ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმის სასამართლო: ნოდარ იმნაძე ასლან აბაშიძემ მოკლა


ასლან აბაშიძე მოსკოვში, 2012 წელი
ასლან აბაშიძე მოსკოვში, 2012 წელი

აჭარის ყოფილ ლიდერს, 78 წლის ასლან აბაშიძეს, რომელიც 2004 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება და რუსეთს აფარებს თავს, ბათუმის სასამართლომ - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აბაშიძე დამნაშავედ სცნეს: მკვლელობაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, ტერორიზმში, სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

25 წლის შემდეგ, სასამართლომ წერტილი დაუსვა, ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსული მკვლელობის საქმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაადგინა, რომ ასლან აბაშიძემ ნამდვილად მოკლა მისი მოადგილე, მაშინდელი სახელისუფლებო პარტია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აჭარაში, საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ იმნაძე, ოღონდ ეს გააკეთა - „გადამეტებით“ „აუცილებელი მოგერიების ფარგლებში“.

ნოდარ იმნაძის დაკრძალვა, 1991 წლის მაისი
ნოდარ იმნაძის დაკრძალვა, 1991 წლის მაისი

1991 წლის 30 აპრილს, გვიან ღამით, ნოდარ იმნაძე ავტომატით შეიარაღებული, ქალიშვილთან ერთად შევიდა ბათუმში, აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში მდებარე ასლან აბაშიძის კაბინეტში, სადაც იმ დროს, აბაშიძის გარდა, ტრანსპორტის მინისტრის მაშინდელი მოადგილე მურმან ომანიძე და აჭარის უშიშროების მაშინდელი შეფი, გენერალი ანზორ ჯაიანი იმყოფებოდნენ.

გენერალი ჯაიანი უკვე გარდაცვლილია, თუმცა, როგორც მის ადრეულ, ისე მურმან ომანიძის ახალ ჩვენებაში, ხაზგასმულია, რომ პირველი სროლა ნოდარ იმნაძემ დაიწყო და აბაშიძე და ომანიძე დაჭრა. საპასუხოდ, ისროლეს ჯაიანმა და აბაშიძემ, ბოლოს ახლო მანძილიდან აბაშიძემ მოკლა კიდეც დაჭრილი ნოდარ იმნაძე.

სასამართლომ ასლან აბაშიძეს ნოდარ იმნაძის ოჯახის სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა მკვლელობის თვითმხილველი, ნოდარ იმნაძის ქალიშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ სროლა მამამისმა დაიწყო. ნატო იმნაძემ მოსამართლის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა

ასლან აბაშიძემ უმოწყალოდ დახვრიტა ნოდარ იმნაძე და მე ვარ მოწმე ამ ფაქტის. ეს სამარცხვინო პროცესი იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ იმ დროს, არც აბაშიძე დაჭრილა და არც ომანიძე.“
ნატო იმნაძე, მოკლულის ქალიშვილი

„25 წლის წინ, ჩემს თვალწინ, ასლან აბაშიძემ უმოწყალოდ დახვრიტა ნოდარ იმნაძე და მე ვარ მოწმე ამ ფაქტის. ეს სამარცხვინო პროცესი იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ იმ დროს, არც აბაშიძე დაჭრილა და არც ომანიძე.“

ასლან აბაშიძე ასევე დამნაშავედ სცნეს აჭარის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ტერორისტულ აქტების ორგანიზებაში. კერძოდ, 2004 წლის გაზაფხულზე, აჭარის კრიზისის დროს, მდინარე ჩოლოქსა და ქაქუთზე არსებული ხიდების აფეთქებასა და დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროს დანაღვმაში. აბაშიძის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ეს დანაშაული, ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთით, აჭარის შსს-ს მინისტრის მაშინდელმა მოადგილე ჯინჭარაძემ ჩაიდინა.

ხიდის აფეთქება მდინარე ჩოლოქზე, 2004 წლის 2 მაისი
ხიდის აფეთქება მდინარე ჩოლოქზე, 2004 წლის 2 მაისი

სასამართლომ ასლან აბაშიძეს 30 000 ლარის გადახდა დააკისრა, ბათუმის ყოფილი მერის თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ, რომელიც აჭარის მეთაურმა შეთითხნილი ბრალდებით, 1993 წელს დააპატიმრა. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წელს, ასანიძე პრეზიდენტმა შევარდანაძემ შეიწყალა, იგი უკანონო პატიმრობაში 2004 წლამდე იმყოფებოდა და მხოლოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების შემდეგ გათავისუფლდა.

მოსამართლე მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძეც უკმაყოფილო დარჩა

ოდესმე იქნებ ეღირსოს ქართულ მართლმსაჯულებას რომ ასლან აბაშიძე ჩამოიყვანოს აქ და პატიმრად ამყოფოს საქართველოს ციხეში.“
თენგიზ ასანიძე, ბათუმის ყოფილი მერი

„100 00 ევროს ვითხოვდი და ვფიქრობ, უნდა დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა მოსამართლეს. რატომ არ დააკმაყოფილა გაკვირვებული ვარ. რაც შეეხება ასლან აბაშიძის პატიმრობას, ოდესმე იქნებ ეღირსოს ქართულ მართლმსაჯულებას რომ ეგ ჩამოიყვანოს აქ და პატიმრად ამყოფოს საქართველოს ციხეში.“

მარცხნივ - თენგიზ ასანიძე გათავისუფლების შემდეგ, 2004 წლის აპრილი
მარცხნივ - თენგიზ ასანიძე გათავისუფლების შემდეგ, 2004 წლის აპრილი

37 ტომიან "აჭარულ ქეისზე", რომელშიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო გაერთიანებული, ბათუმის სასამართლომ ასლან აბაშიძის გარდა დამნაშავედ სცნო, აჭარის უშიშროების ყოფილი მინისტრი სოსო გოგიტიძე და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2004 წლიდან გოგიტიძეც რუსეთს აფარებს თავს.

ასლან აბაშიძის პირადი დაცვის უფროსს, დავით ხალვაშს, მეტსახელად „ქელფეთას“, რომელიც ქართველ სამართალდამცველებს, 2014 წელს ჩაბარდა, პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით განესაზღვრა. აბაშიძის, გოგიტიძისა და ხალვაშის დაცვის მხარეს ერთთვიანი ვადა აქვს, რომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

წარდგენილ ბრალდებებში, სიკვდილის შემდეგ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ასევე სცნო: აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, 2009 წელს მოსკოვში გარდაცვლილი ჯემალ გოგიტიძე და მისი ყოფილი მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე, მეტსახელად „რემბო“, რომელიც 2010 წელს, მოსკოვში მოკლეს.

XS
SM
MD
LG