ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჭარული პატი: სამთვიანი კომპრომისული მთავრობა


აჭარის ახალმა მეთაურმა ხალხის გაცნობა ბათუმის ბაზრიდან დაიწყო
აჭარის ახალმა მეთაურმა ხალხის გაცნობა ბათუმის ბაზრიდან დაიწყო

აჭარას - ერთადერთ ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვრცელდება, ახალი მთავრობა და ახალი მეთაური - 43 წლის დიპლომატი ზურაბ პატარაძე ჰყავს. იგი ბოლოს ელჩად ყაზახეთში მუშაობდა და ახალ თანამდებობაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარადგინა.

ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე სამი თვით ადრე განხორციელდა, რაც შავიზღვისპირა ავტონომიაში ხანგრძლივმა სახელისუფლებო კრიზისმა გამოიწვია.

ორ წლიანმა კრიზისმა აჭარის ეკონომიკური წინსვლა შეაფერხა
ორ წლიანმა კრიზისმა აჭარის ეკონომიკური წინსვლა შეაფერხა

ახალი არჩევნები აჭარაში, 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება, თუმცა, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი იძულებული გახდა არ დალოდებოდა ამ თარიღს და 2012 წლის ოქტომბერში, დაწინაურებული არჩილ ხაბაძე, დროზე ადრე შეეცვალა.

2012 წლის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, როცა მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა ერთპიროვნულად წარადგინა ხაბაძე, დღეს, აჭარის სახელისუფლებო ვერტიკალში არსებული რთული კონფიგურაციის გამო, პრემიერი კვირიკაშვილი იძულებული იყო დახმარებისთვის პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის მიემართა, რომელმაც თავის მხრივ, დასახმარებლად, ოპოზიციას - ირაკლი ალასანიას უხმო.

აჭარაში ხელისუფლების "ხავედროვანი ცვლის" დროს
აჭარაში ხელისუფლების "ხავედროვანი ცვლის" დროს

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ალასანიას გადაწყვეტილებას, რომ ხმა მიეცათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზურაბ პატარაძისთვის და აეღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აჭარის ახალ მთავრობაზე, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი უწოდა.

"თავისუფალმა დემოკრატებმა აჭარაში გამოიჩინეს მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არ გამოედევნენ, იაფფასიან პოლიტიკურ დაპირისპირებას"
გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი

„როგორც ჩანს, თავისუფალმა დემოკრატებმა გამოიჩინეს მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არ გამოედევნენ, იაფფასიან პოლიტიკურ დაპირისპირებას და სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგეს.“

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესს საბჭოში - 13, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 8 დეპუტატი გაიყვანა.

უმრავლესობის ჩამოშლა 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო, როცა „ოცნებიდან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ბათუმის მაჟორიტარი, ამბიციური მურმან დუმბაძე გარიცხეს. დუმბაძე თავიდანვე დაუპირისპირდა არჩილ ხაბაძეს და მის ადგილზე დანიშვნას ითხოვდა. გარიცხულმა და განაწყენებულმა დუმბაძემ აჭარის უმრავლესობიდან - ორი დეპუტატი გაიყოლა.

2014 წლის ნოემბერში, კი თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებამ და „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლამ, „ოცნებას“კიდევ ორი დეპუტატი გამოაკლო. კოალიციამ აჭარაში უმრავლესობა დაკარგა.

2015 წლიდან, აჭარის უზენაეს საბჭოში "ახალ უმრავლეობას" დე-ფაქტოდ: „ნაციონალები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ოცნებიდან“ გამოქცეულები წარმოადგენდნენ, თუმცა მათ საერთო ენა ვერ გამონახეს, რამაც კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

2016 წლის თებერვალში, ორი დეპუტატი უკვე „ნაციონალებიდან“ წავიდა და შებამისად, „ახალმა უმრავლესობამ“ ვერც დე-იურედ გაფორმება და ივლისში, ორი მცდელობის მიუხედავად, ვერც აჭარის მთავრობის გადაყენება შეძლო.

საბოლოოდ, აჭარული კრიზისიდან გამოსავალი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგიონის ეკონომიკური განვითარება, უპრეცედენტო სამმხრივი კონსულტაციებით გადაწყდა. პრემიერმა კვირიკაშვილმა ჩახსნა წარუმატებელი არჩილ ხაბაძე, პრეზიდენტმა დაითხოვა აჭარის მთავრობა, ზურაბ პატარაძე - ჯერ დროებით რწმუნებულად დანიშნა და მალევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს - მთავრობის ახალ მეთაურად წარუდგინა.

პრეზიდენტმა ბათუმში "თავისუფალი დემოკრატები" დაითანხმა
პრეზიდენტმა ბათუმში "თავისუფალი დემოკრატები" დაითანხმა

პატარაძის არჩევას 11 ხმა სჭირდებოდა, მან 12 მიიღო, ორივე გადამწყვეტი ხმა „თავისუფალი დემოკრატების“ იყო და დროებითი აჭარული პატიც გაფორმდა. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სულხან ღლონტი არაორდინალურ გადაწყვეტილებას თუ რატომ ითანამშრომლეს ხელისუფლებასთან "კაბელების საქმის" შემდეგ, ასე ხსნის:

"ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გამოვეყავით "ქართულ ოცნებას" და წავედით ოპოზიციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წავედით „ნაციონალურ მოძრაობასთან“
სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

„დაიშალა კოალიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ვინც გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ და წავედით ოპოზიციაში, წავედით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. იმ შემთხვევაში, თუ ამას ასე გავაკეთებდით, უკვე 2015 წლის დასაწყისიდან, აჭარის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდებოდა.“

აჭარის ავტონომიის რიგით მეოთხე მეთაური ზურაბ პატარაძე წარმოშობით ქობულეთიდან არის. ასლან აბაშიძის მმართველობისას იგი ბათუმში, საბანკო და საპოლიციო სტრუქტურებში მუშაობდა.

2000 წელს, თბილისში გადმოსვლის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის კარიერა დაიწყო. რუსეთში ეთნიკური ქართველების მასობრივი დევნისა და აგვისტოს ომის უმძიმეს პერიოდში მუშაობა მოსკოვში საქართველოს საელჩოში მოუწია.

აჭარის ახალი მეთაური ოჯახთან ერთად
აჭარის ახალი მეთაური ოჯახთან ერთად

შემდეგ იყო გენერალური კონსული საბერძნეთსა და თურქეთში. 2012 წელს, დაინიშნა სრულუფლებიან ელჩად თურქეთში , 2013 წლიდან კი უკვე ელჩად ყაზახეთში. ზურაბ პატარაძემ აჭარის ოთხპორტფელიან მთავრობაში - მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები შეცვალა.

ადგილობრივმა პოლიტიკურმა ძალებმა ზურაბ პატარაძის ამ ფორმით დანიშვა აჭარაში, რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცენტრალური ხელისუფლების მორიგ უხეშ ჩარევად შეაფასეს, რამაც, მათი აზრით, კიდევ ერთხელ დაადასტურა - აჭარის ავტონომიის ფორმალური მდგომარეობა.

აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაურები (1991-2016)

ასლან აბაშიძე 1991-2004

ლევან ვარშალომიძე 2004-2012

არჩილ ხაბაძე 2012-2016

ზურაბ პატარაძე 2016 ივლისიდან -

XS
SM
MD
LG