ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა საიდუმლო წაიღო აჭარელმა „რემბომ“


ელგუჯა ჯინჭარაძე
ელგუჯა ჯინჭარაძე

რუსეთის დედაქალაქში მომხდარი აჭარის ავტონომიის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია.

ის გასულ პარასკევს, მოსკოვში სასტუმრო "რედისონთან" ახლოს, ორი გასროლით მოკლეს, სავარაუდოდ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჯინჭარაძე კარგად იცნობდა.

მკვლელებმა საკმაოდ არაპროფესიონალურად იმუშავეს, გასროლის შემდეგ, მათ იქვე მდგომი ტაქსი გააჩერეს, დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ და რაც მთავარია, ტაქსის მძღოლი ცოცხალი გაუშვეს.

მოსკოვის პროკურატურამ გაავრცელა ტაქსის მძღოლის დაკითხვის ოქმი, სადაც მკვლელობის მთავარი მოწმე ამბობს, რომ თავისუფლად შეუძლია ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელების ამოცნობა. ციტატა დაკითხვის ოქმიდან

„ისინი ჯერ საუბრობდნენ, შემდეგ დავინახე როგორ მოკლეს ეს ადამიანი, უფრო სწორად, გავიგონე გასროლის ხმები და დავინახე როგორ დავარდა ადამიანი. შემდეგ, ეს ორნი, კავკასიური გარეგნობის პირები ჩემთან მოვარდნენ და მანქანაში ჩამიჯდნენ. ერთი წინ ჩაჯდა, მეორე უკან. მე მაშინვე მივხდი ვინც იყვნენ, ჩემს შეკითხვაზე, ერთ-ერთმა მითხრა, შენ რა პრობლემები გინდა?

მე დავიძარი და გზაშივე შევთავაზე, რომ მანქანიდან გადავიდოდი და თავად წასულიყვნენ, მათ უარი თქვეს, ისინი, რუბლიოვკაზე გალერეა ზარასთან მივიყვანე და უკან დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ორივეს ამოცნობა შემიძლია.“

46 წლის ჯინჭარაძე, მეტსახელად რემბო, აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. 1994 წლიდან, ათი წლის მანძილზე ეჭირა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებოდა, პარალელურად, იყო აბაშიძის პირადი დაცვის უფროსიც.

მანამდე მუშაობდა ქობულეთის და ხელვაჩაურის რაიონების პოლიციის უფროსად, ასევე ბათუმის ციხის უფროსად. ასლან აბაშიძის ყოფილი პრეს მდივანი თამაზ ბაკურიძე რემბოს მკვლელობის ორ ვერსიაზე საუბრობს

“პირველი ვერსია უკავშირდება ელგუჯას ბიძაშვილის, ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის ქონებას. როცა მამუკა მოკლეს, მისი ბიზნესის რაღაც ნაწილი ელგუჯას დარჩა და ამის გამო, ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირება ჰქონდა, მამუკას ქვრივთან, ირინა ჯინჭაძესთან, რომელიც სერიოზული გავლენით სარგებლობს რუსეთში.

მეორე ვერსია უკავშირდება ასლან აბაშიძის გარემოცვის შურისძიებას. საუბარი მაქვს იგივე, ასევე მოსკოვში მყოფ, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრ სოსო გოგოტიძესა და მის მოადგილე დათო ბაკურიძეზე.

შესაძლებელია სხვასაც ჰქონდა ინტერესი შურისძიების... მოგეხსენებათ, როცა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ელგუჯა ჯინჭარაძე, ვარდების რევოლუციის დროს გადავიდა მიხეილ სააკაშვილის მხარეს.“

2004 წლის მაისში, სწორედ ელგუჯა ჯინჭარაძემ ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, აჭარის ხელისუფლებიდან, ასლან აბაშიძის განდევნაში. ცნობილია, რომ ჯინჭარაძის ინიციატივით იქნა აფეთქებული აჭარა-გურიის დამაკავშირებელი ხიდები, რამაც დააჩქარა კიდეც ასლან აბაშიძის ხელისუფლების დასასრული.

