ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნება” დასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს


მსოფლიო ძალაუფლების გადაცემის საბოლოო განვითარებას ელის

ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა ხდება. სამშაბათს, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რაც გასულ კვირას გამართული წყალგამყოფი არჩევნების შემდეგ ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ საპარლამენტო კონტროლის თავისუფლად მოპოვების პერსპექტივაზე მიუთითებს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჯეფ სელდინი მოგვითხრობს დეტალებზე.

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის ცვლილებების განსახილველად შემდგარი შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში მძაფრი პოლიტიკური კამპანიის შემდეგ ერთიანობის დემონსტრირება იყო.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია შენარჩუნდება.

„ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი სტრატეგიის არსს წარმოადგენს და ჩვენ წინა ხელისუფლების კურსს გავაგრძელებთ. ჩვენი სწრაფვა იქნება ევროპისკენ და საქართველო „ნატო”-ს წევრი ქვეყანა უახლოეს მომავალში გახდება,” - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

თუმცა, ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის შეეცდება რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოპტიმიზმით არის განწყობილი.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსს აირჩევს,” - განაცხადა ლავროვმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველოსთვის ეს თემა მეტად რთული და კრიტიკულია. სამშაბათს ლავროვი სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

ამ ეტაპზე, ქართველი ლიდერები ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადაცემაზე არიან ორიენტირებულნი. პრეზიდენტ სააკაშვილის ანტაგონისტური დამოკიდებულება, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე იგრძნობოდა, დღეს ნაკლებ თვალსაჩინოა.

„ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს -- ჩვენს ხალხს წარმატება მინდა ვუსურვო -- დარწმუნებული ვარ, საქართველოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს და ჩვენ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები,” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ამასობაში, მსოფლიო ძალაუფლების გადაცემის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროცესის საბოლოო განვითარებას ელის.
XS
SM
MD
LG