ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სირიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე 500-ზე მეტი აფხაზურ-ადიღური წარმოშობის რეპატრიანტი ჩამოსახლდა. ამ ადამიანების წინაპრები, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიაში, მე-19 საუკუნეში, მუჰაჯირობის დროს, რუსეთის იმპერიამ გაასახლა. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ კი რეპატრიაციის პროცესი დაიწყო.
114 აფხაზური და ადიღური ფესვების სირიის მოქალაქე აფხაზეთში 6 ივლისს ჩავიდა. ისინი ჩარტერული რეისით, დამასკო-ბეირუთი-სოჭი თავდაპირველად რუსეთში ჩაფრინდნენ.
სოჭიდან სირიის მოქალაქეთა ჯგუფი, ავტობუსებით გუდაუთაში, პანსიონატ „ჩერნომორეცში“ გადაიყვანეს, აქ, ისინი საცხოვრებელი სახლების გამოყოფამდე დარჩებიან. აფხაზური ტელევიზიის ინფორმაციით, ჯგუფში ყველაზე პატარა რეპატრიანტი 15 დღისაა, ყველაზე მხცოვანი კი 90 წლის.
წარმოშობით ადიღი, დამასკოელი ინჟინერი რამი აიუპი, ერთ-ერთია ვინც სირია აფხაზეთზე გაცვალა. მისი მეუღლე, აფხაზური წარმოშობის ულია ცვიჟბაა. გუდაუთაში ისინი სამი შვილით ჩამოვიდნენ. რამი აიუპი ამბობს.
„ჩვენ მივხდით რომ სირიაში ომი კიდევ დიდხანს არ დასრულდება. წინადადება აფხაზეთში გადმოსვლის შესახებ დაუფიქრებლად მივიღეთ. რა თქმა უნდა, რთულია მშობლიური ადგილების დატოვება, მაგრამ ვერაფერს იზამ. ოჯახის წევრების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია.
თან, აფხაზეთიც ხომ ჩვენი წინაპრების სამშობლოა. დარწმუნებული ვარ რომ მეუღლეს და შვილებს აქ მოეწონებათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ახალგაზრდა ქვეყნის განვითარებისთვის.“
7 ივლისს, აფხაზეთში დამატებით 17 სირიელი რეპატრიანტი ჩავიდა. სამოქალაქო ომს ისინი თავდაპირველად იორდანიაში გაექცნენ. ამანიდან კი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნალჩიკში გადაფრინდნენ და შემდეგ, სოხუმში აღმოჩდნენ.
აფხაზურ-ადიღური წარმოშობის მოქალაქეების რეპატრიაცია სირიიდან აფხაზეთში 2012 წლის მარტიდან დაიწყო. შარშან აფხაზეთში სულ 186 რეპატრიანტი ჩასახლდა. 2013 წლის პირველ სამ თვეში 40-მდე ადამიანი; აპრილში, მათ 145 სირიელი დაემატათ; ივლისში კი კიდევ 131 ადამიანი.
აფხაზეთში ჩასახლებულ სირიის მოქალაქეებს ავტომატურად მიენიჭათ „აფხაზეთის მოქალაქეობა“. სეპარატისტთა კანონმდებლობით, ყველა აფხაზი დაბადებიდან აფხაზეთის მოქალაქედ ითვლება.
აფხაზთა „რეპატრიაციის ფონდის“ ინფორმაციით, 2013 წლის აპრილის ჩათვლით, სირიიდან რეპატრიაციის პროცესზე 46 464 000 რუსულ რუბლზე მეტი დაიხარჯა, რაც 1 409 000 აშშ დოლარის ტოლია.
ფონდი ანაზღაურებს ავიაბილეთებისა და კვების ხარჯებს; სახლების შეძენისა და ბინების რემონტის ფულს; პანსიონატებში ცხოვრებას; ავეჯის და ტექნიკის შეძენას; იხდის ბინის ქირას და არიგებს ერთჯერად შემწეობას; ასევე აფინანსებს აფხაზური ენის შესწავლას.
უკვე ცნობილია, რომ სოხუმის ხელისუფლება 2014 წლის ბიუჯეტში, რეპატრიანტებისთვის ბინების შესაძენი თანხის გათვალისწინებას გეგმავს. სეპატარისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა ამბობს:
„მე ვიტყოდი რომ ეს არის უპრეცედენტო პროგრამა. ბოლო ერთი წლის-წლინახევრის განმავლობაში აფხაზეთში უკვე დაბრუნდა 500 ადამიანზე მეტი. ეს ძალიან სერიოზული ციფრებია.
აფხაზეთის მთავრობა და რეპატრიაციის კომიტეტი ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს უმტკივნეულო ადაპტაციასა და ინტეგრაციაში.“
ამჟამად, სირიის მოქალაქეები აფხაზეთში სამ ადგილას ცხოვრობენ. სოხუმში - პანსიონატ „აიტარში“; გუდაუთაში - პანსიონატ „ჩერნომორეცში“ და გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. აქ რეპატრიანტთა პირველი ნაკადის ნაწილს, კერძო სახლები უქირავეს, ნაწილს კი საცხოვრებელი მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.
რეპატრიაციის პროცესზე საუბრისას, აფხაზთა პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ აღნიშნა, რომ არ იქნება სასურველი თუ აფხაზეთში სირიელ რეპატრიანტებს კომპაქტურად დაასახლებენ, მით უმეტეს, რომ უმრავლესობა აღმსარებლობით მუსლიმანია. „ასე ისინი ვერასოდეს შეძლებენ ადაპტირებას“ - აღნიშნა ლაკერბაიამ.
სეპარატისტების მთავრობა აპირებს მომავალშიც გააგრძელოს, სირიიდან აფხაზურ-ადიღური შერეული ოჯახების რეპატრიაცია. არაოფიციალური ინფორმაციით, სირიაში დაახლოებით 5000-დან 10000-მდე აფხაზური ფესვების ადამიანი ცხოვრობს, თუმცა დიდ ნაწილს დაბრუნება არ სურს; ან, ჯერ არ გადაუწყვეტია.
აფხაზური და თურქული წარმოშობის სოციოლოგი, ჟადე ჯემრე ერჯიესი, რომელიც ბრიტანეთში, სასექსის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევის ცენტში სწავლობს და ახლო ურთიერთობა აქვს აფხაზურ ელიტასთან, სოხუმის ხელისუფლებას ურჩევს, რომ ისრაელის რეპატრიაციის მოდელით იხელმძღვანელოს. ერჯიესმა შარშან გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით - „ისრაელის რეპატრიაციის პროექტი და მისი გამოყენება აფხაზეთში“
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური ფესვების მქონე სირიელების დაბრუნება შემაშფოთებელი არ არის და საქართველოს მოქალაქეები ამას გაგებით უნდა მოეკიდონ.