ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ მენტალური რევოლუცია უნდა გააგრძელოს


თბილისი, 2 ოქტომბერი, 2012
თბილისი, 2 ოქტომბერი, 2012

კენ ვოლაკის განცხადებით, შეხვედრა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის იმედის მომცემია, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს

ცხრა ოქტომბერს ვაშინგტონში დაფუძნებულ კვლევით ცენტრ-ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სიტყვით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ტომას მელია, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი კენ ვოლაკი და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი გამოვიდნენ. მომხსენებლებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრეს.
„დადგა დრო პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართულ ოცნებას სცეს პატივი და მას ქვეყნის მართვის საშუალება მისცეს. პარალელურად, ქართულმა ოცნებამ პატივი უნდა სცეს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რჩება ქვეყნის პრეზიდენტად, რომელსაც რეალური ძალაუფლება აქვს.“
დეიმონ ვილსონი, ალტლანტიკური საბჭო


მელიას განცხადებით, საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, როგორც რეგიოინში ასევე მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ამერიკა დაინტერესებული იყო წინასაარჩევნო გარემოს დახვეწასა და გაუმჯობესებაში. აქედან გამომდინარე, ამერიკის რეკომენდაციით შეიქმნა უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საჩივრებსა და სირთულეებს სწავლობდა. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო, ეგრეთ წოდებული, „მასტ ქერის“კანონი, რომელმაც საკაბელო ოპერატორები დაავალდებულა ყველა პოლიტიკური ძალის მაუწყებლობის მომხმარებლისთვის მიწოდება.

ბატონმა მელიამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მთავრობა გარკვეულ საკითხებში შეაქო:

„მე მინდა ძალისხმევა დავუფასო საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას იმაში, რომ რეაგირება გააკეთა ჩვენს რამდენიმე რეკომენდაციაზე იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი უფრო ღია და კონკურენტული გამხდარიყო ყველა მხარისთვის. ჩვენ ასევე წამოვჭერით რამდენიმე საკითხი სადაც მდგომარეობის უფრო მეტად დახვეწა იყო შესაძლებელი, მაგალითად საარჩევნო კამპანიის დაფინანსება და კონტროლის პალატის საქმიანობა. [...] ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნამდვილად დახვეწა საქმიანობა და გაუძლო ცდუნებას, რომ ემოქმედა მიკერძოებულად. კომისიამ დახვეწა სამუშაო პროცესები და გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები.“

ბატონმა მელიამ მადლიერება გამოხატა საქართველოს პოლიტიკური ძალების მიმართ და განაცხადა, რომ არჩევნებამდე ამერიკის მთავრობა აქტიურად ცდილობდა მხარეების იმაში დარწმუნებას, რომ არჩევნების ღამეს არ მომხდარიყო ძალადობრივი დაპირისპირებები. მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრისას ამერიკის წარმომადგენლები აცხადებდნენ:

„ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტი გაუმჯობესდება სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. ამავდროულად, ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში ვაცხადებდით, რომ ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ვღებულობდით ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. ჩვენ გვინდოდა ქართველ ხალხს გაეკეთებინა არჩევანი, აერჩია ის თუ ვინ იქნებოდა პარლამენტის წევრი და შესაბამისად პრემიერ მინისტრიც. საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე მოძრაობის გასაგრძელებლად გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ არჩევნების ჩატარება. მაგრამ ეს არჩევნები იმედისმომცემი განვითარებაა ამ მიმართულებით.“

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა კენ ვოლაკმა საქართველოში არჩევნების ისტორიის შეჯამება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნამ უდიდესი პროგრესი განიცადა 1992 წლიდან - ანუ მას შემდეგ, რაც „ენ-დი-აიმ“ პირველად დაიწყო მუშაობა საქართველოში.
პირველი ოქტომბრის არჩევნების შეფასებსისას კი მან განაცხადა, რომ:

