ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჭარაც 4 წლით „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიბარა


აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ლევან ვარშალომიძეს არჩილ ხაბაძე შეცვლის
აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ლევან ვარშალომიძეს არჩილ ხაბაძე შეცვლის

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი მთავრობის მეთაური ეყოლება. კანონით „აჭარის ა/რ-ის მთავრობის” შესახებ ახალი მეთაურის დასახელების პეროგატივა საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა, თუმცა, ეს ახალმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ამ თანამდებობაზე ეკონომისტი არჩილ ხაბაძე წარადგინა.

31 წლის ხაბაძე ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. გაზეთ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არჩილ ხაბაძე აღიარებს, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. „ეს იქნება მთავარი გამოწვევა, არის საკითხები, რაშიც ვერ ვერკვევი,“ - ამბობს ხაბაძე.

ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხაბაძე ამბობდა, რომ ასეთი შეთავაზების შემთხვევაში „სახტად დარჩებოდა“.

ხაბაძეს და ახალ მთავრობას აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს. პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არჩევანი ორ კანდიდატს (არჩილ ხაბაძე - ჯემალ ფუტკარაძე - ზ.წ) შორის გააკეთა. თავად აჭარის მთავრობის მომავალმა მეთაურმა არჩილ ხაბაძემ კი ბრძანა:

„რეფორმები გაგრძელდება და მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილებები რომელიც ჩვენ რეგიონს სხვა რეალობაში გადაიყვანს. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწინავე ტურიზმსა და მიწათმოქმედებაში.“

ბიძინა ივანიშვილი: „ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასი პიროვნებაა. არჩევანი გაკეთდა უფრო ახალგაზრდაზე, არჩილ ხაბაძეზე. აჭარაში ძალიან საინტერესო გუნდი ჩამოყალიბდა.

აუცილებლად გაიზრდება ავტონომიის უფლებები, მაქსიმალურად უნდა გადავიტანოთ აქცენტები, არ შეიძლება თბილისიდან იმართებოდეს ყველა რეგიონი. დეცენტრალიზაცია უნდა მოვახდინოთ რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ კანონიერად.“

პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ლევან ვარშალომიძის ბედი, რომელსაც 2004 წლიდან ეჭირა აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტი აჭარის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებმა გადაწყვიტა.

1 ოქტომბერს ,„ქართულ ოცნებას“ 304 930 ამომრჩევლიდან, რომელიც აჭარაში იყო რეგისტრირებული, ხმა 57,5 პროცენტმა ანუ 103 160 ადამიანმა მისცა; „ნაციონალურ მოძრაობას“ კი თითქმის 37 პროცენტმა - 66 000 -ზე ოდნამ მეტმა ამომრჩეველმა.

აჭარის ექვს მაჟორიტარულ ოლქში კი კონკურენტებმა 3-3 ადგილი გაიყვეს. შედეგად „ოცნებამ“ აჭარის უმაღლესს საბჭოში - 13 „ნაციონალებმა" კი - 8 დეპუტატი გაიყვანა.

გუშინ, ავტონომიის უმაღლესი საბჭოს ახალი თავჯდომარედ 57 წლის ხელვაჩაურელი ავთანდილ ბერიძე აირჩიეს. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა, ბერიძეს „ოცნების“ 13 ხმაც ეყო. ბერიძე წლების მანძილზე რესპუბლიკური პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

რესპუბლიკელები მან ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული განსხვავებული აზრის გამო, მურმან დუმბაძესთან ერთად დატოვა. არჩევის შემდეგ ავთანდილ ბერიძემ განაცხადა:

„გვინდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეალობის გათვალისწინება, აჭარის ავტონომიის სტატუსის ამაღლება, განმტკიცება. ისეთი საკითხების წინ წამოწევა და გადაწყვეტა, რაც სრულად შეესაბამება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესებს.“

ისტორიული აჭარა დედა სამშობლოს მე-16 საუკუნის ბოლოს მოსწყდა და თითქმის მთლიანად გამუსლიმანდა. მოგვიანებით, ამ ტერიტორიას აკონტროლებდნენ რუსეთი, თურქეთი, ინგლისი და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.

აჭარის ავტონომიის სტატუსი კი უმძიმესი კომპრომისების შედეგად დაიბადა. 1921 წლის 16 მარტს, მოსკოვში ხელმოწერილი საბჭოთა რუსეთისა-თურქეთის „მეგობრობის ხელშეკრულების“ მიხედვით, თურქეთმა ბათუმის ოლქი, პორტი და მიმდებარე ტერიტორია უკვე გასაბჭოებულ საქართველოს იმ პირობით დაუთმო, რომ იქ მცხოვრები ქართველი მუსლიმები ფართო ავტონომიით ისარგებლებდნენ.

1921 წლის 16 ივნისს მართლაც შეიქმნა ავტონომია სახელწოდებით - „აჭარისტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“. 1921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსში, თურქეთისა და ამიერკავკასიის სამი საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ხელმოწერილ „მეგობრობის ხელშეკრულებით“, თურქეთმა ყარსის, ართვინის, არტაანის მხარეები და აჭარის ნაწილი (ზედა მაჭახელი, ზედა მარადიდი) წაიღო, ხოლო ბათუმი და გიუმრი საბჭოთა კავშირს გადმოსცა.

1936 წლიდან აჭარისტანის ავტონომიას აჭარის საბჭოთა ავტონომია ეწოდა. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრა.

1991 წლიდან 2004 წლამდე, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აჭარა სეპარატიზმის გზაზე იდგა. 2004 წლის 6 მაისის შემდეგ კი, როდესაც აბაშიძე აჭარიდან გაიქცა, ოფიციალურმა თბილისმა აჭარის სტატუსთან დაკავშირებით მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, ავტონომია არ გაუქმებულა, თუმცა, ფაქტობრივად, ფორმალური გახდა.

აჭარა საქართველოში შემავალი, ჯერჯერობით ერთადერთი ავტონომიური რესპუბლიკაა, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.

XS
SM
MD
LG