესი უკვე უმართავი გახდა. პოლიციელებiსა და მოქალაქეების ღია შეტაკების მთავარ არენად ტბელ აბუსელიძის ქუჩა იქცა, სადაც აჭარის ავტონომიის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი ოფისი მდებარეობს.

მიუხედავად დაპირებისა, რომ დაკავებულები გათავისუფლდებოდნენ, აქციაში ჩართულებმა, ძირითადად, ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პიროტექნიკის გამოყენებით კი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მდგომი ავტომობილები დაწვეს. საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე საათის მანძილზე ვერ შეძლო.

ლუკა პერტაიას ფოტო
ლუკა პერტაიას ფოტო

11 მარტს, საღამოს 4 საათზე დაწყებული ქაოსის აღკვეთა, ხელისუფლებამ მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმის დახმარების შემდეგ 12 მარტის, დილის 5 საათისთვის მოახერხა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამდენი დროის მანძილზე, პოლიციის მხრიდან უმოქმედობა შეცდომა იყო.

ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედება, რომელიც ამოვარდნილი იყო, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან, არ საჭიროებდა თმენის ვალდებულების აღებას სამართალდამცველთა მხრიდან. ამან გამოიწვია დაუცველობის და უსუსურობის განცდა საზოგადოებაში"
გიორგი ხიმშიაშვილი, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

„პროპორციული ძალის გამოყენება იყო აუცილებელი. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედება, რომელიც ამოვარდნილი იყო, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან, არ საჭიროებდა თმენის ვალდებულების აღებას სამართალდამცველთა მხრიდან. ამან გამოიწვია დაუცველობის და უსუსურობის განცდა საზოგადოებაში, ვინაიდან, პოლიციამ არ გასცა ადექვატური პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ქმედებაც უკვე შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.“

ბათუმში ვნებათა ჩაცხრობის შემდეგ, ხელისუფლებისთვის კომფორტულია, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე ისაუბროს, რომელმაც პროცესში ჩართვით, ნამდვილად სცადა პოლიტიკური ქულების დაწერა. თუმცა, ექსპერტების აზრით, ბათუმის კრიზისის ფორმულა სინამდვილეში გაცილებით ღრმა და მრავალვექტორიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

კონფლიქტის მიზეზი სათავეს 2017 წლის 7 იანვარიდან იღებს, როცა შსს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა. იგი ბათუმში, საკუთარი გუნდით ჩავიდა, რომელთან ერთადაც მანამდე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.

ამას მოჰყვა უკმაყოფილება, როგორც აჭარის მთავრობაში, სადაც განაცხადეს, რომ ეს საკადრო ცვლილება ცენტრს ბათუმთან არ შეუთანხმებია, ისე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის. „დემოკრატიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, მას პარტულის რამდენიმე თანამშრომელმა „რეგიონალური დისკრიმინაციის“ გამო მიმართა.

კახა ბუხრაძის დანიშვნისთანავე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის მერაბ ღოღობერიძის „ანტიკორუფციულმა ცენტრმა“ აჭარის მთავარი პოლიციელის წინააღმდეგ ღია კამპანია წამოიწყო. მას „ნეპოტიზმში“, „ქსენოფობიაში“, "ძალაუფლების გადამეტებაში" ადანაშაულებდნენ და ბათუმის საზოგადოების ნაწილი, პატრულის ახალი შემადგენლობის წინააღმდეგ განაწყვეს.

საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მძღოლების დაჯარიმების გარდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ინფორმაციამ, თითქოს, პატრულის ახალი თანამშრომლები ბათუმის მოსახლეობას „თათრებად“ მოიხსენიებდნენ. ეს ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე არ დასტურდება, მერაბ ღოღობერიძემ სოციალური ქსელით ჯერ კიდევ 28 თებერვალს გაავრცელა, 9 მარტს კი პოლიციის წინ აქციაც გამართა.

9 მარტის აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან
9 მარტის აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომელიც თავად ბათუმელია, არ გამორიცხავს, რომ მთელი ეს პროცესი მართული ყოფილიყო, იმ ძალების მიერ, რომლებიც აჭარის საპატრულოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არ მიესალმნენ. სამნიძის მტკიცებით, თავად ღოღობერიძე აჭარის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურთან (სუს) მჭირდოდ დაკავშირებული პირია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისთანავე განაცხადა, რომ კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე რჩება, თუმცა, ბრალდებები მის წინააღმდეგ გამოძიებული იქნება.

შესაძლებელია რომ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია აჭარის პოლიციის ახალი უფროსის მიმართ, მაგრამ ის რაც ჩვენ ვიხილეთ ყოველგვარ ზღვარს სცდება და დაუშვებელია პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც მისი მისამართით გამოთქვამენ, ამ ეტაპზე მე აჭარაში საკანდრო ცვლილების აუცილებლობას ვერ ვხედავ.“
გიორგი მღებრიშვილი, შსს მინისტრი

„შესაძლებელია რომ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია პოლიციის ახალი უფროსის მიმართ, მაგრამ ის რაც ჩვენ ვიხილეთ ყოველგვარ ზღვარს სცდება და დაუშვებელია პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც მისი მისამართით გამოთქვამენ, ამ ეტაპზე მე აჭარაში საკანდრო ცვლილების აუცილებლობას ვერ ვხედავ.“

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქაოტური პროტესტის დამატებით მაპროვოცირებელ ფაქტორებად, რომელიც ბათუმის ქუჩებში აშკარა ვანდალიზმში გადაიზარდა, ექსპერტები ასევე მიიჩნევენ: უმძიმესს სოციალურ გაჭირვებას, უმუშევრობას, უიმედობას, ნიჰილიზმს, რელიგიურ და პოლიტიკურ შეუწყნარებლობას, განათლების უმწვავეს პრობლემას, ნეპოტიზმს საჯარო სამსახურებში, ფორმალურ ავტონომიასა და თვითმმართველობას, არაფორმალურ მართვას, ოპოზიციის ნაწილის უპასუხისმგებლობასა და მმართველი ძალის თვითკმაყოფილებას.

უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ბათუმის კრიზისის ფორმირების ანალიზი, რათა ასეთმა დამანგრეველმა პროცესებმა სხვა რეგიონებში არ იჩინოს თავი.

XS
SM
MD
LG