საბერძნეთი ნატოსთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოდის. ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აუცილებელია ევროკავშირმა გააძლიეროს თავდაცვა და შეიარაღების ინდუსტრია. „ჩვენ შევთანხმდით საერთო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე. ეს მოითხოვს ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიას, ინვესტიციებს და უფრო ეფექტიან თანამშრომლობას, ევროკავშირსა და ნატოს შორის“, - თქვა კირიაკოს მიცოტაკისმა. მიცოტაკისსა და რუტეს შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო.
შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაუსვა ხაზი ნატოს იმ მექანიზმს, რომელიც წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეხება.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ შეკავება და თავდაცვა. მათ შორის, თავდაცვის სფეროში ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდის გზით“, - თქვა რუტემ შეხვედრის შემდეგ.
საბერძნეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, ყოველწლიურად, თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3 პროცენტს ხარჯავს. მაშინ, როცა 2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ხარჯი თავდაცვის მიმართულებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-ია, 326 მილიარდი ევრო.
ნატოს წევრ ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ ყოველწლიურად, თავდაცვის მიმართულებით მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი დახარჯონ. თუმცა, ყველა ქვეყანა ამ ვალდებულებას არ ასრულებს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მიმდინარე კონფლიქტებისა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის გაძლიერებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის სამი ან მეტი პროცენტის დახარჯვაც კი დასჭირდეთ.
საბერძნეთმა ევროკავშირში წარადგინა საინიციატივო პაკეტი, რომელიც წევრი ქვეყნებისთვის, თავდაცვით პროექტებში ინვესტირებისთვის, უფრო მეტ სივრცეს შექმნის.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ, საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, რათა ქვეყანამ შეძლოს ანტისარაკეტო გუმბათის შექმნა.