„წინასაარჩევნო პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ციხეებში პატიმრების წამების ფაქტების ამსახველი ვიდეოების გავრცელება იყო. ვიდეო ჩანაწერებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია იმ ამომრჩეველზე, რომელსაც გადაწყვეტილი არ ჰქონდა ვის მისცემდა ხმას. ამ ჩანაწერებმა საქართველოს კონსერვატიული საზოგადოების შოკი გამოიწვია და ქვეყანაში კოლექტიური სირცხვილის შეგრძნება გააჩინა. გარდა ამისა, ციხის კადრებმა შეარყია ნაციონალური მოძრაობის იმიჯი, როგორც ძალისა, რომელსაც ქვეყნის მართვა შეეძლო. [... ამასთან, ნდობა შეირყა მმართველი პარტიის განცხადებებში, რომ საქართველოში დღეს უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 9 წლის წინ იყო.“

ბატონმა ვოლაკმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორ დემოკრატიულ გზას ადგას, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მომდევნო ერთი წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში:

„ერთი წლის მანძილზე, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები არ შედგება, მთავრობა გაყოფილი იქნება. არც ერთ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაპირისტპირებულ პოლიტკურ პარტიებს ერთმანეთთან თანაარსებობა მოუწევთ. შეხვედრა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის იმედის მომცემია, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარება გააგრძელოს.“

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ ვილსონის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ამ ფორმით ჩატარება არა მხოლოდ დემოკრატიის განვითარების მიმართულებით იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, არამედ:

„ის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ის რაც ამ არჩევნებზე მოხდა, საქართველოს ევროკაშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას დამატებით ბიძგს აძლევს. დემოკრატია ის ერთადერთი ფაქტორია, რომელიც საქართველოს გეოგრაფიის დაძლევაში დაეხმარება და ევროპასთან დააახლოებს. გარდა ამისა, ეს იყო კარგი პრეცედენტი. წარსულში საქართველოს ოპოზიციის მიერ წარუმატებელი საქმიანობა დასავლეთში ქართული დემოკრატიის სიღრმეში ეჭვს აჩენდა. ამ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებამ ეს არგუმენტი თავდაყირა დააყენა.“
ვილსონმა საქართველოს პოლიტიკური განვითარება სამ ეტაპად დაყო და განაცხადა, რომ თითოეულ მათგანს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. პირველ ეტაპზე, უნდა გადაწყდეს საარჩევნო დავები და არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოცხადდეს. შემდეგ უნდა მოხდეს ერთ წლიანი თანაარსებობა, რომლის დროსაც მხარეებმა კონსტრუქციული დიალოგით უნდა შეძლონ ქვეყნის მართვა და მიღწეული პროგრესის შენარჩუნება. ხოლო მესამე ეტაპი კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება. ვილსონის თქმით:

„დადგა დრო პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართულ ოცნებას სცეს პატივი და მას ქვეყნის მართვის საშუალება მისცეს. პარალელურად, ქართულმა ოცნებამ პატივი უნდა სცეს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რჩება ქვეყნის პრეზიდენტად, რომელსაც რეალური ძალაუფლება აქვს.“

ვილსონმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული პროცესი გრძელდება, თუმცა მის შესანარჩუნებლად და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დასანერგად აუცილებელია კანონის უზენაესობის რეალურად დაწესება. თუმცა, არ უნდა მოხდეს ამის აღრევა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში:

„როგორც კი დაიწყებ პოლიტკური განსხვავებების კრიმინალიზაციას, ადგები გზას, რომელიც დემოკრატიას შეასუსტებს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ ამ ცდუნებას გაუძლოს და მახეში არ გაებას. ქართველმა ხალხმა მენტალური რევოლუცია უნდა გააგრძელოს და შეცვალოს ნორმები, რომლებიც შოვინიზმს, ჰომოფობიას, ქსენოფობიას და ეროვნულ ტრაგედიებს უკავშირდება. ქვეყნის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა საზოგადოებაში არსებული ეს ტენდენციები უნდა დაძლიონ და საქართველოს საზოგადოების ევოლუციაზე იზრუნონ.“

ვილსონმა ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად და სამართლიანად ჩატარებამ მსოფლიოს დაანახა, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში, ამ პატარა და კატაკლიზმებით სავსე წარსული მქონე ქვეყანაში შეიძლება დემოკრატიის აშენება, მაშინ ეს ყველგან იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ამერიკა და დასავლეთი აუცილებლად გააგრძელებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
XS
SM
MD
LG