ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილის და ივანიშვილის პირველი შეხვედრა


პრეზიდენტი და მომავალი პრემიერი არჩევნების შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
პრეზიდენტი და მომავალი პრემიერი არჩევნების შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან ცხრა დღის თავზე ერთამენთს პირისპირ პირველად შეხვდნენ არჩევნებში დამარცხებული პარტიის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გამარჯვებული კოალიციის ლიდერი, ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

შეხვედრა დახულ კარს მიღმა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პალიკო კუბლაშვილი.

„ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტის მომავალი თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მომავალი მინისტრი ირაკლი ალასანია და სასჯელაღსრულების ასევე მომავალი მინისტრი სოზარ სუბარი წარმოადგენდნენ.

შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში ირგძნობოდა გამარჯვებულის ტონი, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა რომ მომავალი მთავრობა გააგრძელებს იმ საგარეო კურსს, რომლის საბოლოო მიზანიც NATO-ში გაწევრიანებაა.

ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა. ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა შევქმენით პრეცედენტი დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის, ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება.

ისიც, რომ მოვახერხეთ და მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და საქართველო მოახერხებს გახდეს NATO-ს წევრი.

კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა. კარგია, რომ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომელიც მე შევუქე. ჩვენი შეხვედრა იმას ემსახურება, რომ ვართ კულტურული ერი და ჩვენ ოპონენტებს ღირსეულად ვექცევით.“

თუ ივანიშვილმა საკუთარი გამოსვლა წუთსა და 20 წამში ჩაატია, საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო გამოსვლა თითქმის სამ წუთს გაგრძელდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პირველად კავკასიის რეგიონის ისტორიაში აღმასრულებელი ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა მიმდინარეობს, იგი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და როგორც კონსტუტუციის გარანტი უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლების გადაცემა ყოველგვარი ექცესების გარეშე მოხდეს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი რამდენჯერმე შეეცადა ხაზი გაესვა, რომ რჩება და მომავალშიც იქნება ქართულ პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფალი არჩვენები საქართველოში მომავალშიც უნდა გაიმართოს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით გაძლიერდეს და საშუალება იყო ყოველთვის მისი განვითარების და ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები.

ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნას დაცული. ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, მომავალ ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში. ამიტომ, მე ვფიქრობ ის რაც მოხდა, ამას ქართველი ხალხი თავისებურად შეაფასებს.

ყველაფერს უნდა დრო, რომ დაინახო და გააანალიზო, მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი მომავალზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და აზრთა სხვადასხაობისა, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებრივად, კონსტიტუციურად, სწორ ჩარჩოებში წარმართავს.

ეს არის მთავარი რასაც დღეს ყველამ ხაზი უნდა გაუსვას. ამიტომ, მინდა ჩვენ ხალხს ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ქვეყნის პოლიტიკოსები.”

1 ოქტომბრის შოკის შემდეგ, პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო დღეებია გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მისი და მისი პოლიტიკური გუნდისთვის გავლენის შენარჩუნებას უკავშირდება.

გუშინ პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოულოდნელად შეცვალა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გამოცდილი გენერალ ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე და მის ნაცვლად 31 წლის ბრიგადის გენერალი, გიორგი კალანდაძე დანიშნა.

ცნობილია, რომ თავდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. საქართველო ასევე დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დათა ახალაიამ.

მანამდე, სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოზე“ კონტროლი ჩამოართვა და ეს უწყება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუქვემდებარა, რომელიც უშუალოდ პრეზიდენს ექვემდებარება.

სააკაშვილის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა ასევე „სახელმწმიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე“ კონტროლი, რაც ადრე ეკონომიკის სამინისტროს ევალებოდა.

XS
SM
MD
LG