2004 წლის 5 მაისს "რემბო" ბათუმიდან თბილისში გამოიქცა და საქართველოს პროკურატურაში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. თვითმხილველები მაშინ ამბობდნენ, რომ რემბოს ღალატი აბაშიძისთვის ნამდვილი შოკი იყო.

ასლან აბაშიძე მეორე დღესვე გაფრინდა მოსკოვში. არაოფიციალურად ცნობილია, რომ რემბო, სააკაშვილის გარემოცვამ მისი ბიძაშვილის, ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის დახმარებით გადმოიბირა, ის ვარდების რევოლუციის დროს, მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს.

აჭარის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, რომელიც შარშან, დეკემბერში, ასევე მოსკოვში გარდაიცვალა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, მდინარე ჩოლოქსა და ქაქუთზე ხიდების აფეთქებაში სწორედ ელგუჯა ჯინჭარაძეს ადანაშაულებს. ჯემალ გოგიტიძემ კერძოდ ამბობდა:

ციტატა „ამას წინათ ისევ გაიმეორეს რომ ხიდები ასლან აბაშიძემ ააფეთქაო. ჩვენ ამაში შეიძლება ბრმა მონაწილეები ვიყავით, მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამავალი ხიდები ააფეთქეს სააკაშვილმა და მერაბიშვილმა იმისათვის, რომ მოგვიანებით აჭარის დაბომბვა გაემართლებინათ.

ელგუჯა ჯინჭარაძე, ვისაც ხიდები ააფეთქებინეს, მეორე დღეს ტელევიზიით ალაპარაკეს, გმირად შერაცხეს, ფული გადაუხადეს და საქართველოდან გაუშვეს. მერე სააკაშვილი მიხვდა, რომ ჯინჭარაძე შეიძლება ალაპარაკებულიყო და მასზე ძებნა გამოაცხადეს. რასაც ვამბობ, თუ სიმართლე არ არის, მიპასუხონ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა, როგორ მოხდა, რომ ხიდების აფეთქებიდან 10 წუთში "რუსთავი 2"-მა სიუჟეტი გადააგორა?!

ყველაფერი მზად იყო, კამერები ჩართული ჰქონდათ და ხიდები ააფეთქეს. ამ საქმეში მამუკა ჯინჭარაძის როლს არ გამოვრიცხავ, რადგან ის იყო მეგზური სააკაშვილსა და ელგუჯა ჯინჭარაძეს შორის. ალბათ, გახსოვთ, მერე მამუკა ჯინჭარაძე მოსკოვში, საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. იმიტომ ხომ არა, რომ ეს ჯაჭვი, რაზეც ვსაუბრობ, რაღაცნაირად გაეწყვიტათ?!“ ციტატის დასასრული

ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე, რომელიც რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკის დუმის დეპუტატიც იყო, 2005 წლის თებერვალში, მოსკოვში საკუთარ "მერსედესში" ჩაცხრილეს.

საინტერესოა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მამუკამ და მისმა ბიძაშვილმა ელგუჯა ჯინჭარაძემ ერთად ივაჯიშეს სპორტ დარბაზში. როცა მამუკას ესროდნენ, რემბო ისევ დარბაზში იყო და ნივთებს ალაგებდა.

ამ მკვლელობიდან, რამოდენიმე თვეში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელგუჯა ჯინჭარაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით;

2008 წელს კი ხელვაჩაურის სასამართლომ რემბოს, დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამ, მიზეზების გამო, იგი რუსეთს აფარებდა თავს.

ვის ინტერესებში შედიოდა აჭარის "ხავერდოვანი რევოლუციის" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის მკვლელობა ამაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში და მმართველ პარტიაში, ისე მოსკოვში მცხოვრებმა აბაშიძის გარემოცვის ყოფილმა წევრებმა.

ელგუჯა ჯინჭარაძეს მშობლიურ ქობულეთში დაკრძალავენ, უახლოესი ისტორიის ძალიან ბევრი საიდუმლო აჭარელმა „რემბომ“ სამარეში წაიღო.




XS
SM
MD
LG