ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია-აფხაზეთი: ჭიდაობა შორს მიმავალი მიზნით


თავისუფალ ჭიდაობაში სირიის ეროვნული ნაკრები ოკუპირებულ სოხუმში
თავისუფალ ჭიდაობაში სირიის ეროვნული ნაკრები ოკუპირებულ სოხუმში

მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება სირიის ქალაქ ალეპოში მომხდარი მეგა კატასტროფისკენ არის მიმართული, ოკუპირებულ აფხაზეთში ტურნეს თავისუფალ ჭიდაობაში სირიის ეროვნული ნაკრები მართავს.

ყველა მოჭიდავე სირიის არაბული არმიის სპორტკლუბს წარმოადგენს, არმიისა, რომელიც სირიელი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის ძირითადი დასაყრდენია.

დამასკო-ბეირუთი-სტამბოლი-სოჭი-სოხუმი: ასეთი მარშრუტით ჩავიდა სირიის მოჭიდავეთა დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში. მათ, სირიის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მუჰაჯირების შთამომავალი ახმედ ჯუმაა ხელმძღვანელობს.

სირიელი და აფხაზი მოჭიდავეების შეხვედრა სოხუმში
სირიელი და აფხაზი მოჭიდავეების შეხვედრა სოხუმში

ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი სირიელი მოჭიდავე, ბოლო წლებში, უცხოეთშია გადახვეწილი ან ასადის რეჟიმის მხარეს იარაღით ხელში იბრძვის, შესაბამისად, სოხუმში სირიის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. ეს ანგარიშზეც აისახა. აფხაზთა გუნდმა 17 დეკემბერს, ყველა წონით კატეგორიაში 8:0 იმარჯვა.

მარცხის შემდე, ახმედ ჯუმაა აფხაზთა „ვიცე-პრეზიდენტმა“ ვიტალი გაბნიამ მიიღო და უთხრა, რომ "აფხაზეთი და სირია ბარიკადების ერთ მხარეს არიან".

„ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, იმიტომ, რომ ორპოლუსიანი მსოფლიო უკვე შედგა და ჩვენ თქვენთან, სირიასთან ერთად, ბარიკადების ერთ მხარეზე ვართ“
ვიტალი გაბნია, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო "ვიცე პრეზიდენტი"

„ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, იმიტომ, რომ ორპოლუსიანი მსოფლიო უკვე შედგა და ჩვენ თქვენთან, სირიასთან ერთად, ბარიკადების ერთ მხარეზე ვართ.“

ამხანაგური შეხვედრა ჭიდაობაში, სოხუმში, წითელ ხიდთან მდებარე, „სპარტაკის“ სპორტდარბაზში გაიმართა. რეკონსტრუქციის შემდეგ, ეს ნაგებობა აფხაზთა „მეორე პრეზიდენტის“ ბაღაფშის სახელს ატარებს.

სპორტდარბაზში გამოფენილი იყო რუსეთის და სირიის სახელმწიფო დროშები. ასევე, აფხაზ სეპარატისტთა დროშა - გაშლილი ხელითა და ხუთქიმიანი ვარსკვლავით. მსაჯები კი ჩრდილოეთ ოსეთიდან იყვნენ მოწვეულნი.

სოხუმის "სპარტაკის" სპორტდარბაზში გამოფენილი დროშები
სოხუმის "სპარტაკის" სპორტდარბაზში გამოფენილი დროშები

მაყურებელთა დიდ ნაწილს იმ მუჰაჯირების შთამომავლები შეადგენდნენ, რომლებიც 1821-1877 წლებში რუსეთის ჯარებმა მშობლიური კერიდან აყარეს და მასობრივად გაასახლეს.

მათი მცირე ნაწილი, აფხაზეთში, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქართველებთან საბრძოლველად ჩამოვიდა და დარჩა. დაახლოებით, 500-მდე ადამიანმა კი "სულის ქვეყანა" საცხოვრებლად, სირიაში სამოქალაქო ომის (2012-2013) გამწვავების შემდეგ აირჩია.

მათ შორის არიან - სირიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 33 წლის ფერას ისმაილი, რომელიც ამჟამად სოხუმის „ნართში“ თამაშობს და სირიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კომუნისტი 77 წლის შარაფ აბაზა (მარშანი).

ყოფილი სირიელი პარლამენტარი ამბობს, რომ რუსეთის ჩარევამ სირიის კონფლიქტში სიტუაცია საბოლოოდ გარდატეხა

„რუსეთის ჩარევამ სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ საბოლოოდ გარდატეხა. ალეპოს აღება უდიდესი გამარჯვების დასაწყისია, როგორც ბაშარ ალ-ასადის სირიისთვის, ისე რუსეთისთვის“
შარაფ აბაზა (მარშანი), სოხუმში მცხოვრები, სირიის პარლამენტის ყოფილი წევრი

„რუსეთის ჩარევამ სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ საბოლოოდ გარდატეხა. ალეპოს აღება უდიდესი გამარჯვების დასაწყისია, როგორც ბაშარ ალ-ასადის სირიისთვის, ისე რუსეთისთვის“

აფხაზეთში არ მალავენ, რომ რუსეთის, ირანისა და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ბოლო დროინდელი, ერთობლივი სამხედრო წარმატების შემდეგ, ოფიციალური დამასკოსგან დამოუკიდებლობის აღიარებას მოელიან.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა 2010 წელს, დამასკოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ არ აპირებს აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.

თუმცა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დამასკო აღარ ერიდება ღია კონტაქტებს სეპარატისტების ლიდერებთან: 2016 წლის ნოემბერში, სირიის ელჩმა რუსეთში რიად ხადადიმ, მოსკოვში, სირიის საელჩოში მიიღო აფხაზთა „საგარეო მინისტრი“ დაურ კოვე, ხოლო სირიის სახელმწიფო ტელევიზით გადაიცა 25 წუთიანი ფილმი "დამოუკიდებელ აფხაზეთზე".

აფხაზთა დე-ფაქტო "საგარეო მინისტრი" და სირიის ელჩი რუსეთში
აფხაზთა დე-ფაქტო "საგარეო მინისტრი" და სირიის ელჩი რუსეთში

ოქტომბერში, სოხუმში მეორედ იმყოფებოდა შარაფ აბაზას ძმა, სირიის არმიის გენერალი, უალიდ აბაზა (მარშანი), რომელიც ბაშარ ალ-ასადის ერთგული თანამებრძოლია და დღეს სირია-ისრაელის საზღვრის დაცვაზეა პასუხისმგებელი.

2016 წლის ოქტომბერშივე, ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო მრგვალი მაგიდა გაიმართა, თემაზე: „სირია-შორეული და ახლობელი“, რომელსაც სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-ს მოსკოვის ბიუროს რედაქტორი ფაჰედ კანმაკეშიც დაესწრო.

XS
SM
MD
LG