ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა


პოლიტიკური პროცესები დღეს საქართველოში ძალიან სწრაფად ვითარდება

დღეიდან სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან კოალიცია „ქართული ოცნების” აქციები აღარ გაიმართება, - აცხადებს „ქართული ოცნება".

დღეს თბილისში პრესკონფერენციები, ბრიფინგები გამართეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „უფლებადამცველთა გაერთიანებამ” „მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი გუნდისთვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესის” გამართვის ინიციატივასთან დაკავშირებით გამართა ბრიფინგი; პარტია „თეთრებმა” პრესკონფერენცია გამართეს თემაზე „ნაცმოძრაობა” გაცილებით საშიში გახდა!” და ა.შ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შემდეგი მისალმების ტექსტით მიმართა:

„მივესალმებით გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადებას, რომლითაც მან საკუთარ აქტივისტებს მიმართა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. თუმცა, ეს მოწოდება ჯერ არ განხორციელებულა, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ პროცესის დროულად და მშვიდობიანად დასრულება, ასევე, არჩევნების შედეგების შეჯამება, რომლის შედეგებიც დავების მიუხედავად ნათელია, არის არა ხელისუფლების ან რომელიმე კანდიდატის, არამედ ქვეყნის და საზოგადოების მომავლის ინტერესი."

„ქართული ოცნების" ლიდერმა მხარდამჭერებს შემდეგი განცხადებით მიმართა:

„მე მაქვს ასეთი თხოვნა, ვინაიდან ბევრ ქალაქში არ წყდება გამოსვლები ყოფილი ოპოზიციის [მხარდასაჭერად]. ჩვენ დღეს რეალურად ხელისუფლებას წარმოვადგენთ, ამას სჭირდება დრო. მაქსიმუმ თვის ბოლომდე, ჩვენ მოვახერხებთ და მთლიანად გადავიბარებთ ხელისუფლებას, ჩამოვაყალიბებთ ახალ სახალხო მთავრობას, რომელსაც მე ვპირდებოდი საქართველოს მოსახლეობას. ამ დროის განმავლობაში მოვითხოვ მაქსიმალურ სიმშვიდეს. ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში, კარგად გააცნობიერეთ. როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის ქუჩებში, შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ქუჩის ყოველგვარი აქციები შევწყვიტოთ."

უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენები და პოლიტიკური პროცესები დღეს საქართველოში ძალიან წსრაფად ვითარდება.

დღეს, მთავრობის კანცელარიაში, ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედი ხელისუფლებისა და არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების” წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართა. დიალოგში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. „ქართული ოცნებას ამ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი. შეხვედრის დაწყებამდე დავით უსუფაშვილმა განაცხადა:

„კოალიცია „ქართულ ოცნებას” ჯერ მხოლოდ მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგვეკისრა ქვეყნის მართვაზე, ანუ ჩვენ ხელთ არ გვიპყრია სათანადო ბერკეტები. ეს ბერკეტები რჩება ძველი მთავრობის ხელში, შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრებთ იმ მექანიზმებზე, რამაც უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ მშვიდობიანი, არამედ უდანაკარგო გადასვლა ერთი მთავრობიდან მეორეზე."

მედიისთვის დახურული შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა, რომელიც მონაწილე მხარეებმა დადებითად შეაფასეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის, [რომ] შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა მოვლენა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და ქვეყნის მომავალი პრემიერ მინისტრი მოემზადება უკვე მთავრობის დაკომპლექტების საკითხებისთვის, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„დღეს გამოჩნდა, რომ ყველა პროცესი წავა კონსტიტუციის ფარგლებში და კონსტიტუციის ჩარჩოში. დღეს გამოჩნდა, რომ მხარეები არ აპირებენ ერთმანეთისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნას და ქვეყნისთვის პრობლემების გამოწვევას. დღეს გამოჩნდა და დადასტურდა, რომ ორივე მხარეს ესმის და იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვეკისრება ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის.

დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება ძალოვან მინისტრებთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ამ მექანიზმის და უფლებამოსილების გამოყენებას, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ფორმით „ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანდიდატების ბლოკირებას ან ხელის შეშლას. ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულ კოალიციას, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას” ექნება სრული უფლებამოსილება და კარტბლანში იმისთვის, რომ წარმოადგინოს ნებისმიერი კანდიდატი.”


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დღეს შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს კოალიცია „ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს პარლამენტის განახლებული შემადგენლობა და საქართველოს მომავალი მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქართული განათლებისა და ქართული მეცნიერების განვითარებას, მეცნიერებისა, რომელიც ყოველთვის იდგა მსოფლიო მეცნიერების დონეზე და ზოგ დარგში თვით განსაზღვრავდა ამ დონეს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში „ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების” ჩამოყალიბებას, რაც როგორც ცნობილია, თანამედროვე მსოფლიო მეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა."
XS
SM
MD
LG